კაჭრეთის ღვთისმშობლის ეკლესია

კაჭრეთის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 1 კილომეტრზე. განეკუთვნება XX საუკუნის დასაწყისს.

ეკლესია დარბაზულია (11,5 x 7,8 მეტრზე). ნაგებია საშუალო ზომის რიყის ქვითა და აგურით. კედლები ძირითადად რიყის ქვისაა, აგურთაა გამოყვანილი კარ-სარკმელთა ღიობები, გარეთა კუთხეები და ლავგარდანი. ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია, გარედან კედლების ზედაპირი გასწორებულია ბათქაშით. დაზიანებულია: სახურავზე ალაგ-ალაგ აყრილია საფარი, მონგრეულია სამხრეთ-დასავლეთი და ჩრდილო-დასავლეთის კუთხეების ზედა ნახევარი და ლავგარდინის ნაწილი, ფასადებზე აქა-იქ ამოცვენილია საპირე ქვები.

შესასლელი ორია: დასავლეთიდან და სამხრეთიდან; ორივე კარი აგურით ნაწყობი მშვილდისებრი თაღითაა გადახურული. ეკლესია უაფსიდოა. აღმოსავლეთით დასრულებულია სწორი კედლით. ორივე მხრიდან მშვილდისებრთაროვანი სარკმელია გაჭრილი. მსგავსი სამი სარკმელია გაჭრილი ჩრდილოეთით. ხოლო ორი სამხრეთით. სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში ორი განიერი, მშვილდისებრი თაღის დასრულებული და ორი პატარა სწორკუთხა ნიშაა მოწყობილი. ორი სწორკუთხა ნიშაა ჩრდილოეთ კედელშიც. დარბაზი გადახურულია ხის კამარით. იატაკი კვადრატული აგურითაა მოგებული.

გარედან შენობის ოთხივე კუთხეს აგურით ნაწყობი, დეკორატიულად გაფორმებული პილასტრი ასდევს, რომელიც საფეხუროვანი კაპიტალითაა დასრულებული. განივი ფასადები ერთიანია, ხოლო გრძივები, საფეხურით შეღრმავებული ორ-ორი სწორკუთხა არითაა დანაწევრებული. აღოსავლეთ ფასადზე საკურთხევლის სარკმელს აგურით ნაწყობი სადა საპირე ევლება, რომლის თაღი დასრულებულია შვერილი სათაურით, მოკლე ჰორიზონტარული გადანაკეცებით ქუსლებთან. სარკმლის ზემოთ, ფრონტონის არეში, აგურით ნაწყობი ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა (ქვედა მკლავი ჩამონგრეულია). დასავლეთ ფასადზე შესასვლელი რელიეფურ სადა საპირეშია ჩასმული. ფასადზე, ფრონტონის წვერში გამოსახულია პოსტამენტზე დაყრდნობილ რელიეფური ჯვარი. კედლები დასრულებულია აგურის სამსაფეხურიანი ლავგარდნით.

ეკლესია გადახურულია თუნუქით.

ლიტერატურა რედაქტირება