კატრინ ბრეია (ფრანგ. Catherine Breillat; დ. 13 ივლისი, 1948, დე-სევრი, საფრანგეთი) — ფრანგი რეჟისორი, რომანისტი და ევროპის უმაღლესი სკოლის პროფესორი კინორეჟისურაში. ცხოვრობს პარიზში. იგი ცნობილია ფილმებში კონტრავერსიული საკითხების გაჟღერებითა და თავისი ბესტსელერი რომანებით. მისი ფილმები ხშირად იკვლევს გენდერსა და სექსუალობას. მას დაუწერია სცენარები ისეთი რეჟისორებისათვის, როგორებიც არიან მორის პიალა (პოლიცია“, 1985), ფედერიკო ფელინი („და ნავმა გაცურა“, 1983), ლილიანა კავანი („კანი“, 1981) და სხვები.

კატრინ ბრეია
დაბადების თარიღი 13 ივლისი, 1948
დე-სევრი, საფრანგეთი
საქმიანობა რეჟისორი, რომანისტი, სცენარისტი

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

ბრეია დე-სევრში დაიბადა და ნიორში გაიზარდა. 12 წლის ასაკში, ინგმარ ბერგმანის „მასხრების საღამოს“ ყურების შემდეგ, გადაწყვიტა, რომ მწერალი და რეჟისორი გამხდარიყო.

ბრეიამ კარიერა პარიზში, ივეტ ფიურეს „Studio d'Entraînement de l'Acteur“-ში სამსახიობო ტექნიკის შესწავლით დაიწყო. 17 წლის ასაკში გამოაქვეყნა თავისი პირველი რომანი, სახელწოდებით „მარტივი კაცი“. საფრანგეთის ხელისუფლებამ ის 18 წლამდე ასაკის მკითხველისათვის დაბლოკა.

კინო-კარიერა და სტილი რედაქტირება

1972 წელს, როგორც მსახიობს, დებიუტი ჰქონდა ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმში „უკანასკნელი ტანგო პარიზში“, სადაც ასევე მისი და, მარი-ჰელენიც თამაშობს.

1976 წელს ბრეიამ თავისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი, თავისი მეოთხე რომანის ადაპტაცია გადაიღო, სახელწოდებით „ნამდვილი გოგონა“ (Une vraie jeune fille). პროდუსერების გაკოტრებისა და ფილმის ნუდისტური კონტენტის გამო, რამაც მისი დაბლოკვა გამოიწვია, ის მხოლოდ ოცი წლის შემდეგ, 2000 წელს გამოვიდა.

2007 წელს, მისმა ფილმმა, სახელწოდებით „საიდუმლო საყვარელი“, მსოფლიოს მასშტაბით კრიტიკოსებისა და მაყურებლების დიდი მოწონება დაიმსახურა. ფილმი მეცხრამეტე საუკუნეში მცხოვრები ფრანგი ავტორის, ჟულ ამედე ბარბე დ'ორევილის ცხოვრებას ეფუძნება. ფილმის შესახებ ბრეია ამბობს: „არიან ადამიანები, რომლებსაც ვძულდი, ახლა კი ამბობენ, რომ კი, ახლა მართლა ძალიან კარგი ფილმი გადავიღე, რომ, თურმე, დავმშვიდდი. მაგრამ არა, არ დავწყნარებულვარ! ისინი ცდებიან. არასწორი ადამიანები ყოველთვის არასწორებად დარჩებიან.“[1]

ბრეია ქალების სექსუალობას იკვლევს, ფილმებში მთავარ როლებს ქალები ასრულებენ და ნარატივიც მათ გარშემო მიმდინარეობს. მაყურებელი მოვლენებს ქალების თვალებიდან აკვირდება. ფილმებში ბრეია ხშირად კონცენტრირდება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პირველი სექსი („ნამდვილი ახალგაზრდა გოგო“, 1976; „36 ზომის ქალიშვილი“, 1988), მაზოხიზმი (რომანი, 1999), რომანტიკული ურთიერთობა ხანშიშესულ ქალსა და ახალგაზრდა კაცს შორის („იდეალური სიყვარული!“, 1996; „მოკლე გადაკვეთა“, 2001).

კატრინ ბრეიას კინოზე გავლენა მოახდინა იტალიურმა ნეორეალიზმმა.

2014 წელს მან თავისი საყვარელი ფილმები ჩამოთვალა: „ვანდა“ (1970, რეჟ. ბარბარა ლოდენი), „პერსონა“ (1966, რეჟ. ინგმარ ბერგმანი), „პატარა თოჯინა“ (1956, რეჟ. ელია კაზანი), „ივან IV მრისხანე“ (1944, რეჟ. სერგეი ეიზენშტეინი), „გრძნობათა იმპერია“ (1976, რეჟ. ნაგისა ოსიმა), „მეტროპოლისი (1927, რეჟ. ფრიც ლანგი), დაკარგული გზა“ (1997, რეჟ. დევიდ ლინჩი), „მკვლელობის განზრახვა“ (1964, რეჟ. სოჰეი იმამურა).[2]

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1976 „ნამდვილი ახალგაზრდა გოგო“ Une Vraie Jeune Fille რეჟისორი, სცენარისტი
1979 „ღამის ხმაური“ Tapage nocturne რეჟისორი, სცენარისტი
1969 „შავი მილანი“ Milan Noir სცენარისტი
1988 „36 ზომის ქალიშვილი“ 36 Fillette რეჟისორი, სცენარისტი
1991 „ანგელოზივით ბინძური“ Sale comme un ange რეჟისორი, სცენარისტი
1993 „წყვილები და საყვარლები“ Couples et amants რეჟისორი, სცენარისტი
1996 „იდეალური სიყვარული!“ Parfait amour! რეჟისორი, სცენარისტი
1999 „რომანი“ Romance X რეჟისორი, სცენარისტი
2001 „მსუქანი გოგო“ À ma sœur! რეჟისორი, სცენარისტი
2001 „მოკლე გადაკვეთა“ Brève traversée რეჟისორი, სცენარისტი
2002 „სექსი კომედიაა“ Sex Is Comedy რეჟისორი, სცენარისტი
2004 „ჯოჯოხეთის ანატომია“ Anatomie de l'enfer რეჟისორი, სცენარისტი
2007 „საიდუმლო საყვარელი“ Une vieille maîtresse რეჟისორი, სცენარისტი
2009 „ლურჯწვერა“ Barbe bleue რეჟისორი, სცენარისტი
2010 „მძინარე მზეთუნახავი“ La belle endormie რეჟისორი, სცენარისტი
2013 „სისუსტით სარგებლობა“ Abus de faiblesse რეჟისორი, სცენარისტი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება