კასპის ნაქალაქარი და სამაროვანი
ნაქალაქარი კასპი და სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის ქალაქ კასპში, დასავლეთით, ქალაქის ცენტრიდან 2 კილომეტრზე. დასავლეთით ესაზღვრება კოწახურას ხევი, სამხრეთით კასპი-მეტეხის საავტომობილო გზა, ჩრდილოეთით ძლევის ქედისა და საზღვარა გორას კლდოვანი ფერდობები, აღმოსავლეთით ავტოსამეურნეო კანტორის სავარგულები. ფართობი 60 ჰექტარია. ნაქალაქარის ტერიტორიაზე გათხრებსა და არქეოლოგიურ კვლევას ატარებს, არქეოლოგიური კვლევის ცენტრი (ხელმძღვანელი გ.ცქიტიშვილი).
განათხარი უბანი თარიღდება IV-V საუკუნით. გაითხარა ქალაქის ერთი ნაწილი, სწორხაზოვანი ქუჩა და მის ორივე მხარეს განლაგებული ნაგებობები. ქუჩა უსწორმასწორო ქვის ფილებითაა მოგებული. მის დასავლეთ მხარეს გაიწმინდა 6 სათავსი, აღმოსავლეთისაზე 4. შენობები ნაგებია ნატეხი ქვითა და ტალახით. ერთ-ერთ სათავსში აღმოჩნდა ორ რიგად ჩადგმული 6 დიდი ზომის ქვევრი, რომლებსაც ქვისაგან გამოთლილი სარქველები ეხურათ. სახლები გადახურული ყოფილა როგორც კრამიტით, ისე ბანურად. გაუთხრელ უბნებზე უხვად იპოვება კრამიტის და ჭურჭლის ნატეხები, დანგრეული კედლების ქვები, დამწვარი ნაცროვანი ფენები და ასეშემდეგ. საცდელი თხრილებით დაიფარა თითქმის მთელი ნაქალაქარი და ყველაგნ გამოვლინდა შენობათა ნანგრევები. განათხარ ფართობზე იპოვება სამტუჩა ყელწიბოიანი დოქები, ორყურა ჭურჭელი, ქოთნები, ბრტყელი და ღარისებრი, წითლად შეღებლი კრამიტი და სხვა.
ნაქალაქარის სამხრეთ ნაწილში, კოწახურას ხევის აღმოსავლეთით 800 მეტრზე, კასპი-მეტეხის საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, გზიდან 50 მეტრის დაშორებით მდებარეობს სამაროვანი, რომელიც თარიღდება III-IV საუკუნით. სამაროვანზე გაითხარა 11 ქვაყუთი. ქვაყუთის გრძივი კედლები ამოყვანილია უხეშად დამუშავებული ორ-ორი ქვით. ყველა ქვაყუთი საოჯახოა. თითოეულში ორიდან ოთხამდე მიცვალებულია დაკრძალული ქრისტიანული წესით. ინვენტარიდან აღსანიშნავია ბრინჯაოს ანთიმონნარევი სარკე, ოქროსა და გიშრის მძივები. სამარხთა მეორე ჯგუფი მცირე ზომის ქვაყუთებისგან შედგება. მათი ყოველი გვერდი თითო ქვით არის აგებული. ქვებზე ამოყვანილია ნარიმანდები. სამარხში აღმოჩნდა მხოლოდ მავთულის საყურეები და გიშრის მძივები.
ლიტერატურა
რედაქტირება- გვეტაძე ჯ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 134.