კასპის მთავარანგელოზის ეკლესია

კასპის მთავარანგელოზის ეკლესია – ეკლესია კასპის სამხრეთ-დასავლეთით სამ კილომეტრზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (10,7 X 5 მ), დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე, ნაგებია სხვადასხვა ზომისა და ფორმის რუხი ფერის ნატეხი ქვით, გამოყენებულია შირიმის ქვაც. სარკმლის საპირები მოცისფრო ქვისაა. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი შიგნიდან არქიტრავულია, გარედან - თაღოვანი. ნალისებრი აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის ჩრდილოეთით ორი ნიშია, სამხრეთით - ერთი. კამარა ეყრდნობა ორსაფეხურიან პილასტრებზე დადგმულ საბჯენ თაღს. პილასტრები დასრულებულია სადა იმპოსტებით. პილასტრების პირველ საფეხურებს კედლის მიმდებარე დეკორატიული თაღები ეყრდნობა. სამხრეთ კედელში გაჭრილია ორი ფართო თაღოვანი სარკმელი. ეკლესია შიგნიდან მთლიანად შელესილია. შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის საპირე მორთულია წრეში ჩაწერილი ჯვრებით. სათაურის ჩუქურთმა დაზიანებულია. სარკმლის თავზე იყო რელიეფი, რომელიც ბათქაშითაა დაფარული. ეკლესიას თაროსებრი ლავგარდანი ჰქონია.

ეკლესიაზე სამხრეთიდან მიშენებულია ოთხსართულიანი კოშკი (9,9 X 3,35 მ), რომელიც უფრო მცირე ზომის ქვებითაა ნაგები, ვიდრე ეკლესია. კოშკის პირველი სართული ეკლესიის სამლოცველოს წარმოადგენს. შესასვლელი სამხრეთიდანაა, მეორე სართულის დონეზე. ნახევარწრიულ აფსიდში ორი თაღოვანი სარკმელია, აღმოსავლეთის სარკმელი ვიწროა, დასავლეთისა - უფრო ფართო. სართული გადახურულია საბჯენ თაღებზე დაყრდნობილი კამარით. კოშკის ზედა სართულები საცხოვრებელი და სათავდაცვო დანიშნულებისაა. მეორე და მესამე სართულის კედლებში სათოფურები, ფართო ოთხკუთხა სარკმლები და ორ-ორი ბუხარია. მეოთხე სართული, რომელიც გაერთიანებული იყო ეკლესიაზე დაშენებულ სათავსთან, წარმოადგენდა გახსნილ საბრძოლო ბანს.

ლიტერატურა

რედაქტირება