კასპის აკლდამები

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში

კასპის აკლდამები — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის ქალაქ კასპში, დასავლეთით 1 კილომეტრზე, მტკვრის ხეობაში. წარმოადგენს 10-15 მეტრი სიმაღლის კირქვის კონცხებში გამოკვეთილ ძლიერ დაზიანებულ გამოქვაბულთა ცალკეულ ჯგუფს. შემორჩენილია თითქმის სრულად 4 აკლდამა, 3 კლდის ერთ მასივშია გამოკვეთილი, 1 აღმოსავლეთით ორასიოდე მეტრზეა. აკლდამები მიწის ზედაპირიდან 3-5 მეტრითაა შემაღლებული, გამოკვეთილია ლითონის ოთხწახნაგა იარაღით, საკმაოდ სუფთად. მათი სტრუქტურა ძირითადად ტიპურია.

პირველი აკლდამის და მეორე აკლდამის სამხრეთ კამარები გეგმით კუთხემომრგვალებულ კვადრატს უახლოვდება, ჭერი შეისრული კამარისებრია. ორივე სათავსის დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში მიცვალებულის დასასვენებელი ნიში-თაროები. კამერების წინ ღია კარიბჭეა, რომლებშიც გაჭრილია კარი. ასეთივე კარიბჭე აქვს მესამე აკლდამას. ამ აკლდამაში ნიში თაროები არ არის. მეოთხე აკლდამას კარიბჭე არ აქვს.

აკლდამაში ნიში-თაროების დამხრობა ნებისმიერია, რაც დამარხვის არაქრისტიანულ წესზე მიგვანიშნებს. მსგავსი აკლდამები საქართველოში ჯერ არარის მიკვლეული. აკლდამები სტრუქტურუით ოდნავ განსხვავდება აქემენიდური, პართული და სასანური ხანის ირანული აკლდამებისგან. შეისრული ჭერი და კვეთის ტექნიკა საერთოს პოულობს გვიანდელი ანტიკური, აგრეთვე ადრინდელი ფეოდალური ხანის ქართული კლდის ხუროთმოძღვრების ტრადიციებიდან. პარალელული მასალისა და ისტორიული ფაქტების გათვალისწინებით აკლდამები თარიღდება გვიანდელი ანტიკური ხანით ან IV-VI საუკუნით.

ლიტერატურა

რედაქტირება