კაროლინა კატარინა მიულერი (C. C. Catch; გერმ. Caroline Catharina Müller; ინგლ. Caroline Catherine Müller; დ. 31 ივლისი, 1964, ოსი (ჩრდილოეთი ბრაბანტი, ნიდერლანდები) — ჰოლანდიური წარმოშობის გერმანელი მომღერალი. სიმღერებს ასრულებს ინგლისურ ენაზე პოპის და დისკოს სტილში. 2007 წლიდან ცხოვრობს ლონდონში. ცნობილია თავისი თანამშრომლობით დიტერ ბოლენთან 1980-იან წლებში.[1]

კაროლინა მიულერი
ინგლ. C. C. Catch

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 31 ივლისი, 1964 (1964-07-31) (60 წლის)
დაბ. ადგილი Oss
ჟანრ(ებ)ი პოპი, სინთპოპი
საქმიანობა მომღერალი
ლეიბლ(ებ)ი Hansa Records
საიტი cccatch.de
კაროლინა მიულერი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

C. C. Catch დაიბადა 1964 წლის 31 ივლისს ნიდერლანდებში, გერმანელი მშობლების ოჯახში. 1970 წელს ოჯახთან ერთად გადავიდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. მშობლებმა ბავშვობიდანვე შენიშნეს მისი ტალანტი და ეხმარებოდნენ სურვილის ასრულებაში — გამხდარიყო ცნობილი მომღერალი. განსაკუთრებული წვლილი მის წარმატებულ კარიერაში მამამ შეიტანა, რადგან შვილის მენეჯერი და ტურ-მენეჯერი იყო.

ადრეული ასაკიდან მონაწილეობდა ტალანტების კონკურსებში ფსევდონიმით Carol Dean და თავიდან მღეროდა გერმანულ, საბავშვო გოგონების კვარტეტში „Optimal“.

მუსიკალური კარიერა

რედაქტირება

მიულერი დიტერ ბოლენმა აღმოაჩინა ერთ-ერთი გამოსვლის დროს ჰამბურგში. მანვე მისცა სასცენო ფსევდონიმი C. C. Catch და გაუფორმა კონტრაქტი. 1985 წლის ივლისში გამოვიდა სადებიუტო სინგლი „I Can Lose My Heart Tonight“, რომელმაც საერთაშორის ასპარეზზე წარმატება მოიპოვა. ისინი ერთად მუშაობდნენ 1989 წლამდე. ამ დროის განმავლობაში გამოიცა თორმეტი სინგლი და ოთხი ალბომი. აქედან 8 სინგლი შევიდა ტოპ-20-ეულში, ხოლო ერთი ალბომი — ტოპ-10-ეულში. კაროლინას უნდოდა მეტი პირადი წვლილის ჰქონოდა თავის სიმღერებში, მაგრამ ბოლენი ამის წინააღმდეგი იყო. შედეგად, 1989 წელს ისინი დაშორდნენ, მაგრამ კაროლინას რამდენიმე სასამართლო დასჭირდა, რომ თავისი სასცენო ფსევდონიმი კანონიერად დაემტკიცებინა.

ესპანეთის საახალწლო გადაცემაში მონაწილეობის დროს კაროლინა მიულერმა გაიცნო ჯორჯ მაიკლის ყოფილი მენეჯერი („Wham!“-ის პერიოდში) საიმონ ნაპიერ-ბელი, რომელიც მალე გახდა C. C. Catch-ის მენეჯერი და გაფორმდა მისი კონტრაქტი „Metronome“-ის შვილობილ კომპანიასთან. ლეიბლთან თანამშრომლობის პერიოდში პირველი და ერთადერთი ალბომი „Hear What I Say“ გამოვიდა 1989 წლის ბოლოს. მუშაობდა სხვადასხვა პროდიუსერთან, მათ შორის, „Duran Duran“-ის ყოფილ გიტარისტ ენდი ტეილორთან. 1989 წელს გამოვიდა სინგლი „Big Time“, ასევე სინგლი „Midnight Hour“.

ამის შემდეგ C. C. Catch დაშორდა Metronome-ს კარგი პირობებით, რათა პაუზა აეღო მუსიკალური ინდუსტრიიდან. ამ პერიოდში ვარჯიშობდა იოგაში, მედიტაციაში და ოპიენტირებული იყო სულიერ ზრდაზე. ამასთანავე, მან საკუთარი სიმღერების წერა დაიწყო.

1991 წლის ზაფხულში მომღერალი პირველად მოხვდა საბჭოთა კავშირში — გამოვიდა საქველმოქმედო კონცერტზე მოსკოვში, რომელიც ჩერნობილის კატასტროფას ეძღვნებოდა. 10 წლის შემდეგ ის კვლავ ეწვია მოსკოვს და მონაწილეობა მიიღო საახალწლო გადაცემაში.[2]

2003 წელს გადავიდა გერმანიაში და ჩაწერა თავისი სინგლი „Shake Your Head 2003“, მომდევნო წელს კი გამოვიდა სინგლი „Silence“, რომელმაც გერმანიის ჩარტებში 47-ე ადგილი დაიკავა. 2010 წელს მომღერალმა გამოუშვა სინგლი „Unborn Love“ ხუან მარტინესთან ერთად. 2014 წელს კი დუეტი ჩაწერა კრის ნორმანთან, სახელწოდებით „Another Night In Nashville“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება