კარენ ჰორნი
კარენ ჰორნი (ინგლ. Karen Horney; დ. 16 სექტემბერი, 1885 — გ. 4 დეკემბერი, 1952) — გერმანელ-ამერიკელი ფსიქოლოგი. იზიარებდა ფსიქოანალიზის ძირითად იდეებს, თუმცა გარკვეულ საკითხებში მისი შეხედულებები ფსიქოანალიზის ფუძემდებლის, ზიგმუნდ ფროიდის მოსაზრებებს არ თანხვდებოდა. კერძოდ, ჰორნის მიაჩნდა, რომ ფროიდის დამოკიდებულება პიროვნებისადმი გადაჭარბებულად ბიოლოგიურ, მექანიკურ ხასიათს ატარებდა, რაც, თავის მხრივ, ფსიქოანალიზის შესაძლებლობებს აქვეითებდა. ის პიროვნების ფორმირების პროცესში ყურადღებას სოციალური გარემოს როლზე ამახვილებდა. ადამიანის მოტივაციის საფუძვლად კი შფოთვის გრძნობას განიხილავდა, რომელიც პიროვნებას უსაფრთხოებისა და თვითრეალიზაციის მისაღწევად წარმართავდა. ჰორნი ფუნდამენტურად მიიჩნევდა ფროიდის შრომებს ფსიქიკური დეტერმინიზმის, არაცნობიერის, ირაციონალური მოტივების შესახებ. ისევე როგორც ფროიდი, კარენ ჰორნიც ბავშვობაში განცდილ მოვლენებს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა. თუმცა, მისი აზრით, ოიდიპოსის კომპლექსი გამოწვეულია არა შვილსა და მშობელს შორის გაჩენილი სექსუალურ-აგრესიული კონფლიქტით, არამედ შფოთვით, რომელიც ჩნდება ბავშვისა და მშობლის ურთიერთობის დარღვევისას (მაგ.: დასჯისას, გადაჭარბებული ზრუნვისას, უარყოფისას). ჰორნის აზრით, აგრესია თანდაყოლილი კი არ არის, არამედ ის საკუთარი უსაფრთხოების დაცვის საშუალებას წარმოადგენს.
ჰორნისათვის ერთ-ერთი უმთავრესია ბაზალური შფოთვის გაგება. ის განისაზღვრება, როგორც
იზოლაციისა და დაუცველობის გრძნობა, რომელიც ბავშვს უჩნდება პოტენციურად მტრულად განწყობილ სამყაროში. დაუცველობის ეს განცდა შესაძლებელია გარემოს ბევრი მავნე ფაქტორის გაჩენის მიზეზი გახდეს: პირდაპირი და არაპირდაპირი დომინირების, ინდიფერენტულობის, არასტაბილური ქცევის, ბავშვის ინდივიდუალური მოთხოვნილებების არასაკმარისი პატივისცემის, რეალური ხელმძღვანელობის უკმარისობის, გადაჭარბებული აღფრთოვანებისა ან მისი სრული არარსებობის, თბილი დამოკიდებულების უკმარისობის, იძულების, რომ მშობლების ჩხუბისას რომელიმე მათგანის მხარე დაიჭიროს, ზედმეტად დიდი ან ზედმეტად მცირე პასუხისმგებლობის, გადაჭარბებული პროტექციის, სხვა ბავშვებისგან იზოლირებს, უსამართლობის, დისკრიმინაციის, პირობების შეუსრულებლობის, მტრული ატმოსფეროსა და ა.შ. (1945, გვ. 41)
ზოგადად, ყველაფერი, რაც კი არღვევს ბავშვის უსაფრთხოებას მშობლებთან ურთიერთობისას, შფოთვის წყაროდ იქცევა. შფოთვიან,უსაფრთხოების განცდის არმქონე ბავშვს იზოლაციისა და დაუცველობის გრძნობის სამართავად მრავალფეროვანი სტრატეგიები უმუშავდება. ის შეიძლება გახდეს მტრულად განწყობილი, რათა გაუსწორდეს მათ, ვინც მას ცუდად ეპყრობოდა; ან გახდეს ძალიან დამჯერი, რათა დაიბრუნოს სიყვარული, რომლის დანაკლისსაც ის განიცდის. შეიძლება ბავშვს განუვითარდეს არარეალისტურ-იდეალიზებული თვით-ხატი არასრულფასოვნების გრძნობის კომპენსირებისთვის. ან მას საკუთარი თავის მიმართ სიბრალულის გრძნობა გაუჩნდეს, რათა ამ ფორმით მოიპოვოს თანაგრძნობა. შესაძლებელია ამ სტრატეგიებიდან რომელიმე მათგანზე მოხდეს ფიქსაცია. პიროვნების დინამიკაში კონკრეტულმა სტრატეგიამ შეიძლება ლტოლვის ან მოთხოვნილების ხასიათი მიიღოს. ჰორნი მათ ნევროტულ მოთხოვნილებებს უწოდებს, რადგან ისინი ირაციონალურ ნიადაგზე აღმოცენდება და გამოყოფს ათ სახეს:
- სიყვარულისა და მოწონების ნევროტული მოთხოვნილება.
- პარტნიორი-მეურვის ყოლის ნევროტული მოთხოვნილება.
- ცხოვრების ვიწროდ შემოსაზღვრის ნევროტული მოთხოვნილება.
- ძალის (ძალაუფლების) ნევროტული მოთხოვნილება.
- სხვათა ექსპლუატირების ნევროტული მოთხოვნილება.
- საკუთარი პიროვნული მნიშვნელობის აღიარების ნევროტული მოთხოვნილება.
- აღფრთოვანების ობიექტად ყოფნის ნევროტული მოთხოვნილება.
- პირადი მიღწევებისაკენ სწრაფვის ნევროტული მოთხოვნილება.
- თვითკმარობისა და დამოუკიდებლობის ნევროტული მოთხოვნილება.
- სრულყოფილების, უნაკლოების ნევროტული მოთხოვნილება.
შედარებით გვიან შრომებში ჰორნი ამ მოთხოვნილებებს 3 ჯგუფში ათავსებს:
- მოძრაობა ადამიანებისკენ - მაგ.: სიყვარულის მოთხოვნილება.
- მოძრაობა ადამიანებისგან - მაგ.: დამოუკიდებლობის მოთხოვნილება.
- მოძრაობა ადამიანთა საწინააღმდეგოდ - მაგ.: ძალაუფლების მოთხოვნილება.
მაშინ, როდესაც ჯანმრთელი ადამიანი არსებული კონფლიქტების მოგვარებას ამ სამი მიმართულების ინტეგრაციით ახერხებს, ნევტორული ადამიანი ირაციონალურ და არაბუნებრივ გზებს მიმართავს.
ლიტერატურა
რედაქტირება- C.S.Hall, G.Lindsey. Theories of Personality