კალოუბნის წმინდა გიორგის ეკლესია
კალოუბნის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია, მდებარეობს მცხეთის ჩრდილოეთით, 5 კილომეტრზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, მაღალი მთის თხემზე, მცხეთა-შიომღვიმის საავტომობილო გზის მახლობლად. ეკლესია აგებულია XII საუკუნეში. 1975 წელს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები.
ეკლესია დარბაზულია (4,51 X 2,72 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. დასავლეთით მასზე მიდგმულია კოშკისებრი ორსართულიანი ნაგებობა, რომლის ცილინდრული კამარით გადახურული პირველი სართული ეკლესიის კარიბჭის როლს ასრულებს. მინაშენს სამხრეთიდან აქვს შესასვლელი. პირველი სართულის ჩრდილოეთ ნაწილში მეორე სართულზე (სამრეკლოზე) ასასვლელი სწორკუთხა ხვრელობია.
ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდანაა, ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო თაღოვანი ნიშია. საკურთხეველი გამოყოფილია აგურის კანკელით. სატრაპეზოს ქვის წყობაში ჩატანებულია სტელის ფრაგმენტი (ადრინდელია). აქვეა ქვის ემბაზი. სამხრეთ კედელში ერთი სარკმელია. შესასვლელის თავზე გაჭრილი სარკმელი მინაშენის მეორე სართულის სათავსში გადის.
ეკლესია მთლიანად მოუხატავთ XII საუკუნეში. დარბაზის კამარაში გამოსახულია მედალიონში ჩასმული ჯვარი. დარბაზის და საკურთხევლის მოხატულობა იყოფა ორ რეგისტრად. იატაკსა და ქვედა რეგისტრს შორის გავლებულია მარმარილოს იმიტაციის ფართო ზოლი. აფსიდის კონქში გამოსახულია ვედრება. დარბაზის მხატვრობის ზედა რეგისტრში სადღესასწაულო ციკლის ხუთი სცენაა ასახული: დასავლეთის კედელზე - ხარება, ჩრდილოეთის კედელზე - შობა, მირქმა, სამხრეთის კედელზე - ნათლისღება და ფერისცვალება. ქვედა რეგისტრში წარმოდგენილია წმინდანთა სადიდებელი კომპოზიციები. დასავლეთის კედლის ქვედა რეგისტრის დიდი ნაწილი თეთრ ცხენზე მჯდომ ტრიუმფატორ წმინდა გიორგის ფიგურას უჭირავს. მის მარცხნივ დარჩენილი ვიწრო ზოლი დაყოფილია სამ რეგისტრად. თითოეულში წმინდა დედათა ნახევარფიგურებია. ასეთივე პრინციპითაა დაყოფილი ჩრდილოეთ კედლის ქვედა რეგისტრი - დიდი ნაწილი აქ წაბლა ცხენზე მჯდომ წმინდა თევდორეს ფიგურას უკავია, ხოლო მარჯვენა მხარეს ვიწრო ზოლად სამ რეგისტრში წმინდა მამათა ნახევარფიგურებია. სამხრეთის კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში წარმოდგენილია წმინდა გიორგი პატრიცის სახით, ხოლო დასავლეთ მონაკვეთში - წმინდა დიმიტრი. მათ შორის სარკმლის ქვეშ მოთავსებულია წმინდა დედის ნახევარფიგურა.
მხატვრობა მონუმენტური და მშვიდია, მაგრამ შეიმჩნევა დეკორაციულ-დინამიკური სტილისაკენ გადახრა (რეგისტრებს შორის შეუთანხმებლობა, გამოსახულებათა სხვადასხვა მასშტაბი, ფიგურათა სხვადასხვაგვარი შეთანხმება სივრცესთან, თავისუფალი ადგილების შევსება ნახევარფიგურებით). ხაზი მოძრავი და დენადია. კოლორიტი გამოირჩევა დახვეწილი ფერადოვანი გამით - ვარდისფერი, ცისფერი, თეთრი, ბაცი მწვანე ფერები შეხამებულია მოწითალო ყავისფერთან.
ფოტოგალერეა
რედაქტირება-
კალოუბნის წმინდა გიორგის ეკლესია
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 243-244.
- ბულია მ., ჯანჯალია მ., ხოშტარია დ., 2006: საქართველოს ძველი ქალაქები, მცხეთა, თბილისი, გვ.91;
- Привалова Е., 1979: Роспись церкви Георгия Калоубанского близ Мцхета, „ქართული ხელოვნება“, 8 (სერია A), თბილისი;
- Шмерлинг Р., Долидзе В., Барнавели Г., 1960: Окрестности Тбилиси, Тбилиси, ст. 34.