კალისტრატე ქუთათელაძე
კალისტრატე ქუთათელაძე (დ. 1909, სოფ, ივანდიდი, ხონის რაიონი. — გ. 1983) — ქართველი ქიმიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი 1967 წლიდან. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი 1952 წლიდან, პროფესორი 1953 წლიდან, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე 1958 წლიდან, სილიკატების დარგის სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი საქართველოში.
1932 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის ქიმიურ-ტექნოლოგიური ინსტიტუტი. 1935 წლიდან მუშაობდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სილიკატების ტექნოლოგიურ კათედრაზე. 1942 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო ამავე კათედრის გამგე, 1958-1973 წლებში კი საქართველოს საშენ მასალათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დამაარსებელი და დირექტორი იყო (1990 წლიდან ინსტიტუტი კალისტრატე ქუთათელაძის სახელობისაა). ქუთათელაძის ძირითდი შრომები ეხება სილიკატების ქიმიას. დამუშავებული აქვს ახალი ტიპის ცემენტის, კერამიკის, მინის, ნახევრად გამტარული და დიელექტრიკული მასალების ტექნოლოგია. მას ასევე მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე დაარსებული კალისტრატე ქუთათელაძის სახელობის სტიპენდია. დაკრძალულია საბურთალოს პანტეონში. თბილისში არის კალისტრატე ქუთათელაძის ქუჩა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 900, ISBN 99928-20-32-2.