კავკასიის მუზეუმი
კავკასიის მუზეუმი, კავკასიური მუზეუმი — მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთი კერა საქართველოსა და ამიერკავკასიაში 1852-1919 წლებში. კავკასიის მუზეუმი, როგორც კომპლექსური სამხარეთმცოდნეო დაწესებულება, დაარსდა რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილებასთან (რგსკგ) მწერალ ვლადიმერ სოლოგუბის ინიციატივით. მის შექმნაში მონაწილეობდნენ რუსი და ქართველი მოღვაწეები (ადოლფ ბერჟე, ი. ბარტოლომეი, ნიკოლოზ ხანიკოვი, ალექსანდრე ნიკოლაი, გრიგოლ ორბელიანი, დიმიტრი ყიფიანი, გიორგი ერისთავი, რაფიელ ერისთავი და სხვა). 1853 წლის დამდეგს რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილებამ აირჩია კავკასიის მუზეუმის დირექცია (დირექციის თავმჯდომარე ა. ნიკოლაი, ერთ-ერთი დირექტორი ვ. სოლოგუბი, ზედამხედველი ა. ბერჟე).
კავკასიის მუზეუმს ჰქონდა 3 კაბინეტი: ეთნოგრაფიული, ისტორიული და საბუნებისმეტყველო. ეთნოგრაფიული კაბინეტის მოწყობაში დიდი წვლილი შეიტანა რაფიელ ერისთავმა (მოაწესრიგა ეთნოგრაფიული მასალა, დაიწყო ეთნოგრაფიული კატალოგის შედგენა). კავკასიის მუზეუმისთვის გამოყოფილი სახსრების სიმცირის გამო სამუზეუმო კოლექცია ივსებოდა უმთავრესად შეწირულებათა გზით. არსებობის პირველ წელს კავკასიის მუზეუმს ჰქონდა მცირე კოლექცია (105 საგანი — ტანსაცმელი, ავეჯი, იარაღი, ჭურჭელი, სამკაული, მუსიკალური საკრავები, ძვ. ფულები, მემორიალური ნივთები, ეგვიპტის მუმია, მინერალები და სხვა). შეძენილ ექსპონატებს მეცნიერები სწავლობდნენ. 1855 წლის სექტემბერში გაიხსნა პირველი გამოფენა. 1859 წელს საბუნებისმეტყველო კაბინეტის კონსერვატორა (მცველად) მოიწვიეს ფრიდრიხ ბაიერნი. მისი ხელმძღვანელობით მასალების შესაკრებად ეწყობოდა ექსპედიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, რის შედეგადაც ფონდებს 28600 ექსპონატი შეემატა (მუზეუმის სივიწროვის გამო ბაიერნის კოლექციების დიდი ნაწილი ინახებოდა მის ბინაზე). რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილებაში სამუზეუმო საქმის საკითხში იმხანად ერთმანეთს უპირისპირდებოდა ორი თვალსაზრისი, ერთი თვლიდნენ, რომ საქართველოში სამუზეუმო საქმის განვითარებისათვის ყველა პირობა არსებობდა (ამ თვალსაზრისს იცავდა რ. ერისთავი), სხვები მიიჩნევდნენ, რომ კავკასიის მუზეუმი უნდა დახმარებოდა დასავლეთის მეცნიერებს კავკასიის გაცნობაში და ექსპონატებით შეევსო ევროპის მუზეუმების ფონდები. თანდათან გაიმარჯვა მე-2 თვალსაზრისმა (მისი მთავარი გამომხატველი იყო ბარტოლომეი, რომელიც სოლოგუბის წასვლის შემდეგ, 1855 წლიდან, კავკასიის მუზეუმის დირექტორად დაინიშნა). კავკასიის მუზეუმის დირექცია ჯეროვანი ყურადღებით აღარ ეკიდებოდა ახალ ექსპონატების შეძენას. მაგ., 1857 წელს მან უარი თქვა შეეძინა მიხეილ ბარათაშვილის ნუმიზმატიკური კოლექცია, რომელიც შემდეგ ბერლინის მუზეუმში მოხვდა. რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილებამ გააუქმა კავკასიის მუზეუმის დირექცია და, არსებითად, მუზეუმის ხელმძღვანელობა ი. ბარტოლომეის დაეკისრა. 1864 წელს კავკასიის მუზეუმი დაიხურა.
კავკასიის მუზეუმი აღდგენილ იქნა 1865 წელს გუსტავ რადეს ინიციატივით. მუზეუმს გადაეცა ადრინდელი კავკასიის მუზეუმის კოლექციები (173 ისტორიულ-ეთნოგრაფიული და 3 ათასამდე გეოლოგიური და მინერალოგიური ექსპონატი). ამას შეემატა რადეს მიერ 1864-1866, მოგზაურობათა დროს, მოპოვებული ექსპონატები. კავკასიის მუზეუმმა გაცხოველებული ურთიერთობა დაამყარა უცხოეთის მუზეუმსა და სამეცნიერო დაწესებულებებთან. 1867 წლის 2 ივლისს კავკასიის მუზეუმი საზეიმოდ გაიხსნა. ჰქონდა 4 განყოფილება:ეთნოგრაფიის, ზოოლოგიის, ბოტანიკისა და გეოლოგიის, შემდეგ დაემატა მე-5 „ორნამენტებისა და სიძველეთა“ (მოგვიანებით არქეოლოგიის) განყოფილება. 1865-1867 წლებში შენაძენთა შორის აღსანიშნავია პასტორ ჰოჰენაკერის კავკასიის მცენარეთა დიდი ჰერბარიუმი, ბუნებისმეტყველ სტევების ქართული მუხების კოლექცია, მცხეთის მახლობლად ნაპოვნი თლილი ქვა რომის იმპერიის ვესპასიანეს წარწერით. 1868 წელს შეემატა ბაიერნის კოლექცია. 1869 წელს მუზეუმის დირექციას დაექვემდებარა თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა. 1881 წელს გაიხსნა ახალი გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო საბუნებისმეტყველო და ეთნოგრაფიის ექსპონატები, ქართულ მასალასთან ერთად — კავკასიელ და სხვა მეზობელ ხალხთა მასალაც. გამოფენის გახსნა დაემთხვა თბილისში მოწვეულ მე-5 საერთაშორისო არქეოლოგიური კონგრესის გახსნას და კავკასიის მუზეუმს გადაეცა 1879 წელს — 81 არქეოლოგიური გათხრებით მოპოვებული მასალა; ხოლო 1889 წელს თბილისში მოწყობილი სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო გამოფენის დახურვის შემდეგ — იქ გამოფენილი შინამრეწველობის საგნები. 80-იან წლებში შეიძინეს ფოტოგრაფ დიმიტრი ერმაკოვის კოლექციის ნაწილი. რამდენიმეჯერ დაიბეჭდა კავკასიის მუზეუმის გზამკვლევარი, გამოიცა კატალოგის „Museum Caucasicum“ 6 ტომი, პერიოდულად ქვეყნდებოდა მუზეუმის „მოამბე“. XX საუკუნის დამდეგის არქეოლოგიურ შენაზენთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე. წ. ახალგორის განძი და ურარტული ლურსმულ-წარწერებიანი ქვების დიდი კოლექცია. 1911 წელს კავკასიის მუზეუმი დაიხურა შენობის ავარიულობის მიზეზით და იქვე დაიწყო ახალი შენობის აგება, მაგრამ ქვეყნის მძიმე მდგომარეობის გამო მშენებლობა შეჩერდა.
1919 წლის აგვისტოში დაარსდა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო კავკასიის მუზეუმის ფონდები და ქონება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჟორდანია გ., კავკასიური მუზეუმის დაარსება, თბ., 1951;
- საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი ოქტომბრის რევოლუციის 40 წლისთავზე, «ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე», 1957, ტ. 19 A და 21 B ;
- Радде Г. И., Краткий очерк истории развития Кавказского музея в первые 25 лет существования..., Тфл., 1891;
- ჟორდანია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 306-307.