იუსუფ შაიას ძე ბოლქვაძე (დ. 1891, ხულო — გ. 15 სექტემბერი, 1937) — ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, ზემო აჭარიდან სამუსლიმანო საქართველოს გამათავისუფლებელი კომიტეტის წევრი (1918), აჭარის ა.რ. იუსტიციის სახალხო კომისარი (1923), აჭარის ა.რ. ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისარი (1923-1924, 1929-1930, 1931), აჭარის ა.რ. მიწათმოქმედების სახალხო კომისარი (1926-1927), საკავშირო ცაკ-ის ეროვნული საბჭოს წევრი აჭარიდან (1927).

იუსუფ ბოლქვაძე
დაბადების თარიღი 1891
ხულო
გარდაცვალების თარიღი 15 სექტემბერი, 1937
პროფესია სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე
მეუღლე(ები) ხატიჯე ხიმშიაშვილი
შვილ(ებ)ი თალიკო, ნუგზარი, ზია

ბიოგრაფია

რედაქტირება

იუსუფ ბოლქვაძე დაიბადა 1891 წელს ზემო აჭარაში, ახლანდელ ხულოს მუნიციპალიტეტში. მამა, შაია ბოლქვაძე, ხულოს მაზრაში გავლენიანი პიროვნება იყო. იგი 1923 წლის იანვარში ხულოს მაზრის აღმასკომის თავმჯდომარედ დანიშნეს.

იუსუფ ბოლქვაძემ დაწყებითი განათლება ხულოში მიიღო – დაამთავრა ხულოს ორკლასიანი სასწავლებელი. აჭარაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იგი გადავიდა ბათუმში და მუშაობა დაიწყო ვეტერინარულ დაწესებულებაში. აღნიშნული დარგისადმი საგრძნობი ინტერესი გამოავლინა და ცოდნის გასაღრმავებლად მიავლინეს რუსეთში (ჩრდილოეთ კავკასიაში), სადაც დაამთავრა ვეტერინარული სასწავლებელი. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დანიშნეს ექსპერიმენტულ-სანაშენე მეურნეობის დირექტორად. გარდა ქართული ენისა, იუსუფი თავისუფლად ფლობდა რუსულ და თურქულ ენებს.

ზემო აჭარიდან სამუსლიმანო საქართველოს გამათავისუფლებელი კომიტეტის წევრი (1918), აჭარის ა.რ. იუსტიციის სახალხო კომისარი (1923), აჭარის ა.რ. ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისარი (1923-1924, 1929-1930, 1931), აჭარის ა.რ. მიწათმოქმედების სახალხო კომისარი (1926-1927), საკავშირო ცაკ-ის ეროვნული საბჭოს წევრი აჭარიდან (1927).

იუსუფ ბოლქვაძე თანამშრომლობდა სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის თავმჯდომარესთან მემედ აბაშიძესთან, აჭარის ცაკ-ის თავმჯდომარესთან ზექერია ლორთქიფანიძესთან, მაღალი ჩინის სხვა სახელმწიფო მოხელეებთან. ამ ფაქტორმაც რამდენადმე განსაზღვრა მისი რეპრესირება. ბრალად დასდეს კონტრრევოლუციური, ანტისაბჭოთა საქმიანობა, თითქოს იყო კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრი, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას, კაპიტალიზმის აღდგენას და აჭარის ჩამოცილებას საბჭოთა კავშირიდან. იუსუფ ბოლქვაძის ფალსიფიცირებული ბრალეულობის შესახებ მასალები გაიგზავნა საბჭოთა კავშირის უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან და მათი თანხმობით საქმე გადაეცა სპეციალურ სამხედრო კოლეგიას, რომელშიც შედიოდნენ მატულევიჩი, ზარიანოვი და კოსტიუშკო.

1937 წლის 13 ივლისს დააპატიმრეს. ამ დროს იგი ხულოს სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ მუშაობდა. აღნიშნულ თანამდებობაზე საქართველოს კომპარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის ბიუროს 1936 წლის 16 ოქტომბრის დადგენილებით გაიგზავნა და 8 თვეს იმუშავა. მანამდე აჭარის მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის საბჭოთა მეურნეობების ტრესტის მმართველის მოადგილე იყო.

სამხედრო კოლეგიამ იუსუფ ბოლქვაძის საქმე განიხილა 1937 წლის 15 სექტემბერს და იმავე დღეს მიიღო დადგენილება მისი დახვრეტის შესახებ. ბრალდება გააფორმეს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: 58-2 (შეიარაღებული აჯანყება) და 58-11 (ყოველგვარი ორგანიზაციული ქმედება მიმართული დანაშაულის მომზადებისა და ჩატარებისათვის). იუსუფ შაიას ძე ბოლქვაძე დახვრიტეს სამხედრო კოლეგიის დადგენილების გამოტანისთანავე.

იუსუფ ბოლქვაძის დაპატიმრების შემდეგ ხელისუფლებამ მოახდინა მისი უძრავ-მოძრავი ქონების კონფისკაცია. ბათუმში ჩამოართვეს საცხოვრებელი სახლი, რომელიც ბაღის (ახლანდელი დ. კლდიაშვილის) ქუჩაზე მდებარეობდა. ხულოს რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის 1937 წლის 7 სექტემბრის დადგენილებით, ასევე ჩამოართვეს საცხოვრებელი სახლი ხულოში, ცოლ-შვილი გამოასახლეს და შენობაში სახელმწიფო დაწესებულება განათავსეს. იუსუფ ბოლქვაძის სახელის სრულად ამოძირკვის მიზნით, შინსახკომმა ოჯახიდან წაიღო საკავშირო და რესპუბლიკური მნიშვნელობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გადაღებული ყველა ფოტოსურათი და საქმიანი მიმოწერა. იუსუფ ბოლქვაძის ოჯახის წევრებმა და სანათესაომ ტანჯვა-წამებაში გაატარეს ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. იუსუფ ბოლქვაძის დაპატიმრების შემდეგ შინსახკომმა დააპატიმრა მისი მეუღლე ხატიჯე ხიმშიაშვილი, რომელმაც საპყრობილეში სამი თვე დაჰყო.

კონტრრევოლუციონერ-ტროცკისტობის ბრალდებით 1937-1938 წლებში რეპრესირებულები იყვნენ იუსუფ ბოლქვაძის სიძეები ხასან შუშანიძე, ისკენდერ შავაძე, ისკენდერ მიქელაძე, მამის დეიდაშვილი აბას აბულაძე, რძალი მუხთერ ბოლქვაძე, ბიძაშვილი აღალი ბოლქვაძე. ქალიშვილის ქმარი – ხასან შუშანიძე, რომელიც აჭარკოოპკავშირის სისტემაში მუშაობდა, ასევე, დის ქმრები ისკენდერ შავაძე და ისკენდერ მიქელაძე დააპატიმრეს და ოჯახებში აღარ დაბრუნებულან. ბიძაშვილი აღალი ბოლქვაძე 1938 წელს დახვრიტეს.

იუსუფ ბოლქვაძეს სამი შვილი ჰყავდა: ქალიშვილი თალიკო, ვაჟიშვილები ნუგზარი და ზია. ზია ბოლქვაძე, როგორც კონტრრევოლუციონერ-ტროცკისტის შვილი, 1941 წელს შინსახკომმა დააპატიმრა და მაგადანში გადაასახლა, სადაც ტანჯვა-წამებით დაასრულა სიცოცხლე. მას ოჯახიც კი არ შეუქმნია.

იუსუფ ბოლქვაძის რეაბილიტაციამდე ოჯახმა უმძიმესი მორალურ-პოლიტიკური დამცირება გადაიტანა. საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 1957 წლის 1 ივლისის განჩინების საფუძველზე, იუსუფ შაის ძე ბოლქვაძე რეაბილიტირებულია, საქმე წარმოებით შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.

იუსუფ ბოლქვაძის რეაბილიტაციის შემდეგ ოჯახმა მიიღო ახალი საცხოვრებელი ბინა ბათუმში, მის წევრებს მოეხსნათ „მავნებლის“, „ალხის მტრის“, „კონტრრევოლუციონერის“ იარლიყები. მეუღლე და შვილები ვეღარ მოესწრნენ საქართველოს პარლამენტის 1997 წლის 11 სექტემბრის კანონს „რეპრესირებულების პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და სოციალური დაცვის ღონისძიებათა შესახებ“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება