არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: აგრიპინა უმცროსი.

იულია უმცროსი (ლათ. Julia minor[1]) აგრეთვე, იულილა (პატარა იულია) და ვიფსანია იულია აგრიპინა (დ. ძვ. წ. 19 — გ. 29) — წარჩინებული რომაელი ქალბატონი, იულიუს-კლავდიუსების დინასტიის წევრი. მარკუს ვიფსანიუს აგრიპასა და იულია უფროსის პირველი ასული და მეორე შვილი. დასთან, აგრიპინა უფროსთან ერთად, იგი აღზარდეს და განათლება მისცეს თავისმა პაპამ დედის მხრიდან, იმპერატორმა ავგუსტუსმა და მისმა ცოლმა ლივიამ.

იულია უმცროსი
მშობლიური სახელი IVLIA•MINOR
დაბადების სახელი ვიფსანია იულია აგრიპინა
დაბადების თარიღი ძვ. წ. 19
გარდაცვალების თარიღი ახ. წ. 29
იზოლე-ტრემიტი
მეუღლე(ები) ლუციუს ემილიუს პაულუსი
მშობლები მამა: მარკუს ვიფსანიუს აგრიპა
დედა: იულია უფროსი

დაახლოებით ძვ. წ. 5 ან 6 წელს ავგუსტუსის ინიციატივით, იულია ლუციუს ემილიუს პაულუსზე დაქორწინდა.[2] პაულუსის ოჯახი მისას ენათესავებოდა და თავადაც იულიას ნახევარ-დეიდაშვილი იყო, რამდენადაც, სკრიბონია ორივეს ბებია იყო: იულიას დედა სკრიბონიას ქალიშვილი იყო ავგუსტუსისაგან, პაულუსის დედაც, კორნელია სციპიონი, ასევე, სკრიბონიას ქალიშვილი იყო პუბლიუს კორნელიუს სციპიონ სალვიტოსთან ადრეული ქორწინებიდან.

პაულუსსა და იულიას ჰყავდათ ქალიშვილი, ემილია ლეპიდა და შესაძლოა ვაჟიც, მარკუს ემილიუს ლეპიდუსი (თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ეს უკანასკნელი, შესაძლებელია, მარკუს ემილიუს ლეპიდუსის (კონსული 6 წელს) შვილიც ყოფილიყო. სვეტონიუსის მიხედვით, იულიამ დიდი და გამომწვევი აგარაკი ააშენა, ავგუსტუსმა კი, რომელსაც ზედმეტად დიდებული სასახლები არ მოსწონდა, ის საძირკვლამდე დაანგრევინა.[3]

ჯოზეფ რაიტის მიერ სალერნოს ყურის მღვიმეში წარმოდგენილი იულია . 1774 წ.

ანტიკური პერიოდის ისტორიკოსების მიხედვით, ახ. წ. 8 წელს ავგუსტუსმა იულია გადაასახლა დეციმუს იუნიუს სილანუსთან, რომაელ სენატორთან ურთიერთობის გამო. იგი ტრიმერუსზე, იტალიის პატარა კუნძულზე გაგზავნეს, სადაც შვილი შეეძინა. ავგუსტუსმა არ მიიღო ახალშობილი და მისი ბედის ანაბარად მიტოვება ბრძანა[4] ან მთებში სასიკვდილოდ მიატოვებინა. სილანუსი ნებაყოფლობით გადაიხვეწა, თუმცა ტიბერიუსის ზეობისას უკან დაბრუნდა.[5]

1-სა და 14 წლებს შორის პერიოდში იულიას ქმარი პაულუსი სიკვდილით დასაჯეს გადატრიალებისათვის შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით.[6] თანამედროვე ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ იულიას გადასახლება, რეალურად, არა მისი მრუშობის, არამედ პაულუსის შეთქმულებაში მონაწილეობით იყო განპირობებული.[7] ლივიამ გერის ოჯახის წინააღმდეგ ინტრიგები წამოიწყო და ზოგიერთი მათგანის ოჯახიც დაანგრია, რამაც დაცემული ოჯახისადმი ღია თანაგრძნობა გამოიწვია. 29 წელს იულია იმავე კუნძულზე გარდაიცვალა, სადაც იგი ოცი წლის წინ გადაასახლეს.[8] მისი მრუშობის გამო, ავგუსტუსმა თავის ანდერძში განაცხადა, რომ იგი არასოდეს უნდა დაკრძალულიყო რომში.[9] იულიას დარჩა ქალიშვილი, შესაძლოა, ვაჟი და რამდენიმე შვილიშვილი.

წინაპრები

რედაქტირება
  1. E. Groag, A. Stein, L. Petersen - e.a. (edd.), Prosopographia Imperii Romani saeculi I, II et III (PIR), Berlin, 1933 - I 635
  2. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ღვთაებრივი ავგუსტუსი, 64
  3. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ღვთაებრივი ავგუსტუსი, 72
  4. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ღვთაებრივი ავგუსტუსი, 65
  5. ტაციტუსი, ანალები, III, 24
  6. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ღვთაებრივი ავგუსტუსი, 19
  7. Norwood, Frances, "The Riddle of Ovid's Relegatio" Classical Philology (1963) გვ. 154
  8. ტაციტუსი, ანალები, IV, 71
  9. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ღვთაებრივი ავგუსტუსი, 101