იულია ჰაგენ-შვარცი
იულია ვილჰელმინა ემილია ჰაგენ-შვარცი (გერმ. Julie Wilhelmine Emilie Hagen-Schwarz; დ. 27 ოქტომბერი, 1824, პრანგლი — გ. 20 ოქტომბერი, 1902, იურიევი) — XIX საუკუნის დასავლეთ ევროპის ხელოვნების სკოლის წარმომადგენელი, პორტრეტისტი, რომელიც ცხოვრობდა ლივონიაში, მხატვარ ავგუსტ მათიას ჰაგენის უფროსი ქალიშვილი, ასტრონომ ლუდვიგ შვარცის მეუღლე, პროფესორ ბერნჰარდ ფონ კერბერის რძალი, ვიცე-ადმირალ ლუდვიგ ფონ კერბერის დეიდა.[1]
იულია ჰაგენ-შვარცი | |
---|---|
მხატვრის ავტოპორტრეტი | |
მშობლიური სახელი | გერმ. Julie Hagen-Schwarz |
დაბადების თარიღი |
27 ოქტომბერი 1824 პრანგლი, ესტლანდიის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
20 ოქტომბერი 1902 (77 წლის) იურიევი, ლიფლანდიის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
პროფესია | მხატვარი, ფერმწერი, პორტრეტისტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაიულია ჰაგენი დაიბადა ესტლანდიაში კუნძულ პრანგლიზე, როდესაც ლანდშაფტის მხატვარი მამა დერპტიდან ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად კუნძულზე წავიდა ესკიზის გასაკეთებლად. მეუღლეს მოულოდნელად დაეწყო მშობიარობა. გადმოცემის თანახმად, მშობლების ასეთმა დაუფიქრებელმა საქციელმა იულიას ტყუპი ძმის სიცოცხლე შეიწირა. გოგონამ ადრეული ინტერესი გამოავლინა ხატვისადმი და მამაც ხალისით დაკავდა მისი განათლებით. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ იულია შევიდა დერპტის უნივერსიტეტის სამხატვრო სკოლაში, რომელსაც იმ დროს მამამისი ხელმძღვანელობდა. მამისგან განსხვავებით, იულია დაინტერესდა პორტრეტების ხატვით და საბოლოოდ გახდა წარმატებული პორტრეტისტი.[2]
სკოლის დამთავრების შემდეგ, იულიამ მიიღო სტეფან ფონ ვილბუას სახელობის საუნივერსიტეტო სტიპენდია 1848 წელს და გაემგზავრა გერმანიაში სასწავლებლად სამი წლით. ფორმალურად, უნივერსიტეტმა იგი გაგზავნა ძველი ოსტატების ნახატების კოპირებისთვის, მაგრამ რეალური მიზანი სწავლის გაგრძელება იყო. სწავლობდა დრეზდენში კრისტიან ფრიდრიხ გონესთან, შემდეგ კი სწავლა განაგრძო მიუნხენში იოჰან მორიც რუგენდასის სტუდიაში.
სამი წლის შემდეგ, იულია მცირე ხნით დაბრუნდა დერპტში. მალე ახალგაზრდა მხატვარმა მიიღო ახალი გრანტი საზღვარგარეთ გასამგზავრებლად, მას მიენიჭა იმპერატორ ნიკოლოზ I-ის სახელობითი სტიპენდია სამი წლის განმავლობაში იტალიაში სწავლის გაგრძელების უფლებით. ამ მოგზაურობაში მას მამა ახლდა, რომელსაც მხედველობის პრობლემა ჰქონდა და იტალიაში მისი გაუმჯობესების შესაძლებლობა მიეცა. იულია სწავლობდა ცნობილი გერმანელი ჟანრის ფერმწერის და პორტრეტისტის ავგუსტ რიდელის სახელოსნოში, რომელიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა რომში 1832 წლიდან.
1854 წელს ოცდაათი წლის იულია დაბრუნდა მშობლიურ ლივონიაში, როგორც სრულად ჩამოყალიბებული მხატვარი. მის ნახატებს უკვე კარგად იცნობდნენ ევროპაში. ბევრი მათგანი გამოფენილი იყო ევროპულ სალონებში. იულია მალე გაჰყვა ცოლად ცნობილ ასტრონომ ლუდვიგ შვარცს. ფერწერის ისტორიაში შევიდა ჰაგენ-შვარცის სახელით.
ქორწინებიდან ცოტა ხნის შემდეგ იულია და მისი მეუღლე გაემგზავრნენ რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების ხანგრძლივ ექსპედიციაში. ექსპედიცია სწავლობდა მინერალურ სიმდიდრეს და დაკავებული იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ ციმბირის დეტალური რუკის შედგენით. მცირე რაზმთან ერთად იულიამ და მისმა მეუღლემ მთებში 600 მილზე მეტი გაიარეს. მთელი მოგზაურობის განმავლობაში მხატვარი განუწყვეტლივ მუშაობდა და ბუნებრივია, რომ ექსპედიციის დროს ყველაზე ხშირად პეიზაჟებს ხატავდა.[3] 1858 წელს (ექსპედიციიდან დაბრუნების წელს) იულია ჰაგენ-შვარცი გახდა პირველი ქალი, რომელიც აირჩიეს პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის წევრად. მას შემდეგ ის ხშირად სტუმრობდა პეტერბურგს, მონაწილეობდა თითქმის ყველა ეროვნულ გამოფენაში.
იულია ჰაგენ-შვარცი გარდაიცვალა მშობლიურ დერპტში, რომელსაც იურიევი ეწოდა 1893 წელს, 78 წლის იუბილემდე რამდენიმე დღით ადრე. მხატვარი დაკრძალეს ძველ ლუთერანულ სასაფლაოზე მამისა და მეუღლის გვერდით.
მხატვრის შემოქმედებითი მემკვიდრეობა დიდია. ისტორიკოსებმა შეაფასეს, რომ ჰაგენ-შვარცმა დახატა შვიდასზე მეტი პორტრეტი, დიდი რაოდენობის პეიზაჟების გარდა.[4] [5]
ოჯახი
რედაქტირება- დედა — იოჰანა ურ. ფონ პაუმგარტენი (1802—1885);
- მამა — ავგუსტ მათიას ჰეიგენი (1794—1878);
- მეუღლე — ლუდვიგ ედუარდოვიჩ შვარცი (1822—1894);
- და —სs გოტონ ბერტა ავგუსტინ ფონ კერბერი (1832—1912).
რჩეული პორტრეტები
რედაქტირება-
დედა
-
მამის პორტრეტი (1870 წ.)
-
მეუღლე (1870 წ.)
-
იტალიელი ქალიშვილი რომისკენ მიმავალ გზაზე (დაახლ. 1850 წ.)
-
მანდოლინაზე დამკვრელი (1851)
ლიტერატურა
რედაქტირება- Epp Preem and Mart Sander, Julie Hagen-Schwarz 1824—1902, LiteRarity, Tallinn 2009 ISBN 9949-187-84-2
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Reinart, Heili. "Tunnustatuim naiskunstnik meie maal – tartlanna Julie von Hagen-Schwarzi kunstile ja armastusele pühendatud elu". postimees.ee. Retrieved 13 May 2018.(ესტ.)
- ↑ "Julie Wilhelmine Emilie Hagen-Schwarz (1824-1902)". e-kataloogi ESTER. Retrieved 13 May 2018. (გერმ.)
- ↑ Заблоцкий Евгений Михайлович. Глава 1. Возвращение в Сибирь // Людвиг Шварц и Сибирская экспедиция Географического общества. — 2015.(რუს.)
- ↑ Brief biography from the University of Tartu Library. (გერმ.)
- ↑ "Julie Wilhelmine Hagen-Schwarz". E-Kunstisalong. Retrieved 13 May 2018. (ესტონ.)