ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

იულია ოსმაკი (უკრ. Юлія Владиславівна Осьмак; დ. 6 მარტი, 1998, კიევი, უკრაინა) — უკრაინელი მოჭადრაკე, ქალთა შორის დიდოსტატი (2016)[1], საერთაშორისო ოსტატი მამაკაცებს შორის (2017)[2]. მსოფლიოს ჩემპიონი 12 წლამდელ გოგონათა შორის (2010), ევროპის გუნდური ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი (2017), ქალთა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მფლობელი (2018), უკრაინის ქალთა ჩემპიონატის გამარჯვებული (2017).

იულია ოსმაკი

იულია ოსმაკი 2015 წელს, უკრაინის ქალთა ჩემპიონატი
ქვეყანა (სპორტი) უკრაინის დროშა უკრაინა
ეროვნება უკრაინელი
დაბადების თარიღი 6 მარტი, 1998 (1998-03-06) (26 წლის)
დაბადების ადგილი კიევი, უკრაინა
წოდება საერთაშორისო ოსტატი (2016)
ფიდე რეიტინგი 2432 (თებერვალი 2022)
მაქსიმალური რეიტინგი 2438 (მარტი 2020)

ბიოგრაფია

რედაქტირება

იულია ოსმაკი 1998 წლის 6 მარტს კიევში დაიბადა. 2006 და 2008 წელს უკრაინის 10 წლამდელ გოგონებში ჩემპიონი გახდა. ორი ბრინჯაო აქვს აღებული ევროპის ასაკობრივ პირველობებზე. 2008 წელს 10 წლამდელთა გოგონებში იყო მესამე, ხოლო 2010-ში 12 წლამდელებში.
2010 წელს 12 წლამდელ გოგონებში ორი ოქროს მედალი მოიპოვა. ჯერ ქვეყნის ჩემპიონატი მოიგო, შემდეგ კი მსოფლიო[3][4]. 2012-ში 14 წლისამ უკრაინაში ორი ოქროს მედალი აიღო. ჯერ 16 წლამდელ გოგონებში იყო პირველი, ხოლო შემდეგ 20-ში წლამდელებში. ათენში 20 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსინჯა ძალები და მე-11-14 ადგილები გაინაწილა.
2013-ში ორი ოქროს მედალი მოიგო, 16 და 20 წლამდელ გოგონებში უკრაინის ჩემპიონი გახდა. ალ-აინში მსოფლიოს 16 წლამდელთა ჩემპიონატზე მე-6 ადგილს დასჯერდა. 2014 და 2015 წლებში უკრაინის ქალთა პირველობაზე ბრინჯაოს მედალი აიღო.
2015 წელს ურეკში საქართველოს საკლუბო ჩემპიონატზე საჭადრაკო კლუბ „სამეგრელოს“ შემადგენლობაში ჩემპიონი გახდა.[5] 2016 წელს სლოვენიაში ელენა მარტინკოვასთან ერთად ევროპის 18 წლამდელთა გუნდურ ჩემპიონატზე ოქროს მედლები აიღო. დეკემბერში როვნოში უკრაინის ქალთა პირველობაზე იასპარეზა, 9 პარტიიდან 3 მოიგო, 2 წააგო, 4 ყაიმით დაასრულა და 5 ქულით მეოთხე ადგილს დასჯერდა.
2017 წლის აპრილში რიგაში ევროპის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე იასპარეზა, 11 პარტიიდან 5 მოიგო, 2 წააგო, 4 ყაიმით დაასრულა და მე-17 ადგილზე გავიდა. ივნისში ხანტი-მანსიისკში უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე გამოვიდა და მეხუთეზე გავიდა. ნოემბერში კვლავ უხმეს ნაკრების შემადგენლობაში, ამჯერად კრეტაზე ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ითამაშა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. დეკემბერში ჟიტომირში უკრაინის ქალთა პირველობაზე გამოვიდა, 9 პატიიდან 5 მოიგო, 4 ყაიმით დაასრულა და ჩემპიონი გახდა[6].
2018 წლის 30 მარტიდან 1 აპრილამდე თბილისში სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა. სწრაფში 11 პარტიიდან 6 მოიგო, 5 ყაიმით დაასრულა და 35-ე ადგილს დასჯერდა. შედარებით უკეთესი იყო ელვისებურ ჭადრაკში, სადაც 13 პარტიიდან 8 მოიგო, 3 წააგო, 2 ყაიმით დაასრულა და 9 ქულით მეექვსეზე გავიდა. ოქტომბერში ბათუმში უკრაინის ქალთა ნაკრების შემადგენლობაში, სარეზერვო დაფაზე, ოლიმპიადაზე გამოვიდა და გუნდურ ვერცხლს დაეუფლა. 6 პარტიიდან 3-3 მოგება-ყაიმი გაიფორმა და ნაკრებს 4,5 ქულა შესძინა. 2019 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ბათუმში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე მეოთხე დაფაზე გამოვიდა. 7 პარტიიდან 3 მოიგო, ამდენივე წააგო, 1 ყაიმით დაასრულა და თავის პოზიციაზე მეცხრე ადგილზე გავიდა, ნაკრები კი მეოთხე ადგილს დასჯერდა[7]. დეკემბერში ლუცკში უკრაინის ქალთა ჩემპიონატზე ვერცხლის პრიზიორი გახდა. მან ნატალია ჟუკოვას მსგავსად 7 ქულა მოაგროვა, თუმც დამატებითი მაჩვენებლებით მეორეზე ჩამოაჩოჩეს. დეკემბრის ბოლოს სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა. სწრაფში 12 პარტიიდან 6 მოიგო, 4 წააგო, 2 ყაიმით დაასრულა და 36-ე ადგილს დასჯერდა. ელვისებურ ჭადრაკში, 17 პარტიიდან 7 მოიგო, 5 წააგო, 5 ყაიმით დაასრულა და 9,5 ქულით 43-ზე გავიდა. 2020 წლის თებერვალში „მოსკოვ ოფენის“ ტურნირი მოიგო. მან 9 პარტიიდან 8-ში იმარჯვა, 1 კი ყაიმით დაასრულა. 2021 წლის მაისში ევროპის ქალთა ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ნოემბერში რიგაში FIDE Women's Grand Swiss Tournament ტურნირზე 50 მოჭადრაკეს შორის მე-6 ადგილი აიღო[8]. ნაკრების შემადგენლობაში სექტემბერ-ოქტომბერში სიჯესში მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხე დაფაზე გამოვიდა და საქართველოსთან ერთად გუნდურ ბრინჯაოს შესწვდა.

 
2014 წელი. უკრაინის ქალთა ჩემპიონატი

ნაკრების შემადგებლობაში სულ 28 პარტია ითამაშა და 17,5 ქულა დააგროვა. აქედან 12 მოიგო, 11 ყაიმით დაასრულა და 5 წააგო. საჭადრაკო ოლიმპიადაზე ერთხელ 2018 წელს გამოვიდა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ორჯერ 2017 და 2019 წლებში იასპარეზა. მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატზეც ორჯერ 2017 და 2021 წლებში ითამაშა. სულ კი ნაკრების შემადგენლობაში ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი აქვს მოგებული.

დისკვალიფიკაცია

რედაქტირება

2021 წლის 27-28 მარტს იულიამ ქალთა შორის ფიდეს ონლაინ უნივერსიტატიადა მოიგო. 5-დან 4,5 ქულა დააგროვა. ტურნირის შემდეგ მისი პატიების განხილვისას ეჭვი გაუჩნდათ რომ მოჭადრაკე თამაშისას აკრძალულ დამხმარე საშუალებებს იყენებდა, ფიდეს სამართლიანი თამაშის (The Fair Play Panel) კომისიამ შედეგები გაუუქმა და დისკვალიფიკაციაც მისცა. ფიდემ სულ 20 მოჭადრაკეს მისცა დისკვალიფიკაცია, ისე რომ მათი დანაშაულის დამამტკიცებელი საბუთი არ წარმოუდგენია. დისკვალიფიკაციის შემდეგ ოსმაკმა მოითხოვა მისი სიმართლე სიცრუის დეტექტორზე შეემოწმებინათ და დისკვალიფიკაცია გაეუქმებინათ, თუმც ამას ფიდეს გადაწყვეტილებაზე არ უმოქმედია[9].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იულია_ოსმაკი“-დან