იულიან ბუცმანიუკი

იულიან ბუცმანიუკი (დ. 3 ივლისი, 1885, სოფ. სმორჟივი, ახლანდ. ლვივის ოლქი — გ. 30 დეკემბერი, 1967, ედმონტონი) — უკრაინელი ფერმწერი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. დაამთავრა ლვივის გიმნაზია და სამხატვრო-სამრეწველო სკოლა, კრაკოვის ხელოვნების აკადემია (1914; ხელმძღვანელები ტ. აქსენტოვიჩი, ლ. ვიჩულკოვსკი). როგორც მოდესტ სოსენკოს ასისტენტმა, შეასრულა გალიჩინის ეკლესიების მოხატულობები, რისთვისაც დაჯილდოვდა მიტროპოლიტ ანდრეი შეპტიცკის სტიპენდიით (1911), იმყოფებოდა მიუნხენში, რომში, მილანში, ფლორენციაში. პირველი მსოფლიო ომის დროს იყო უკრაინელი სიჩის მსროლელთა ფორმირების მხატვარი (შეასრულა ბატალისტური ესკიზები), მსროლელთა აღმზრდელობითი და კულტურულ-განმათავისუფლებელი მუშაობის ცენტრის — პრესის ბინის ერთ-ერთი დამაარსებელი და აქტიური მუშაკი. მონაწილეობდა ლვივის აჯანყებაში (1918 წლის 1 ნოემბერი) და პოლონეთ-უკრაინის 1918–1919 წლის ომში, იყო უკრაინის გალიჩის არმიის (უგა) ზემდეგი, სარკინიგზო ჯარების გამგეობის უფროსი და სამხედრო საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს რეფერენტი. ომის შემდეგ სწავლობდა პრაღაში, 1927 წლიდან ხატვას ასწავლიდა ლვივის ამხანაგობაში „მშობლიური სკოლა“ («Рідна школа»). მოხატა ქალაქ ჟოვკვის ბასილიელი ძმების ეკლესია. 1950 წელს ემიგრაციაში წავიდა კანადაში, დააარსა ედმონტონის ფერწერის სკოლა-სტუდია (1956), მოხატა წმინდა იოსების უკრაინული საკათედრო ტაძარი (მასზე 5 წელს მუშაობდა). მისი რელიგიური ფერწერული ნამუშევრები შესრულებულია ტრადიციულ სტილში, თუმცა აქვს თანამედროვე სტილთა ელემენტებიც, კერძოდ სამხედრო სეცესიისა. ავტორია სტატიებისა ხელოვნების შესახებ. სურათი „გრიგალის წინ“ (დაახლ. 1905) ინახება ლვოვის ხელოვნების გალერეაში.[1]

იულიან ბუცმანიუკი
უკრ. Юліан Буцманюк
დაიბადა 3 ივლისი, 1885(1885-07-03)
დაბადების ადგილი სოფ. სმორჟივი, გალიჩინა, ავსტრია-უნგრეთის იმპერია
გარდაიცვალა 30 დეკემბერი, 1967(1967-12-30) (82 წლის)
გარდაცვალების ადგილი ედმონტონი, კანადა
ეროვნება უკრაინელი
ჟანრი მონუმენტური საკრალური ფერწერა

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Выставка изобразительного искусства западных областей Украины и народного творчества гуцулов: Каталог. Москва, 1946;
  • Книга мистців і діячів української культури. Торонто, 1954;
  • Виставка українського мистецтва // Вейн Стейт ун-т. Детройт, 1960;
  • Юліан Буцманюк. Едмонтон, 1979.
  1. Науменко, К. Є.. Буцманюк Юліан uk. Енциклопедія Сучасної України [Електронний ресурс] (2004). ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2023