ისმაილ ქემალი (ალბ. Ismail Qemali; დ. 16 იანვარი, 1844, ავალონი — გ. 24 იანვარი, 1919, პერუჯა) — ალბანეთის ეროვნული მოძრაობის დამფუძნებელი და დამოუკიდებელი ალბანეთის პირველი მეთაური; ალბანეთის ეროვნული კრების თავმჯდომარე (1912 წლის 28-29 ნოემბერი), დროებითი მთავრობის თავმჯდომარე (1912 წლის 29 ნოემბერი — 1914 წლის 22 იანვარი ) და საგარეო საქმეთა მინისტრი; ალბანეთის სახალხო გმირი.

ისმაილ ქემალი
ალბ. Ismail Qemal Bej Vlora
დაბადების თარიღი 16 იანვარი, 1844(1844-01-16)
დაბადების ადგილი ვლორა
გარდაცვალების თარიღი 24 იანვარი, 1919(1919-01-24)[1] (75 წლის)
გარდაცვალების ადგილი პერუჯა
მოქალაქეობა  ოსმალეთის იმპერია
 ალბანეთი
განათლება Zosimaia School
შვილ(ებ)ი Et'hem Bey Vlora
ჯილდოები Hero of Albania

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ქალაქ ავლონაში (დღევანდელი ვლორა) ბეგების მდიდარ ფეოდალურ ოჯახში. მშობლიურ ქალაქში მხოლოდ დაწყებითი განათლება მიიღო. შემდგომ დაუყოვნებლივ დაამთავრა საშუალო სკოლა ქალაქ იანინაში. 1859 წელს გაემგზავრა კონსტანტინოპოლში, სადაც ოსმალეთის სახელმწიფო მოხელე გახდა. აქტიურად მონაწილეობდა მიდჰათ-ფაშას ლიბერალურ რეფორმებში და მსახურობდა ბალკანეთის რამდენიმე ქალაქის გუბერნატორად. ამ წლების განმავლობაში მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ალბანური ანბანის სტანდარტიზაციაში და დააარსა ალბანური კულტურული ასოციაცია.

1877 წელს, როცა ქემალი ოსმალეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში თითქოს მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა, სულთან აბდულჰამიდ II-მ მიდჰათ-ფაშა პრემიერ მინისტრის პოსტიდან გადააყენა, ქემალი კი დასავლეთ ანატოლიაში გადაასახლეს, სადაც მანამ დარჩა, სანამ სულთანმა უკან არ დააბრუნა და ბეირუთის გუბერნატორად დანიშნა. მოგვიანებით ქემალის ლიბერალური შეხედულებები კვლავ შეეჩეხა სულთანს, რისთვისაც თურქეთიდან წაიყვანეს. მომდევნო რვა წლის განმავლობაში ის ემიგრაციაში ცხოვრობდა, სადაც ერთდროულად მუშაობდა ოსმალეთის იმპერიის კონსტიტუციურ რეფორმასა და ალბანეთში ეროვნული მოძრაობის წამოწყებაზე.

1908 წელს, თურქეთის ახალგაზრდული აჯანყების შემდეგ, მან ოსმალეთის აღდგენილ პარლამენტში დეპუტატის თანამდებობა დაიკავა. 1909 წელს ქემალი ოსმალეთის ეროვნული კრების თავმჯდომარედ დაინიშნა, მაგრამ მალე, იძულებული გახდა, სამუდამოდ დაეტოვებინა სტამბოლი. მას შემდეგ მან თავისი საქმიანობა მხოლოდ ალბანეთის დამოუკიდებლობის საკითხს მიუძღვნა.

ქემალმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ალბანეთის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებასა და დამოუკიდებელი ალბანეთის მთავრობის ფორმირებაში. ასე დასრულდა მისი წყალობით ალბანეთში ოსმალთა 500-წლიანი მმართველობა. მან ლუიდე გურაკუჩისთან ერთად ალბანეთის დროშა ჩამოკიდა იმ სახლის აივანზე ვლორაში, სადაც დეკლარაციას მოეწერა ხელი. ისმაილ ქემალი ალბანეთის მთავრობას 1912 წლიდან 1914 წლამდე ხელმძღვანელობდა.

პირველი მსოფლიო ომის დროს ქემალი პარიზში ცხოვრობდა, სადაც დროგამოშვებით წერდა სტატიებს „Daily Mail“-ისთვის. თანამშრომლობდა სხვა გამოცემებთანაც თავისი მემუარების გამოსაქვეყნებლად. 1918 წელს ქემალი იტალიაში გაემგზავრა ალბანეთის ეროვნული მოძრაობისთვის მხარდაჭერის მოსაპოვებლად, მაგრამ იტალიის მთავრობამ მას ქვეყნის დატოვება აუკრძალა. 1919 წლის 24 იანვარს ქემალი იქვე გულის შეტევით გარდაიცვალა.

 
ქემალი 1992 წლის 200-ლეკიან ბანკნოტზე
 
ქემალი 1996 წლის 500-ლეკიან ბანკნოტზე
  • ვლორის უნივერსიტეტი ისმაილ ქემალის სახელს ატარებს.
  • ქემალი გამოსახულია 1992 წლის 200-ლეკიან და 1996 წლის 500-ლეკიან ბანკნოტებზე.

ლიტერატურა

რედაქტირება