ისმაილიზმი
ისმაილიტები — VIII საუკუნეში არაბთა ხალიფატის ტერიტორიაზე აღმოცენებული მუსლიმანურ-შიიტური სექტის მიმდევრები. სახელწოდება მიიღეს შიიტების მეექვსე იმამის, ჯაფარ სადიკის უფროსი ვაჟის, ისმაილის სახელის მიხედვით.
ისტორია
რედაქტირება„ისმაილიტების სექტა“ ჯერ კიდევ VIII საუკუნეში წარმოიშვა და მჭიდროდ იყო დაკავშირებული მაზდაქურ-ხურამიტულ მოძრაობებთან. ისმაილიზმი (არაბ. الإسماعيلية — al-Ismā‘īliyya, სპარს. اسماعیلیان — Esmâ‘īliyân) — როგორც მოძღვრება „ასასინთა სიკვდილის ორდენის“ უმთავრესი იდეოლოგიური იარაღი გახდა.
VIII საუკუნის მეორე ნახევარში შიიტები დაიყვნენ სექტებად: ზეიდიტები, იმამიტები (ზომიერი შიიტები), რომელნიც მეშვიდე იმამად (სულიერი მოძღვარი) სცნობდნენ ხალიფა ალის შთამომავალ მუსა ყაზიმს და ისმაილიტები, რომელნიც იმამად სცნობდნენ მის ძმა-ისმაილს.
IX საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა ისმაილიტების ძლიერი და საიდუმლო ორგანიზაცია, რომლის გავლენა გავრცელდა მთელს მახლობელ აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და სხვაგანაც. ისმაილიტობა წარმოიშვა საზოგადოებრივი კლასების დაბალ ფენებში, ხელოსნობა და გლეხობაში. არაბთა სახალიფოს სხვადასხვა რეგიონებში ისმაილიტები გადასხვაფერდნენ და მრავალნაირ რელიგიურ მოძღვრებად ჩამოყალიბდნენ. ერთ-ერთი მათგანი იყო კარამიტების სახალხო-რელიგიური მოძრაობა, რომელიც შემდეგ ცალკე სექტად გადაიქცა.
ისმაილიტების ფილოსოფია
რედაქტირებაIX საუკუნიდან ისმაილიტებმა თავისებურად შეითვისეს ნეოპლატონისტური ფილოსოფია და ქრისტიანული გნოსტიციზმი, რომელთა გავლენით საბოლოოდ გაფორმდა მათი მოძღვრება. ისინი მკვეთრად გაემიჯნენ მართლმადიდებლურ სუნიზმს და ზომიერ შიიტებს. ისტორიკოს დავით კაციტაძის ნაშრომში — „ირანის ისტორია III-XVIII საუკუნეები“ ისმაილიტების დოქტრინა ამგვარად არის წარმოდგენილი.
„ისმაილიტების მოძღვრების თანახმად, ღმერთმა-აბსოლუტმა თავის თავიდან გამოჰყო შემოქმედებითი სუბსტანცია — „მსოფლიო გონება“, რომელმაც შექმნა იდეების სამყარო და თავის მხრივ გამოჰყო უმდაბლესი სუბსტანცია — „მსოფლიო სული“, რომელმაც შექმნა მატერია, პლანეტები და მიწა. ისმაილიტები ყურანს ალეგორიულად განმარტავდნენ და უარყოფდნენ ისლამის ზნეჩვეულებების უმეტეს ნაწილს. ისმაილიტები ასწავლიდნენ, რომ დროის გარკვეული ციკლის შემდეგ მოციქული აღდგება ხალხში. „მსოფლიო გონების“ გამომხატველად ითვლება ნატიკი (მოლაპარაკე) ანუ წინასწარმეტყველი, ხოლო „მსოფლიო სულის“ გამომხატველად მისი თანაშემწე, კომენტატორი მისი მოძღვრებისა — ასისი (ბაზისი, საფუძველი). ნატიკი ექვსი იყო: ადამი, ნოე, აბრაამი, მოსე, იესო ქრისტე და მუჰამედი. მეშვიდე უნდა გამოჩნდეს განკითხვის დღეს. ყოველ ნატიკს ჰყავდა თანაშემწე: მოსეს — აარონი, იესო ქრისტეს — პეტრე მოციქული, მუჰამედს — ალი. ისმაილიტების სექტა პირველად შვიდი, შემდეგ კი ცხრა საფეხურისაგან შედგებოდა. უმაღლეს საფეხურს მხოლოდ სექტის ზოგიერთი წევრი აღწევდა. მათ უნდა ბრმად დამორჩილებოდნენ, როგორც იარაღი სექტის უფრო დაბალ საფეხურზე მდგარი წევრები. ისმაილიტების სექტა შეკრული იყო რკინისებური დისციპლინით“.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- კაციტაძე, დავით (2009). ირანის ისტორია III-XVIII საუკუნეები. თბ.: ჰოროსი XXI.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სამოქალაქო განათლების ლექსიკონი
- ოფიციალური საიტი
- ისმაილიტები დაარქივებული 2019-05-26 საიტზე Wayback Machine.