ირინა მელნიკოვა
ირინა მიკოლას ასული მელნიკოვა (დ. 24 ოქტომბერი, 1918, მენა — გ. 3 ნოემბერი, 2010, კიევი) — უკრაინელი ისტორიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1967), უკრაინის სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონტენტი (1973; 1991-დან — უკრაინის მეცნიერებათა აკადემია, 1994 წლიდან უკრაინის ეროვნული მეცნიერებათა აკადემია), უკრაინის განათლების დამსახურებული მუშაკი (1996), უკრაინის მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე (2002).[1]
ირინა მელნიკოვა | |
---|---|
უკრ. Ири́на Никола́евна Ме́льникова | |
დაბ. თარიღი | 24 ოქტომბერი, 1918 |
დაბ. ადგილი | მენა |
გარდ. თარიღი | 3 ნოემბერი, 2010 (92 წლის) |
გარდ. ადგილი | კიევი |
მოქალაქეობა |
სსრკ უკრაინა |
საქმიანობა | ისტორიკოსი |
მუშაობის ადგილი | რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სლავთამცოდნეობის ინსტიტუტი, უკრაინის ისტორიის ინსტიტუტი და National Academy of Sciences of Ukraine |
ალმა-მატერი | კიევის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი და კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი |
მეუღლე | Q12118169? |
ჯილდოები | ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, ხალხთა მეგობრობის ორდენი, თავად იაროსლავ ბრძენის მე-5 ხარისხის ორდენი და უკრაინის მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე |
1940 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1941–1942 წლებში იყო ყაზახეთის (შიმქენთი, ყიზილორდა) უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებელი. 1946 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა, საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე „რუსეთის მთავრობის პოლიტიკა უკრაინის მიმართ 1725–1740 წლებში“. 1947–1949 წლებში მუშაობდა სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის სლავთმცოდნეობის ინსტიტუტში (მოსკოვი) — სამეცნიერო მდივნის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე. 1948–1949 წლებში კითხულობდა სპეციალურ კურსს უკრაინის ისტორიაზე. პირველი საფუძვლიანი გამოკვლევები ჩეხოსლოვაკიისა და დასავლეთ უკრაინის ისტორიის შესახებ გამოქვეყნდა ჟურნალებში „Ученые записки Института славяноведения“, „Вопросы истории“, „Новая и новейшая история“. გახდა ფუნდამენტური ნაშრომის — „ჩეხოსლოვაკიის ისტორიის“ (ტ. 3) სამი თავის ავტორი, სადაც საბჭოთა ისტორიოგრაფიაში პირველად იკვლევდა იმიერკარპატეთის ისტორიას ჩეხოსლოვაკიის შემადგენლობაში. 1957 წლიდან იყო უკრაინის სსრ-ის ისტორიის ინსტიტუტში (1991 წლიდან — უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტი, 1994 წლიდან — უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის უკრაინის ისტორიის ინსტიტუტი), სადაც მუშაობდა სახალხო დემოკრატიის ქვეყნების ისტორიის განყოფილების უფროს მეცნიერ თანამშრომლად (1957–1965), სოციალისტური ქვეყნების ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების გამგედ (1965–1988), 1988 წლიდან — უკრაინის საერთაშორისო კავშირების ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. 1962 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ჩეხოსლოვაკიის კლასობრივი ბრძოლა კაპიტალიზმის დროებითი ნაწილობრივი სტაბილიზაციის პერიოდში (1924–1929 წწ.)“, რომლის მასალები გახდა ფუნდამენტური მონოგრაფიის — „კლასობრივი ბრძოლა ჩეხოსლოვაკიაში 1924–1929 წლებში“ საფუძველი.[1]
ირინა მელნიკოვას ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა ეროვნული და ზოგადი ისტორიის, ისტორიული კავშირების, უკრაინისა და ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ხალხთა თანამშრომლობისა და მეგობრობის, დამოუკიდებელი უკრაინის საერთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიმდინარეობების სამეცნიერო-თეორიული დამუშავება. ავტორია 200-ზე მეტი სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომისა, რომელთა შორისაა დაახლ. 30 მონოგრაფია და კოლექტიური ნაშრომი. მას ეკუთვნის უკრაინის ისტორიის საერთაშორისო პრობლემათა თავები მრავალტომიან გამოცემებში „რსფსრ-ის ისტორია“, „უკრაინის ქალაქებისა და სოფლების ისტორია“, სტატიები „უკრაინულ საბჭოთა ენციკლოპედიაში“. შექმნა ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტთა სკოლა. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა დაახლ. 40 საკანდიდატო და სადოქტორო ნაშრომი, დაიწერა რიგი კოლექტიური და ინდივიდუალური მონოგრაფიები. გამოვიდა სლავისტთა მე-7–10 საერთაშორისო ყრილობაზე. 1990-იანი წლებიდან იკვლევდა საერთაშორისო ურთიერთობების, დამოუკიდებელი უკრაინის საგარეო პოლიტიკური მოღვაწეობის აქტუალურ საკითხებს; ევროპის ისტორიაში უკრაინის ადგილის პრობლემებს. 2001 წელს მელნიკოვას სამეცნიერო ხელმძღვანელობითა და პირადი მონაწილეობით გამოვიდა კოლექტიური ნაშრომი „უკრაინა და ევროპა (1990–2000 წწ.): ანოტირებული ისტორიული ქრონიკა“ 2 ნაწილად და 2004 წელს — „უკრაინის საგარეო პოლიტიკა გლობალიზაციის პირობებში 1991–2003: საერთაშორისო ურთიერთობების ანოტირებული ისტორიული ქრონიკა“. 1967 წლიდან 1980-იანი წლების ბოლომდე ხელმძღვანელობდა მეცნიერებათა აკადემიის საკოორდინაციო საბჭოს ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ისტორიაზე. სსრკ-ისა და ჩეხოსლოვაკიის ისტორიკოსთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე (1970-იანი წწ. – 1980-იანი წწ.-ის ბოლო). მრავალი წლის მანძილზე იყო ყოველწლიური კრებულია „ისტორიული კვლევები: საზღვარგარეთის ქვეყნების ისტორია“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, 1991 წლიდან — სამეცნიერო ნაშრომთა უწყებათაშორისი კრებულის „უკრაინის საერთაშორისო ურთიერთობები: სამეცნიერო ძიებანი და მიგნებები“ სარედაქციო კოლეგიის წევრი.[1]
ჯილდოები
რედაქტირება- შრომის წითელი დროშის ორდენი (1967);
- უკრაინის სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის დ. მანუილსკის სახელობის პრემიის ლაურეატი (1976);
- რსფსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელი და საპატიო სიგელი (1976, 1982);
- ხალხთა მეგობრობის ორდენი (1978);
- ოქტომბრის რევოლუციის ორდენი (1986);
- უკრაინის განათლების სამინისტოს „უკრაინის განათლების წარჩინებულის“ საპატიო ნიშანი (1996);
- თავად იაროსლავ ბრძენის მე-5 ხარისხის ორდენი (2008);
- სრულიად საკავშირო საზოგადოება „ზნანიას“ საპატიო ნიშანი „აქტიური მუშაობისათვის“;
- იან პურკინეს სახელობის ბრნოს უნივერსიტეტის ოქროს მედალი;
- სკოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიის ზდენეკ ნეედლისა და ლუდოვიტ შტურის სახელობის მედლები.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Знаменська М. В., Кривець Н. В., Мельникова Ірина Миколаївна // Енциклопедія історії України, т. 6, К.: В-во «Наукова думка», 2009.