დამატება

(გადამისამართდა გვერდიდან ირიბი დამატება)
ობიექტს ასევე აქვს მნიშვნელობა პროგრამირებაში: ობიექტი — პროგრამირებაში.

დამატება (ან ზოგჯერ ობიექტი) — წინადადების წევრი, რომელიც გამოხატავს სამოქმედო საგანს, გადმოიცემა არსებითი სახელით, უკავშირდება და ხსნის შემასმენელს (ან ზოგჯერ წინადადების სხვა წევრებს). განარჩევენ პირმიმართ (პირდაპირი და ირიბი) და უბრალო დამატებებს[1].

პირმიმართი დამატებები

რედაქტირება

პირმიმართი დამატება აჩენს ზმნაში პირის და ზოგჯერ რიცხვის ნიშნებს. ამიტომ იგი წინადადების მთავარ წევრად მიიჩნევა[1].

პირდაპირი (ზოგჯერ უახლოესი) დამატება ზმნის პირდაპირობიექტურ პირთან შეწყობილი წინადადების მთავარი წევრია. პირდაპირი დამატება მხოლოდ გარდამავალ ზმნას აქვს. იგი ბრუვნვაცვალებადია[1]: I სერიის ფორმებთან მიცემით ბრუნვაში დგას, ხოლო II და III სერიის ფორმებთან კი სახელობითშია (ჭრიან ტოტს-მოჭრეს ტოტი).

ირიბი (ზოგჯერ შორეული) დამატება ზმნის ირიბობიექტურ პირთან შეწყობილი წინადადების მთავარი წევრია. ირიბი დამატება აქვს ორპირიან გარდაუვალ და სამპირიან გარდამავალ ზმნას. ორპირიან გარდაუვალ ზმნას ირიბი დამატება სამივე სერიის ფორმებთან აქვს, გარდამაველს კი – მხოლოდ პირველსა და მეორე სერიაში. სამპირიანი ზმნა III სერიაში ორპირიანად გადაკეთდება და ის სახელი, რომელიც ირიბ დამატებას გამოხატავდა, ნათესაობითში დადგება, თვის თანდებულს დაირთავს და წინადადების არამთავარი წევრი გახდება.

ირიბი დამატება ყოველთვის მიცემით ბრუნვაში დგას, ე. ი. ბრუნვაუცვლელია (სჭრიან ტოტს ხეს; მოსჭრეს ტოტი ხეს)[1].

ქართულში ზმნისა და სახელთა თავისებურ მიმარტებას ითვალისწინებს პირმიმართი დამატებების დახასიათება როგორც მცირე და უმცირესი კოორდინატებისა (იხ. კოორდინაცია).

უბრალო დამატება

რედაქტირება

უბრალო დამატება დამატებაა, რომელიც არ არის შეწყობილი ზმნის ობიექტურ პირთან. იგი წინადადების არამთავარი წევრია. უბრალო დამატება შეეწყობა სახელზმნებსაც — საწყისსა და მიმღეობას, იშვიათად ზედსართავ სახელსაც.

უბრალო დამატების ბრუნვებია: მიცემითი, ნათესაობითი, მოქმედებითი და ვითარებითი[2]. პირველ სამ ბრუნვაში უბრალო დამატება უთანდებულოც შეიძლება იყოს და თანდებულიანიც, ვითარებით ბრუნვაში კი ყოველთვის უთანდებულოა.

უბრალო დამატება მიცემით ბრუნვაში

რედაქტირება

მიცემით ბრუნვაში დასმული უბრალო დამატება ვნებითი გვარის მიმღეობასთან მეტწილად უთანდებულოა, სხვა შემთხვევებში კი, ჩვეულებრივ, დაირთავს თანდებულს. თანდებულთაგან აქ გვხვდება: თან, ზე, ში. თან თანდებულიან მიცემითს ხშირად ერთად დაერთვის უბრალო დამატების გადმოსაცემად და თანამონაწილეობას, თანაობას გამოხატავს.

მიცემითში დასმული უბრალო დამატება მოგვიგებს კითხვებზე: რას? ვისთან? ვისთან ერთად? რასთან? რასთან ერთად? ვისზე? რაზე? რაში?

უბრალო დამატება ნათესაობით ბრუნვაში

რედაქტირება

ნათესაობითში დასმული უბრალო დამატება უთანდებულოა ან თანდებულიანი. ნათესაობითის ფორმას დამატების გადმოსაცემად დაერთვის თანდებულები: გან, მიერ, თვის, შესახებ, მიმართ და სხვ. უთანდებულო ნათესაობითში დასმული დამატება ხშირია სახელზმნასთან — საწყისთან და მიმღეობასთან.

უბრალო დამატება ნათესაობით ბრუნვაში მოგვიგებს კითხვებზე: ვისგან? რისგან? ვისთვის? რისთვის? ვის მიერ? ვის შესახებ? რის შესახებ? ვის მიმართ?

ნათესაობითში დასმული უბრალო დამატება შინაარსის მიხედვით მრავალგვარია. იგი შეიძლება გამოხატავდეს: მოქმედ სააგნს (მონადირის მოკლული დათვი), სამოქმედოს (დათვის მოკვლა), დანიშნულებას (შვილისთვის იყიდა), მასალას (კასრებს მუხისაგან აკეთებეს).

უბრალო დამატება მოქმედებით ბრუნვაში

რედაქტირება

უბრალო დამატება მოქმედებით ბრუნვაში უთანდებულოა ან ურთ თანდებულიანი. მნიშვნელობით ძირითადად ორგვარია: საჭურვლისა და თანაობის.

საჭურვლის დამატება უთანდებულოა ყოველთვის და აღნიშნავს იარაღს რომლითაც მოქმედება სრულდება.მაგ: ფანქრით ხატავს. იგი მოგვიგებს კითხვაზე: რით?

ურთ თანდებულიანი უბრალო დამატება ყოველთვის თანაობას გამოხატავს. მაგ: ჩამოვიდა მეგობრებითურთ. თანაობის დამატება ხშირად უთანდებულო მოქმედებითის ფორმით გადმოიცემა. მაგ: დედოფალი ამ დროს კავთისხევში ცხოვრობდა შვილებით.

თანაობის დამატება მოგვიგებს კითხვებზე: ვისთან ერთად? რასთან ერთად?

უბრალო დამატება ვითარებით ბრუნვაში

რედაქტირება

უბრალო დამატება ვითარებით ბრუნვაში ყოველთის უთანდებულოა. შინაარსის მიხედვით ორგვარია: ვითარების და თანაობის.

ვითარებითისაა უბრალო დამატება, რომელიც აღნიშნავს საგნის ახალ ვითარებას, ცვალებას, გადაქცევას. მაგ: ტყე უზარმაზარ ქალაქად იქცა.

თანაობის უბრალო დამატებას გამოხატავს არსებითი სახელისაგან იან სუფიქსით ნაწარმოები სახელის ვითარებითი ბრუნვის ფორმა. მაგ: ზვავი ათასწლოვან მუხას ძირიანად გლეჯდა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 353.
  2. ამ ბრუნევებს ზოგჯერ ირიბ ბრუნვებსაც უწოდებენ