იპოთეკური სესხის კრიზისი

იპოთეკური სესხის კრიზისი (ინგლ. Subprime mortgage crisis)— ლიკვიდურობის მწვავე შემცირება გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე, რომელიც აშშ-ში წარმოიქმნა საბინაო ბაზრის ჩამოშლის შედეგად. კრიზისმა საფრთხე შეუქმნა საერთაშორისო საფინანსო სისტემას, გამოიწვია რამდენიმე მსხვილი საინვესტიციო და კომერციული ბანკის, სადაზღვევო კომპანიების, იპოთეკური კრედიტორებისა და სხვა საფინანსო დაწესებულებების სრულად გაკოტრება ან გაკოტრებამდე მიყვანა. კრიზისი, როგორც „დიდი რეცესია“ ყველაზე ღრმად კრიტიკული მოვლენა აღმოჩნდა 1929 წელს დაწყებული „დიდი დეპრესიის“ შემდეგ. [1]

კრიზისის მიზეზები

რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური კრიზისის გამომწვევ კონკრეტულ მიზეზებზე ეკონომისტებს შორის წინააღმდეგობრივი მოსაზრებებია, არსებობს ზოგადი თანხმობა იმ ფაქტორებზე, რომლებმაც წვლილი შეიტანეს კრიზისის დადგომაში.

პირველი, აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა და ცენტრალურმა ბანკმა ივარაუდეს რა მცირე რეცესია, რომელიც 2001 წელს დაიწყო, შეამცირეს ფედერალური საფონდო განაკვეთები 11-ჯერ 2000 წლის მაისიდან 2001 წლის დეკემბრამდე, 6,5 %-დან 1,75 %-მდე. საპროცენტო განაკვეთის მსგავსმა მნიშვნელოვანმა კლებამ, ბანკებს საშუალება მისცა გაეზარდათ სამომხმარებლო სესხის ოდენობა დაბალ განაკვეთში. მათ შესაძლებლობა მიეცათ სახიფათო და მაღალი რისკის შემცველი მომხმარებლებისთვისაც გაეცათ სესხი. მომხმარებლებმა შექმნილი მომენტი გამოიყენეს და აღებული იაფი სესხებით შეიძინეს სხვადასხვა ტიპის ტექნიკა, ავტომობილები და განსაკუთრებით ბინები. შედეგად 1990-იანი წლების ბოლოს შეიქმნა „საბინაო ბუშტი“, მდგომარეობა, როდესაც ბინებზე სპეკულაციურად ფასები ჭარბი ოდენობით გაიზარდა.

მეორე მიზეზს 1980-იანი წლების დასაწყისში საბანკო კანონების ცვლილება წარმოადგენდა, როდესაც ბანკებს უფლება მიეცათ რისკიანი მომხმარებლებისთვის გაეცათ იპოთეკური სესხი, რომლის გადახდა მომხმარებელს დასაწყისში მცირე შენატანებით შეეძლო და სესხის ვადის ბოლოს თანხის დიდი ნაწილი რჩებოდა გადასახდელი. ამასთანავე ერთად, სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ცვალებადი იყო. ბინებზე ფასების ზრდასთან ერთად, რისკიან მსესხებლებს შეეძლოთ იპოთეკური სესხი სახლის გაყიდვით დაეფარათ და მოგების ნაწილიც დარჩენოდათ. თუკი მსესხებელი ვერ გადაიხდიდა, ბანკებს შეეძლოთ ბინების დასაკუთრება და შემდგომ უფრო ძვირად გადაყიდვა, ვიდრე ამ ბინაზე მათ სესხი გასცეს. წლების განმავლობაში, რისკიანი სესხების გაცემა ბანკებისთვის სარფიან საქმიანობად გადაიქცა. ბანკების უმეტესობა მსგავსი სესხების გაცემით აქტიურად იყო დაკავებული, იცოდნენ რა, რომ რისკიანი მსესხებელი სესხს ვერ დააბრუნებდა, ხშირად ისინი მათ სრულ ინფორმაციას არ აწვდიდნენ. შედეგად რისკიანი იპოთეკების წილი საბინაო სესხებში 2,5 %-დან 15 %-მდე გაიზარდა 1990-იანი წლებიდან 2004-2007 წლებამდე.

მესამე, რისკიანი სესხების ზრდასთან ერთად, ბანკებმა ამ სესხების უსაფრთხოებაზე დაიწყეს ფიქრი. ისინი აერთიანებდნენ ასობით და ათასობით რისკიან და არარისკიან საბინაო სესხებს და მას კაპიტალის ბაზრებზე ფასიან ქაღალდებად ყიდდნენ სხვა ბანკებზე, ინვესტორებზე, ე. წ. ჰეჯ-ფონდებსა და საპენსიო ფონდებზე. ფასიანი ქაღალდები, რომლებიც უმეტესწილად იპოთეკებით შედგებოდა იპოთეკიან ობლიგაციებს (MBS) უწოდებდნენ. ამგვარი ობლიგაციების გაყიდვით, ბანკები ზრდიდნენ საკუთარ ლიკვიდურობას და ამცირებდნენ რისკიანი სესხების გავლენას. ისინი ქმნიდნენ ახალ სარფიან პორტფოლიოებს და მათი გაყიდვით დამატებით მოგებას იღებდნენ. 2000-იანების დასაწყისში, როდესაც ბინებზე ფასებმა ასტრონომიულად დაიწყეს ზრდა, MBS ბაზრებზე პოპულარული გახდა და მისი ფასებიც გაიზარდა.

მეოთხე, 1999 წელს, დეპრესიის პერიოდის (1933) გლას-სტიგოლის აქტი ნაწილობრივ გაუქმდა და ბანკებს, საფინანსო და სადაზღვევო კომპანიებს უფლება დართო ერთმანეთის ბაზრებზე შესულიყვნენ ან/და ერთმანეთს შერწყმოდნენ. ამან წარმოქმნა იმ ზომის ბანკები, რომელთა გაკოტრება პრაქტიკულად შეუძლებელი ჩანდა. დამატებით, 2004 წელს ფასიანი ქაღალდებისა და ვაჭრობის კომისიამ (SEC) შეასუსტა კაპიტალის ოდენობის ცენზი ბანკების ოპერირებისთვის, რამაც ბანკებს საშუალება მისცა კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია ჩაედოთ MBS-ში. მიუხედავად იმისა, რომ ამ დერეგულაციამ ბანკებს დიდი მოგება მოუტანა, ასევე გაზარდა რისკების ოდენობაც.[2]

მეხუთე, კრიზისამდე არსებულმა გლობალურმა ეკონომიკურმა სტაბილურობამ, რომელიც 1980-იანი წლებიდან დაიწყო და ცნობილია, როგორც „დიდი ზომიერების“ პერიოდი, ეკონომისტები, ფინანსისტები და მთავრობის წარმომადგენლები დაარწმუნა იმაში, რომ ეკონომიკური არასტაბილურობები და რყევები წარსულს ჩაბარდა. მსგავსმა დარწმუნებულობამ, რომელსაც დერეგულაციის იდეოლოგიური კლიმატიც უმყარებდა ზურგს, რომელიც თვლიდა, რომ საფინანსო სექტორი თავად დაარეგულირებდა სექტორს. შედეგად, მოხდა კრიზისის ნიშნების იგნორირებაც, გაგრძელდა სესხების ინტენსიური გაცემა და იპოთეკური ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა.

კრიზისის მთავარი მოვლენები

რედაქტირება

2004 წლიდან გარკვეული პროცესები უკვე მიუთითებდა კრიზისის მოახლოებას, თუმცა ეკონომისტთა უმრავლესობამ მისი მასშტაბები და შედეგები ვერ გააცნობიერა. ორი წლის განმავლობაში, 2004 წლიდან 2006 წლამდე, ფედერალურმა რეზერვმა საფონდო განაკვეთები 1,25 %-დან 5,25 %-მდე გაზარდა, რაც აუცილებლად გამოიწვევდა რისკიანი მსესხებლების გაკოტრებას, რომელთაც მოძრავ პროცენტში ჰქონდა სესხი აღებული. ნაწილობრივ განაკვეთის ზრდისა და ნაწილობრივ საბინაო ბაზრის მაქსიმალურმა გაჯერებამ, ბინების გაყიდვა და შესაბამისად, მათზე ფასები შეამცირა. პროცესი 2005 წელს დაიწყო. რისკიანმა მსესხებლები ვეღარ ახდენენ სესხის დაფინანსებას, თუნდაც ბინის გადაყიდვით, რადგან მყიდველთა რაოდენობა შემცირდა. ამასთანავე, შეიქმნა სიტუაციაც, როდესაც ბინისთვის აღებული სესხი უფრო დიდი გახდა, ვიდრე ბინის გაყიდვით მიღებული თანხა. რაც უფრო გაიზარდა გაკოტრებული მსესხებლების რაოდენობა და ფასები ვარდნას განაგრძობდნენ, იპოთეკურმა ფასიანმა ქაღალდებმაც (MBS) დაკარგეს ღირებულება, რაც აისახა ბანკებისა და საინვესტიციო ფირმების აქტივებზე. გამომდინარე იქიდან, რომ იპოთეკური ფასიანი ქაღალდები მხოლოდ ამერიკულ კაპიტალის ბაზრების არ იყიდებოდა, ნათელი გახდა, რომ მოსალოდნელ კრიზისს გლობალური ზეგავლენა ექნებოდა. ამის მიუხედავად, ექსპერტები ამტკიცებდნენ, რომ პრობლემა მასშტაბური არ იყო და მას ფინანსური ბაზრები იოლად გაუმკლავდებოდნენ.

2007 წლისთვის MBS-ის ფასების ვარდნამ მსხვილს ბანკებს, ჰეჯ-ფონდებს და იპოთეკარებს უპრეცედენტო ზარალი მიაყენა, რამაც ისინი იძულებული გახადა დახმარება სახელმწიფოსგან ეთხოვა, მიეღო მისგან სესხი, ან გაერთიანებულიყვნენ უფრო მსხვილ, გამართულ კომპანიებთან ან გამოეცხადებინათ თავი ბანკროტებად. ის კომპანიებიც კი, რომელთაც დანაკარგს გარკვეულწილად გაუმკლავდნენ, უკვე რისკიან აქტივებად გადაიქცნენ. 2007 წლის აპრილში, ერთ-ერთმა მსხვილმა რისკიანმა გამსესხებელმა კომპანიამ, New Century Financial Corp-მა თავი ბანკროტად გამოაცხადა. მას სხვა მისი მსგავსი კომპანიებიც მიყვნენ და შეწყვიტეს ოპერირება. იმის გამო, რომ რისკიანი სესხების გაცემა და MBS-ის გაყიდვა შეწყდა, მსესხებლებმა ბინების კიდევ უფრო დაბალ ფასებში გაყიდვა დაიწყეს, თუმცა გაყიდვების რაოდენობაც მცირდებოდა. აგვისტოში, ფრანგულმა უმსხვილესმა ბანკმა, BNP Paribas-მა მილიარდობით დოლარის დანაკარგი დააფიქსირა, ხოლო ამერიკულმა, American Home Mortgage Investment Corp-მა თავი გაკოტრებულად გამოაცხადა.[1]

იმის გამო, რომ შეუძლებელი იყო განსაზღვრულიყო MBS-ის მიღებული ზარალის ზუსტი ოდენობა, ასევე რთული იყო თავად ბანკებისთვისაც საბანკო პორტფოლიოების სიძლიერის განსაზღვრა, რომლებიც MBS-ს შეიცავდნენ. შედეგად, ბანკებმა ერთმანეთის გადახდისუნარიანობაში ეჭვის შეტანა დაიწყეს, რამაც მათთვის ფედერალური სესხების გაცემა შეწყვიტა და ისინი კიდევ უფრო კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ადრეულ აგვისტოში ფედერალურმა რეზერვმა ფედერალური სესხების შესყიდვა დაიწყო, რათა ბანკების ლიკვიდურობა გაეაზრა. მან ასევე დაწია ფედერალური სესხის განაკვეთიც, რომელიც 5,25 %-ს შეადგენდა. ევროპის, ავსტრალიის, კანადისა და იაპონიის ბანკებმაც მსგავს ღია ბაზრის ოპერაციებს მიმართეს. თუმცა ფედერალური რეზერვის ინტერვენციამ ამერიკული ფინანსური ბაზარი ვერ დაარეგულირა, რამაც ფედერალური საფონდო განაკვეთების კიდევ უფრო შემცირება მოჰყვა. პარალელურად, გაერთიანებული სამეფოს მეხუთე იპოთეკურმა კომპანიამ Northern Rock-ს ლიკვიდური აქტივები ამოწურა და ინგლისის ბანკს სესხისთვის მიმართა. ამ ახალმა ამბავმა დეპოზიტორთა შორის პანიკა გამოიწვია, მათ დეპოზიტების მასობრივი გატანა დაიწყეს. კომპანიის ნაციონალიზაცია 2008 წლის თებერვალში ბრიტანეთის მთავრობამ მოახდინა.

2008 წლის იანვარში კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა, როდესაც ამერიკის ბანკი დათანხმდა ქვეყნის უმსხვილესი იპოთეკური ფირმის Countrywide Financial-ის შესყიდვაზე. მარტში, JPMorgan Chase-მა, რომელმაც თავად ნახა მილიარდობით ზარალი, გაკოტრებული საინვესტიციო კომპანია Bern Stearns შეისყიდა. იმის შიშით, რომ Bear Stearns-ის გაკოტრება მის მევალე ბანკებზეც იმოქმედებდა, ფედერალურმა რეზერვმა კომპანიის რისკიანი აქტივები 30 მილიარდ დოლარად შეისყიდა. პარალელურად, ფედ-მა საპროცენტო განაკვეთები აპრილისთვის 2 %-მდე დაწია, ოქტომბრისთვის ეს მაჩვენებელი 1 %-მდე ჩამოვიდა, ხოლო დეკემბერში 0 %-ს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ფედ-ის ინტერვენციამ წლის პირველ ნახევარში გარკვეული სტაბილიზატორის როლი ითამაშა, მან კრიზისი ვერ შეაჩერა.[3]

მსხვილი იპოთეკარი კომპანიები Fannie Mae და Freddie Mac გაკოტრების წინაშე აღმოჩნდნენ. ამის პრევენციისთვის, ამერიკის ხაზინამ სექტემბერში ორივე კომპანიის ნაციონალიზაცია მოახდინა, შეცვალა მათი ხელმძღვანელები და კომპანიების ვალის დაფარვა გადაწყვიტა, რომელიც 1,6 ტრილიონ დოლარს შეადგენდა.

სექტემბერშივე, 168 წლის საინვესტიციო ბანკმა, Lehman Brothers-მა, 639 მილიარდ დოლარიანი აქტივებით, ამერიკის ისტორიაში უმსხვილესი გაკოტრების შესახებ გამოაცხადა. მისმა გაკოტრებამ ფინანსურ ბაზრებზე გრძელვადიანი შოკი გამოიწვია, რომელმაც დაასუსტა იმ ბანკთა პორტფოლიოები, რომელთაგანაც მას სესხები ჰქონდა აღებული. ამ მოცემულობამ ბაკნებს შორის ნდობა კიდევ უფრო შეარყია და კიდევ უფრო შემცირდა ბანკებს შორის სესხება/გასესხების პროცესი.

Lehman შეეცადა მოეძებნა პარტნიორები და მყიდველები, ასევე იმედი ჰქონდა, რომ მთავრობა მას დაეხმარებოდა, მაგრამ ხაზინამ ჩარევისგან თავი შეიკავა, რადგან მსგავსი მასშტაბის რისკების დაზღვევა საკუთარ თავზე ვერ აიღო. ეს გამოიწვევდა სხვა ბანკებისგანაც საბოლოოდ სახელმწიფოსგან ფულადი დახმარებით გადარჩენის მოთხოვნას. თუმცა, მხოლოდ რამდენიმე დღეში, ფედერალური რეზერვი დათანხმდა ქვეყნის უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიისთვის, American Inaternational Group-ისთვის (AIG) 85 მილიარდ დოლარიანი სესხი გაეცა, რათა მას დანაკარგები აღმოფხვრა. რამდენიმე კვირაში, Washington Mutual-ის, მსხვილი ფინანსური კომპანიის მართვა ფედერალურმა სამსახურმა აიღო ხელში და მეორე დღეს JPMorgan-ს მიყიდა.[1]

ამ დროისათვის, ეკონომისტებსა და ხაზინის დეპარტამენტს შორის არსებობდა თანხმობა იმაზე, რომ სახელმწიფოს ჩარევა აუცილებლობას წარმოადგენდა, რათა ამერიკული ფინანსური ბაზრები სრულად არ ჩამოშლილიყო და შესაბამისად, ამერიკულ ეკონომიკას გრძელვადიანი კრიზისი არ მიეღო. სექტემბერში, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ წარადგინა საკანონმდებლო ინიციატივა „გადაუდებელი ეკონომიკური სტაბილიზაციის აქტი“ (EESA), რომლის მიხედვითაც შეიქმნა “პრობლემური აქტივების დახმარების პროგრამა“ (TRAP). პროგრამის მიხედვით, ქვეყნის ხაზინის ხელმძღვანელ, ჰენრი პოულსონს დაევალა, რომ ამერიკული ბანკებისგან 700 მილიარდი დოლარის ღირებულების პრობლემური იპოთეკური ფასიანი ქაღალდები გამოესყიდა. ინიციატივა კონგრესში წარმომადგენელთა პალატამ დაბლოკა, რადგან ის უოლ სტრიტის უსამართლო დახმარებად მიიჩნია, თუმცა კანონპროექტი შეიცვალა და მოგვიანებით იგი სენატმა დაამტკიცა. 2008 წლის 3 ოქტომბერს კანონს პრეზიდენტმა ბუშმა ხელი მოაწერა.

მალევე ცხადი გახდა, რომ სახელმწიფოს დახმარების მიუხედავად, ბანკების მთელი რიგი გაკოტრებას მაინც ვერ გადაურჩებოდნენ. პოულსონს დახმარების პროგრამის ფარგლებში კიდევ 250 მილიარდი დოლარი გამოუყვეს, რათა პრობლემური აქტივები სახელმწიფოს შეესყიდა. წლის ბოლოსთვის ამერიკის მთავრობა ქვეყნის 200 ბანკის მფლობელი და თანამფლობელი გახდა.[4]

შემდგომში ფედერალურმა რეზერვმა სხვადასხვა პოლიტიკები გაატარა, რათა კაპიტალის ბაზრების ლიკვიდურობა გაეზარდა და ეკონომიკური ზრდის სტიმულირება მოეხდინა. ფედ-ის პოლიტიკები გაიმეორეს სხვა ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმაც. 2014 წელს, როდესაც ფედერალური რეზერვის დახმარების პროგრამა დასრულდა, მას ამერიკულ ეკონომიკაში 4 ტრილიონი დოლარი ჰქონდა მობილიზებული. მიუხედავად, არაერთი ეკონომისტის გაფრთხილებისა, რომ ფედ-ის მიერ ფულის ულიმიტო ბეჭდვა ჰიპერინფლაციას გამოიწვევდა, ამერიკის ინფლაციის მაჩვენებელი 2014 წელს მხოლოდ 2 %-ს შეადგენდა.

დღემდე არ არსებობს შეთანხმება, რომ ფედერალური რეზერვის ჩარევამ ამერიკული ფინანსური სისტემისა და ეკონომიკის გადასარჩენად გლობალური ეკონომიკური კატასტროფის პრევენცია მოახდინა. 2009 წელს ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ „ამერიკის აღდგენისა და რეინვესტირების აქტის“ ფარგლებში, რეცესიის დასაძლევად დამატებით 787 მილიარდი დოლარი გამოყო. წლის მეორე ნახევარში ქვეყნის ფინანსური ბაზრები დასტაბილურდნენ და ორწლიანი რეცესიის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკამ ზრდა დაიწყო. 2010 წელს „უოლ სტირის რეფორმისა და მომხმარებელთა დაცვის აქტით“ შემოიღო საბანკო რეგულაციები, რომელიც შემდგომ ფინანსურ კრიზისს ქვეყანას თავს აარიდებდა. შეიქმნა მომხმარებელთა ფინანსური დაცვის ბიუროც, რომელმაც დაარეგულირა რისკიანი იპოთეკური სესხები გაცემა და სხვა ტიპის სამომხმარებლო კრედიტები.

ფინანსური კრიზისის შედეგები

რედაქტირება

2012 წელს, სენტ-ლუისის ფედერალური რეზერვის ბანკის შეფასებით, ფინანსური კრიზისის განმავლობაში ამერიკელ მოქალაქეთა ქონება 17 ტრილიონი დოლარით შემცირდა, რაც 26 %-იან დანაკრაგს ნიშნავდა. 2018 წლის კვლევით, სან-ფრანცისკოს ფედერალური რეზერვის ბანკის დათვლით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი კრიზისის დაწყებიდან ათი წლის შემდეგ 7 % ნაკლები იყო, ვიდრე ეს კრიზისის არ მოხდენის შემთხვევაში იქნებოდა. მათივე მონაცემებით, საშუალოდ თითოეულმა ამერიკელმა 70 000 დოლარი დაკარგა. 2007-2009 წლებში ამერიკის 7,5 მილიონი მოქალაქე უმუშევარი დარჩა, რამაც უმუშევრობის მაჩვენებელი გააორმაგა. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლისათვის უმუშევრობის მაჩვენებლი 3,9 %-მდე ჩამოვიდა, სამუშაოების აბსოლუტური უმრავლესობა დაბალანაზღაურებადი და არასტაბილური იყო.

ფინანსური კრიზისი მილიონობით ოჯახის ხარჯზე გადაგორდა, რომელთაც დაკარგეს სახლები, ბიზნესები, დანაზოგები, სამსახური და განვითარების პერსპექტივა. მილიონობით მათგანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ აღმოჩნდა. თუმცა მათგან განსხვავებით, ბანკირები, რომელთაც აღნიშნული კრიზისი გამოიწვიეს საკუთარ თავზე განსაკუთრებული ტვირთი არ აუღიათ. არცერთო ბანკის დირექტორი ან სხვა მაღალი რანგის ფინანსისტს პასუხი არ უგია და არც სამართლებრივი ბრალდებები აღძრულა. 2010 წლისთვის მდიდარ ბანკირთა უმრავლესობამ ზარალი დაძლია, თუმცა რიგითი ამერიკელი მოქალაქეებისთვის კრიზისის შედეგები წლების განმავლობაში დაუძლეველი აღმოჩნდა.

მოვლენების ამგვარმა არასამართლიანმა განვითარებამ, ამერიკულ საზოგადოებაში პროტესტი გააჩინა, რამაც შექმნა 2011 წლის Occupy Wall Street-ის მოძრაობა. მათი მიზანს იმ ეკონომიკური სისტემის კრიტიკა წარმოადგენდა, რომელიც მხოლოდ მდიდარი 1 %-ისთვის მუშაობდა დანარჩენი 99 %-ის სანაცვლოდ. მოძრაობამ ამერიკულ საზოგადოებაში ეკონომიკური უთანასწორობის შესახებ ცნობიერება აამაღლა. მას პოლიტიკურ წრეებშიც მოჰყვა რეზონანსი. განსაკუთრებით დემოკრატიულ პარტიაში გაჩნდა პოლიტიკოსები, რომლებმაც ამ საკითხზე საჯარო აქტიურად დაიწყეს საუბარი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Fried, Joseph, Who Really Drove the Economy into the Ditch? (New York, NY: Algora Publishing, 2012) ISBN 978-0-87586-942-1.
  • Wallison, Peter, Bad History, Worse Policy (Washington, D.C.: AEI Press, 2013) ISBN 978-0-8447-7238-7.
  • Fengbo Zhang (2008): 1. Perspective on the United States Sub-prime Mortgage Crisis , 2. Accurately Forecasting Trends of the Financial Crisis , 3. Stop Arguing about Socialism versus Capitalism.
  • Archaya and Richardson. Financial Stability: How to Repair a Failed System NYU Stern Project-Executive Summaries of 18 Crisis-Related Papers.
  • Committee for a Responsible Federal Budget "Stimulus Watch," (Updated Regularly).
  • Blackburn, Robin (March–April 2008). „The Subprime Crisis“. New Left Review. II (50).
  • Demyanyk, Yuliya (FRB St. Louis), and Otto Van Hemert (NYU Stern School) (2008) "Understanding the Subprime Mortgage Crisis," Working paper circulated by the Social Science Research Network.
  • DiMartino, D., and Duca, J. V. (2007) "The Rise and Fall of Subprime Mortgages დაარქივებული 2016-12-10 საიტზე Wayback Machine. ," Federal Reserve Bank of Dallas Economic Letter 2(11).
  • Dominique Doise, Subprime: Price of infringements/Subprime : le prix des transgressions, Revue de droit des affaires internationales (RDAI) / International Business Law Journal (IBLJ), N° 4, 2008.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება