იოსებ ქართველიშვილი

ქართველი გეოგრაფი, მეცნიერი და პედაგოგი.
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

იოსებ ქართველიშვილი (დ. 25 დეკემბერი, 1941, თბილისი — გ. 20 მარტი, 1996) — ქართველი გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი და კარტოგრაფი..

იოსებ ქართველიშვილი
დაბ. თარიღი 25 დეკემბერი, 1941(1941-12-25)
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 20 მარტი, 1996(1996-03-20) (54 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა გეოგრაფი და პედაგოგი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი კარტოგრაფიის სპეციალობით.

1965 წელს შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს საპროექტო ინსტიტუტის საძიებო განყოფილებაში მუშის თანამდებობაზე. 1966-1969 წლებში მუშაობდა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის კარტოგრაფიის რედაქციაში ჯერ რედაქტორად, შემდეგ კი უფროს რედაქტორად. 1969-1971 წლებში — ამავე რედაქციაში სამეცნიერო რედაქტორად. 1971-1988 წლებში — ენციკლოპედიის კარტოგრაფიისა და ილუსტრაციის რედაქციის უფროს სამეცნიერო რედაქტორად. 1971-1972 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქვეყანათმცოდნეობის კათედრაზე, 1973-1989 წლებში — კარტოგრაფია-გეოდეზიის კათედრის უფროსი მასწავლებელია, სადაც კარტოგრაფიის სპეციალობის სტუდენტებთან ლექციებს კითხულობდა. 1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იგი შეთავსებით იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის კარტოგრაფიისა და აეროკოსმოსური მეთოდების განყოფილების გამგე. 1969-1973 წლებში დაუსწრებელი ასპირანტურის კურსი გაიარა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში და ამუშავებდა საკვალიფიკაციო თემას. ამ პერიოდში დაეუფლა თემატური რუკების შექმნის მეთოდებს. 1978 წელს მოსკოვში სტაჟირება გაიარა უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ფაკულტეტზე სპეციალობით „აეროკოსმოსური მეთოდები გეოგრაფიულ კვლევაში“ და „კოსმოსური კარტოგრაფია“, ხოლო 1986 წელს სსრკ მინისტრთა საბჭოსთნ არსებულ გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მთავარი სამმართველოს N8 ფაბრიკაში რუკების შედგენის, გაფორმების და რედაქტირების საკითხებზე. მისი სამეცნიერო კვლევითი მუშაობა ძირითადად მოსახლეობის სიმჭიდროვისა და განლაგების პრობლემებს ეხებოდა. ასევე, ეროვნული სტრუქტურის ტერიტორიული დინამიკის რეტროსპექტულ კარტოგრაფირებას. შრომებში და რუკებზე განხილული და ასახულია საქართველოს ტურიზმის, ალპინიზმისა და კურორტების განვითარების პრობლემები. საინტერესო სამუშაო ჩაატარა კოსმოსურ კარტოგრაფირებაში. გამოქვეყნებული აქვს ათზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და მისი რედაქტორობით გამოცემულია ათეულობით რუკა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ენციკლოპედიაში მოთავსებული რუკების რედაქტირება.

ჯილდოები

რედაქტირება
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება, გარდაცვალების შემდეგ)

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წლებში, თბ., 2012, გვ. 71
  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003, გვ. 259

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება