იოსებ სტალინის თხზულებათა კრებული

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

იოსებ სტალინის თხზულებათა კრებული წარმოადგენს იმ თხზულებათა ერთობლიობას, რომელშიც შეტანილია მისი ნაწარმოებები, წერილები, საანგარიშო მოხსენებები, მიმართვები, საუბრები და სხვა. თხზულებათა კრებულში წარმოჩენილია სტალინის, როგორც მარქსისტისა და რევოლუციონერის ფილოსოფიური მსოფლმხედველობა, მისი, როგორც პირველი მუშურ-გლეხური, სოციალისტური სახელმწიფოს მეთაურის სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური თუ კულტურული შეხედულებები.

თხზულებათა კრებულის ისტორიისათვის

რედაქტირება
 
სტალინის თხზულებათა 1-13 ტომები (რუსულად)

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირში სტალინის ავტორიტეტი კიდევ უფრო ამაღლდა და დაფასდა. ის უკვე მიიჩნეოდა არა მხოლოდ პროლეტარიატის დიდ ბელადად, არამედ კაცობრიობის გადამრჩენად ფაშიზმის უღლისაგან. 1946 წლის იანვარში საკ. კ. პ. (ბ) ცკ-ის მიერ მიღებულ იქნა დადგენილება სსრ კავშირში ი. სტალინის თხზულებათა ტომების გამოცემის შესახებ. 1946 წელს გამოიცა თხზულებათა პირველი ტომი, რომელსაც გარდა საკ. კ. პ. (ბ) ცკ-ის წინასიტყვაობისა, დართული აქვს ავტორის (ი. სტალინის) წინასიტყვაობაც. პირველი ტომი იწყება სტატიით «რედაქციისაგან» (1901 წ.).

თხზულებათა კრებულის გამოცემა გაგრძელდა ი. სტალინის გარდაცვალებამდე (1953 წ.). 1951 წელს გამოიცა თხზულებათა მე-13 ტომი, რომელიც ბოლო ტომი აღმოჩნდა. მეცამეტე ტომი მთავრდება სტატიით «საბოლოო სიტყვის მაგიერ» [სიტყვა საკ. კ. პ. (ბ) XVII ყრილობაზე] (1934 წლის იანვარი).

1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა ი. ბ. სტალინი. ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მყოფმა თანაპარტიელებმა სტალინის გარდაცვალების დღიდანვე წამოიწყეს ცვლილებები როგორც პარტიის ორგანიზაციულ, ისე იდეოლოგიურ სფეროში. დაიწყო რეპრესიების დროინდელი «ხალხის მტრების» რეაბილიტაცია, პირველად უკვე მარტშივე გაჟღერდა «პიროვნების კულტი». ლავრენტი ბერიას ინიციატივით 1953 წლის აპრილში მიღებულ იქნა დადგენილება, რომელიც ითვალისწინებდა პარტიის იდეოლოგიურ სფეროში დამახინჯებათა და ნაკლოვანებათა აღმოფხვრას. ეს შეეხო ი. სტალინის თხზულებებსაც, რადგან მიჩნეულ იქნა, რომ სტალინის ნაწარმოებებში არსებობდა ბევრი ისეთი მცდარი თეზისი, რაც «უცხო იყო მარქსიზმ-ლენინიზმისათვის», ერთ-ერთი ასეთი თეზისი იყო ის, რომ სოციალიზმის გამარჯვების მოახლოების კვალობაზე სსრ კავშირში კლასობრივი ბრძოლა კიდევ უფრო გამწვავდებოდა. 1956 წელს სკკპ XX და 1961 წელს სკკპ XXII ყრილობებზე ნიკიტა ხრუშჩოვის აზრით, სწორედ ამ თეზისის განხორციელებამ გამოიწვია ის რეპრესიები, რაც 1937-1938 წლებში ხდებოდა სსრ კავშირში. ზემოთ ნახსენები თეზისის მატარებელია თხზულებათა მე-13 ტომი და გამოუცემელი მე-14 და მე-15 ტომების ნაწარმოებთა შინაარსი. 1954 წელს იყო მცდელობა დაემთავრებინათ თხზულებათა კრებული მე-14 ტომით, რომელშიც არ იქნებოდა შეტანილი ის სტალინის ნაწარმოებები, რომლებიც «მცდარი თეზისების მატარებელი» იქნებოდნენ, თუმცა, საბოლოოდ, აღარც ის გამოსცეს.

ამრიგად, სტალინის გარდაცვალებით შეწყდა თხზულებათა კრებულის გამოცემა და მისი გამოცემა აღარ განახლებულა საბჭოთა კავშირში. არსებობს მხოლოდ გამოუცემელი ტომების სასიგნალო ეგზემპლარები, რუსული ეგზემპლარები რუსეთის არქივებში ინახება, ხოლო ქართული ვერსია, მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალში ინახებოდა, თუმცა დღეს დაკარგულად ითვლება.

რაც შეეხება ტირაჟს, რუსულ ენაზე თითოეული ტომი გამოიცემოდა 500 000-იანი ტირაჟით, ქართულ ენაზე კი 35 000-იანი ტირაჟით.

თხზულებათა ტომების შინაარსი

რედაქტირება

სტალინის თხზულებათა 1-ელი ტომის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ, რომ უნდა გამოცემულიყო 16 ტომი. გამოცემულ და გამოუცემელ თხზულებათა ტომების შინაარსი მოიცავს:


1-ელი ტომი — 1901-1907 წლის აპრილი. ამ პერიოდში სტალინი გამოდის რევოლუციურ ასპარეზზე, ხდება რსდმპ წევრი, აწყობს გაფიცვებს, ხელმძღვანელობს მუშათა დემონსტრაციებს. აქ შეტანილია ისეთი მნიშვნელოვანი თხზულებები როგორიცაა, «აგრარული საკითხი» (1906), «ანარქიზმი თუ სოციალიზმი» (1906-1907) და სხვ..

 
ი. სტალინი თხზულებანი, ტომი 1.

მე-2 ტომი — 1907-1913 წლები. ამ ტომში შესულია სტალინის ცნობილი ნაწარმოები «მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი» (1913 წ.).

 
ი. სტალინი, თხზულებანი, ტომი 2.


მე-3 ტომი — 1917 წლის მარტი-ოქტომბერი. აქ შესული ნაწარმოებები დაწერილია იმ პერიოდში, როცა ბოლშევიკური პარტია აწარმოებს ბრძოლას პროლეტარიატის დიქტატურის დამყარებისათვის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის პერიოდიდან ოქტომბრის რევოლუციურ გადატრიალებამდე.

 
ი. სტალინი, თხზულებანი, ტომი 3.

მე-4 ტომი — 1917 წლის ნოემბერი-1920 წელი. ამ ტომში გამოსარჩევია ი. სტალინის თხზულება — «ოქტომბრის გადატრიალება და ნაციონალური საკითხი» (1918 წ.).

 
ი. სტალინი, თხზულებანი, ტომი 4.

მე-5 ტომი — 1921-1923 წლები. ეს არის პერიოდი, როცა ბოლშევიკები იბრძვიან პროლეტარიატის დიქტატურის განმტკიცებისათვის, როცა ქვეყანა გადადის ნეპ-ის პოლიტიკაზე. ამ დროინდელი ნაწარმოებებიდან უნდა აღინიშნოს სტალინის თხზულება — «რუსი კომუნისტების სტრატეგიისა და ტაქტიკის საკითხისათვის» (1923 წ.).

 
ი. სტალინი, თხზულებანი, ტომი 5.

მე-6 ტომი — 1924 წელი. ამ ტომში შეტანილია ისეთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, როგორიცაა «ლენინიზმის საფუძვლების შესახებ», «ტროცკიზმი თუ ლენინიზმი», «ოქტომბრის რევოლუცია და რუსი კომუნისტების ტაქტიკა».

 
ი. სტალინი, თხზულებანი, ტომი 6.

მე-7 ტომი — 1925 წელი. ამ ტომში შეტანილია ი. სტალინის მოხსენება პარტიის XIV ყრილობაზე, რომელიც «ინდუსტრიალიზაციის ყრილობის» სახელწოდებითაა ცნობილი. ამ წელს ეკუთვნის სტალინის თხზულება «კიდევ ერთხელ ნაციონალური საკითხისათვის».

 
ი. სტალინი, თხზულებანი, ტომი 7.

მე-8 ტომი — 1926 წლის იანვარი-ნოემბერი. ამ ტომშია შეტანილი «ლენინიზმის საკითხებისათვის».

 
ი. სტალინი, თხზულებანი, ტომი 8.

მე-9 ტომი — 1926 წლის დეკემბერი-1927 წლის ივლისი. ამ პერიოდში გადაწყდა «მემარცხენე ოპოზიციასთან» ბრძოლის ბედი.

 
ი. სტალინი, თხზულებანი, ტომი 9.


მე-10 ტომი — 1927 წლის აგვისტო-დეკემბერი. ამ პერიოდში ბოლშევიკებმა საბოლოოდ ამხილეს ტროცკი და მისი მიმდევრები და ისინი პარტიიდან გარიცხეს. აქ შეტანილი ნაწარმოებებიდან ცნობილია «ტროცკისტული ოპოზიცია წინათ და ახლა». ამავე ტომშია სტალინის საანგარიშო მოხსენება პარტიის XV ყრილობაზე, რომელიც ცნობილია, როგორც «კოლექტივიზაციის ყრილობის» სახელწოდებით.

 
ი. სტალინი, თხზულებანი, ტომი 10.

მე-11 ტომი — 1928-1929 წლის მარტი. ამ პერიოდში ბოლშევიკური პარტია ატარებს ქვეყანაში კოლექტივიზაციის პოლიტიკას. სწორედ ამ დროს პარტიაში თავს იჩენს მემარჯვენე გადახრა.

 
ი. სტალინი, თხზულებანი, ტომი 11.


მე-12 ტომი — 1929 წლის აპრილი-1930 წლის ივნისი. ამ პერიოდში მძაფრდება ბრძოლა მემარჯვენე გადახრასთან, რომელსაც ბუხარინი ხელმძღვანელობს. ამ ტომში შეტანილია სტალინის მოხსენება პარტიის XVI ყრილობაზე, რომელიც ცნობილია «მთელ ფრონტზე გაშლილი სოციალისტური შეტევის ყრილობის» სახელწოდებით.

 
ი. სტალინი, თხზულებანი, ტომი 12.

მე-13 ტომი — 1930 წლის ივლისი-1934 წლის იანვარი. ამ პერიოდში ბოლშევიკები ატარებენ კაპიტალისტური ელემენტების ლიკვიდაციის პოლიტიკას, ქვეყანა გადადის სოციალისტური რეკონსტრუქციის ეტაპზე. ამ ტომში შეტანილია ი. სტალინის მოხსენება პარტიის XVII ყრილობაზე.

 
ი. სტალინი, თხზულებანი, ტომი 13.

გამოუცემელი ტომების შინაარსი:

მე-14 ტომი — 1934-1940 წლები. ეს არის პერიოდი, როცა სსრ კავშირი სოციალისტური რეკონსტრუქციის ეტაპზეა და, როცა უკვე გაიმარჯვა სოციალიზმმა. ამ პერიოდში იქნა მიღებული სტალინური კონსტიტუცია, რომელშიც ასახულია პირველ სოციალისტურ ქვეყანაში განხორციელებული ცვლილებები.

მე-15 ტომი — «საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკებისა) ისტორია. მოკლე კურსი», რომელიც ცალკე წიგნად გამოიცა 1938 წელს.

 
საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკებისა) ისტორია. მოკლე კურსი

მე-16 ტომი — 1941-1945 წლები. ამ ტომში უნდა შესულიყო საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის დროინდელი თხზულებები.

თხზულებათა განახლებული გამოცემები

რედაქტირება

ცნობილია, რომ სტალინის თხზულებათა კრებულის დამთავრებული სახით გამოცემაზე დაინტერესდნენ ამერიკაში. 1960-იანი წლების მეორე ნახევარში ჰუვერის სახელობის ომის, რევოლუციისა და მშვიდობის ინსტიტუტმა (სტენფორდი, კალიფორნია) რუსულ ენაზე გამოსცა სამი ტომი.

 
კოსოლაპოვის რედაქციით გამოცემული სტალინის თხზულებათა 14-18 ტომები

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთშიც გამოიცა სტალინის თხზულებათა გამოუცემელი ტომები. 1997-2010 წლებში, რ. ი. კოსოლაპოვის რედაქციით გამოცემულმა ტომებმა მეტ-ნაკლებად დამთავრებული სახე მისცეს რუსეთში სტალინის თხზულებათა კრებულს. გამოცემას აქვს რამდენიმე ნაკლოვანება, ჯერ-ერთი, რომ რედაქტორმა არ დაიცვა თანამიმდევრობის პრინციპი და სტალინის თხზულებებში არ შეიტანა «საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკებისა) ისტორია. მოკლე კურსი»; მე-15 ტომში, რომელიც სამ წიგნად იყოფა, შეტანილია სამამულო ომის დროინდელი ნაწარმოებები, მაშინ, როცა ეს ტომი საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკებისა) ისტორიას უნდა დათმობოდა. მეორე ნაკლოვანებას წარმოადგენს ის, რომ თხზულებებში შეტანილია ისეთი ნაწარმოებები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში პოლიტიზირებული და გაყალბებულია. ასევე, ამ ტომებში არის ნაწარმოებები, სადაც სტალინისა და გამოგონილი პერსონაჟების საუბრებია მოცემული. ეს კი სცილდება ისტორიზმის ობიქტურობის პრინციპების ნორმებს. ეს დოკუმენტები, როგორც ჩანს, 1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-იან წლებში რუსულ პრესაში გამოქვეყნებული დოკუმენტებია, რომელთა სანდოობაც დღეს არ არის დადასტურებული.

სტალინის თხზულებათა კრებულის გამოცემის განახლება საქართველოში

რედაქტირება
 
ი. სტალინის თხზულებათა მე-14 ტომი (ქართული განახლებული გამოცემა).

საქართველოშიც დაინტერესდნენ სტალინის თხზულებათა კრებულის დამთავრებით. სტალინის გარდაცვალებიდან 70 წლის წლის შემდეგ განახლდა ი. სტალინის თხზულებათა კრებულის გამოცემა. ილია ქველაძის რედაქციით უკვე გამოცემულია თხზულებათა მე-14 ტომი, რომელშიც რედაქტორ-გამომცემელმა თანამიმდევრობისა და ისტორიზმის პრინციპების დაცვით შეადგინა წიგნი. მე-14 ტომში შეტანილია სამოცდაათამდე თხზულება, რომელთაგან ზოგიერთი თხზულება ქართველი მკითხველისათვის უცნობია, მაგალითად, «საკუბარი ლიონ ფოიხტვანგერთან», «საუბარი იოსუკე მაცუოკასთან», მოხსენება საბარათო სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით და სხვა.

მე-14 ტომში შეტანილია ი. სტალინის 1934-1941 წლების ნაწარმოებები. ეს არის პერიოდი, როცა საბჭოთა სახელმწიფო სოციალისტური რეკონსტრუქციის ეტაპზეა და აწარმოებს ბრძოლას სოცილიასტური სისტემის ასაშენებლად. წინამდებარე ტომში ნაჩვენებია რა სიძნელეების გადალახვა და რა პოლიტიკის გატარება მოუწია ქვეყანას (ამასთან დაკავშირებით იხილეთ: «სსრ კავშირის კონსტიტუციის პროექტის შესახებ», «საანგარიშო მოხსენება პარტიის XVIII ყრილობაზე საკავშირო კ. პ. (ბ) ცენტრალური კომიტეტის მუშაობის შესახებ»).

 
ი. სტალინის თხზულებათა მე-14 ტომის თავფურცელი

მე-14 ტომში შეტანილ მნიშვნელოვან თხზულებათა შორის უნდა გამოირჩეს ი. ბ. სტალინის მოხსენება 1937 წლის მარტის პლენუმზე – «პარტიული მუშაობის ნაკლოვანებებსა და ტროცკისტ და სხვათა თვალთმაქცთა ლიკვიდაციის ღონისძიებებზე», რომელშიც მომხსენებელმა სრულყოფილად ამხილა ანტისაბჭოთა ტროცკისტული ორგანიზაციის მუშაობის მექანიზმი, რომელიც მიმართული იყო საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს მოხსენება განსხვავებულ შთაბეჭდილებას ქმნის 1937-1938 წლების რეპრესიებზე.

ი. სტალინის საუბრები საზღვარგარეთელი პოლიტიკურ მოღვაწეებთან და ინტელიგენციის წარმომადგენლებთან გვიჩვენებს საბჭოთა სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური კურსის არსს; როგორ პოლიტიკას ატარებდა ქვეყანა 1939 წლამდე და 1939 წლის შემდეგ, როცა მსოფლიოში მეორე მსოფლიო ომია გაჩაღებული.

გამოყენებული ლიტერატურა

რედაქტირება

1) სტალინი, ი., თხზ. ტ. 1-13. 1947-1952.

2) სტალინი, ი. თხზ. ტ. 14 (რედ. ილია ქველაძე). 2024.

3) საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკებისა) ისტორია. მოკლე კურსი. 1938.

4) სკკპ XXII ყრილობის მასალები. 1961.

5) Сталин И.В. Cочинения. – Т. 14-18 М.: Издательство “Писатель” ( Ред. Косолапов Р.И.). (1997-2004)

6) Рыченков С.Ю. Архивная справка. О макетах неизданных томов Сочинений И. В. Сталина. https://c21ch.newcastle.edu.au/stalin/t18/t18_002.htm

7) Косолапов Р.И. Предисловие. https://c21ch.newcastle.edu.au/stalin/t14/t14_00.htm

8) Георгий Максимилианович Маленков - из сумрака забвения… https://historyrussia.org/index.php?option=com_content&view=article&layout=edit&id=4525