იოსებ გიორგის ძე ზაალიშვილი (დ. 2 მარტი, 1905, ქ. ახალციხე, — გ. 31 იანვარი, 1987, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი. პროფესორი (1974). საქართველოს დამსახურებული ინჟინერი (1961).

სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში (1927–1930) და საქართველოს საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტში (1930–1932). ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში (1955–1987). 1932–1970 წლებში მუშაობდა სხვადასხვა საპროექტო და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში. ძირითადი ნამუშევრები: კურორტ წყალტუბოს გენერალური გეგმა (1953; ვ. კედიასთან ერთად), ოჩამჩირის დაგეგმარება და რეკონსტრუქცია (1974; სხვებთან ერთად), კურორტების ავადჰარას (1963), ლებარდეს (1967), საირმის (1974) დაგეგმარების პროექტები. ნაყოფიერად მუშაობდა ქალაქმშენებლობითი ხასიათის იდეა-პროექტების შექმნაზე. განხორციელებული პროექტებიდან აღსანიშნავია: №8 სააბაზანო წყალტუბოში (1962; კონსტრუქტორები ნ. მესხი, დ. ქაჯაია), კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის ინსტიტუტი თბილისში (1963), სანატორიუმი „მთის ხეობა” ბორჯომში (1980) და სხვ.

ლიტერატურა

რედაქტირება