იოსებ ალექსანდრეს ძე გუნცაძე (დ. 1863, სოფ. კვალითი, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, — გ. 1934, იქვე) — ქართველი აგრონომი.

დაამთავრა მონპელიეს (საფრანგეთი) აგრონომიული ინსტიტუტი (1887). სამშობლოში, კვალითში დაბრუნების შემდეგ შეუდგა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას. აღმოაჩინა ვაზის დაავადება ჭრაქი, შეიმუშავა ბორდოს ხსნარის დასამზადებელი რეცეპტი და დაიწყო ვაზის შეწამვლა. ფილოქსერის წინააღმდეგ პირველმა დაამყნო ამერიკულ საძირეზე ვაზი, რაც ფართოდ დაინერგა მევენახეობაში. საზღვარგარეთიდან შემოიტანა ახალი გაუმჯობესებული სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღები, ხელსაწყოები და აპარატები. სასოფლო-სამეურნეო ცოდნის პროპაგანდის მიზნით ატარებდა საცდელ-საჩვენებელ სამუშაოებს, ექსპერიმენტებს, აჩვენებდა ახალ აგროტექნიკურ წესებს. შეიმუშავა ქართული ვაზის ჯიშებისაგან ღვინის დაყენების რამდენიმე ხერხი. 1908 წელს ზესტაფონში დააარსა სამომხმარებლო-საკრედიტო ამხანაგობა „იმერეთი“, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1923 წლმდე. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ნაშრომი, სისტემატურად თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ პრესასთან.

ლიტერატურა

რედაქტირება