იონა კონსტანტინეს ძე გაბისონია (დ. 1902, სოფელი კურზუ, სენაკის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 6 იანვარი, 1988) — ქართველი საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე. სკკპ წევრი (1927), საქართველოს სსრ-ის I და აფხაზეთის ასსრ-ის II და III უმაღლესი საბჭოების მოწვევების დეპუტატი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

იონა კონსტანტინეს ძე გაბისონია დაიბადა 1902 წელს ქუთაისის გუბერნიის სენაკის მაზრის სოფელ კურზუში, გლეხის ოჯახში. 17 წლის ასაკიდან დაიწყო მუშაობა. 1921 წელს შევიდა კომკავშირის რიგებში. 1924 წელს დაამთავრა პედაგოგიური ტექნიკუმი და მოხალისედ წავიდა საბჭოთა არმიის რიგებში.

1927 წელს დემობილიზაციის შემდეგ მუშაობა დაიწყო ახალსენაკის კომკავშირის სამაზრო კომიტეტის ინსტრუქტორად. იმავე წელს ის მიღებულ იქნა სკკპ რიგებში და გადაიყვანეს პარტიულ სამუშაოზე. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს კომპარტიის მარტვილის, ჭიათურის რაიონული კომიტეტების მდივნად. არჩეული იყო საქართველოს კომპარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტის ბიუროს წევრად. 1931 წელს გაგზავნეს ამიერკავკასიის რკინიგზის სისტემაში სამუშაოდ, სადაც მუშაობდა განყოფილების პარტიული კომიტეტის მდივნად. 1933-1935 წლებში სწავლობდა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მარქსიზმ-ლენინიზმის უნივერსიტეტში, რომლის დამთავრების შემდეგაც მუშაობდა საქართველოს კომპარტიის ფოთის საქალაქო კომიტეტში, ჯერ მდივნის მოადგილედ, შემდეგ პირველ მდივნად. 1938 წელს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილებით დაინიშნა საქართველოს სსრ-ის ფინანსთა სახალხო კომისარიატის ადგილობრივი ბიუჯეტის სამმართველოს უფროსად და კოლეგიის წევრად, მოგვიანებით კი — საქართველოს სსრ-ის ფინანსთა სამინისტროს საკონტროლო-სარევიზიო სამმართველოს უფროსად. 1942-1943 წლებში მუშაობდა სიღნაღის რაიონის სამანქანო-სატრაქტორო სადგურის პოლიტგანყოფილების უფროსად. 1943-1946 წლებში იყო საქართველოს კომპარტიის სოხუმის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივანი, 1946 წლიდან კი აფხაზეთის ასსრ-ის ადგილობრივი მრეწველობის მინისტრია. 1955-1971 წლებში მუშაობდა კოჩარის ჩაის, შემდეგ კი სოხუმის ავეჯის ფაბრიკის დირექტორად. 1971 წლიდან პენსიაზე გავიდა.

არჩეული იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრობის კანდიდატად, საქართველოს სსრ-სა და აფხაზეთის სსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.

იონა გაბისონია გარდაიცვალა 1988 წლის 6 იანვარს.

ჯილდოები და მედლები

რედაქტირება

დაჯილდოებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მრავალი სხვა მედლით. მას გადაეცა სამკერდე ნიშანი „50 წელი სკკპ რიგებში“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №5 (12521), 8 იანვარი, 1988