იოანე გუთელი (დ. ?, პარტენიტი, ყირიმი — გ. 790, ამასტრიდა) — გუთეთის (ასე იწოდებოდა ადრე შუა საუკუნეებში ყირიმის ნახევარკუნძულის სამხრეთი ნაწილი) ეპის­კო­პო­სი 758 წლიდან. იოანეს მამას ლეონი ერქვა, დედას — ფოტიანე. ლეონის მამა პონტოდან იყო გადასახლებული გუთეთში. იოანე ბავშვობიდანვე „ასკეტურ ცხოვრებას“ ეზიარა.[1]

ბიზანტიის იმპერატორი კონსტან­ტინე V კოპრონიმის (743–775) მიერ კონსტანტინოპოლში მო­წვეულმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ (754) ხატთაყვანისცემის აკრძალვა დაადასტურა. კრებაზე დამსწრე გუთეთის ეპისკო­პო­სი დადგენილების მიმხრობის გამო იმპერატორმა თრაკიაში ჰერაკლიის მიტროპოლიტად დანიშნა, მის მაგივრად გუთეთის მოსახლეობამ იოანე აირჩია. გუთეთის ეკლესია იმხანად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, ამიტომ იოანე გუთეთის ეპისკოპოსად კონსტანტინოპოლის პატრიარქს უნდა ეკურთხებინა. კონსტანტინოპოლის პატრიარქი ხატმებრძოლი იყო, გუთეთის მოსახლეობა კი ხატთაყვანისმცემლად რჩებოდა, ამიტომ იერუსალიმში საკურთხებ­ლად ჩასული იოანე იქ სამი წელი უშედეგოდ ელოდა ხელდასხმას (საეკლესიო სამართლი­დან გამომდინარე, იერუსალიმის ­პატრიარქს სხვა საპატრიარქოსადმი დაქვემდე­ბა­რებული ეპარქიის ხელ­დასხმის უფლება არ ჰქონდა). იერუსალიმიდან გუთეთში დაბრუნებული ­იოანე, როგორც მის „ცხოვრებაშია“ ნათქვამი, მრევლის მოთხოვნით იბერიაში ჩა­მო­ვი­და და აქ იქნა ხელდასხმული გუთეთის ეპისკოპოსად.[1]

იოანე გუთელის „ცხოვრებასა“ და „დიდ სჳნაქსარში“ არსებულ ცნობებზე დაყრდნობით, ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში მისი ხელდასხმის ადგილად ქალაქი მცხეთა იყო მიჩნეული – სავარაუდოდ, იგი იოანე III ქართლის კათოლიკოსმა აკურთხა.[1]

იოანე გუთელის „ცხოვრების“ ცნობებიდან გამომდინარე, იგი ცოცხალი ჩანს კონსტანტინოპოლის პატრიარქის პავლეს დროსაც. 780 წელს იგი კონსტანტინოპოლში ჩასულა და ხატთაყვანისმცემელთა მხარდასაჭერად უქადაგია. მას შემდეგ, რაც იმპერიამ გუთეთი ხაზართა ხანს დაუთმო, იოანე გუთელი მცირე აზიაში გაიქცა და 4 წელი ქალაქ ამასტრიდაში იმყოფებოდა. იქ გაიგო ხაზართა ხანის გარდაცვალების ამბავი, მეორმოცე დღეს, 26 ივნისს, კი თვითონ გარდაიცვალა. ამასტრიდის ეპისკოპოსმა გიორგიმ და ქალაქის მოსახლეობამ მისი ნეშტი „საკმეველითა და სანთლებით ხომალდამდე მიაცილეს“. იოანე გუთელი ქალაქ პართენიტონში, წმინდა მოციქულთა მონასტერში თავის მამობილთან დაკრძალეს. შერა­ცხულია წმინ­და­ნად. ღირსი იოანეს ხსენების დღეა 26 ივნისი (9 ივლისი).[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 გოილაძე ვ., იოანე გუთელი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 312.