იოანე ბატონიშვილის სჯულდება
იოანე ბატონიშვილის სჯულდება („წინადადებაჲ“) — ქართლ-კახეთის სამეფოს სახელმწიფო წყობილების რეფორმების პროექტი, რომელიც იოანე ბატონიშვილმა წარუდგინა მეფე გიორგი XII-ს 1799 წლის 10 მაისს. პროექტის ავტორი ცდილობდა „განწირულებასა შინა“ მყოფ სრულიად საქართველოს უჩვენოს მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალი. იგი იხილავს სახელმწიფო მმართველობისა და სამხედრო უწყების რეფორმების საკითხს. მისი მიზანია სახელმწიფო ხელისუფლების გაძლიერება და ფეოდალთა თვითნებობის ალაგმვა. ძეგლის მიხედვით, საქართველოს უნდა ჰყავდეს დისციპლინიანი რეგულარული არმია, მის შესაქმნელად კი საჭიროა სახელმწიფო შემოსავლის გადიდება სხვადასხვა გადასახადის შემოღებით. ყოველ ათ კომლ ყმას ერთი უცოლშვილო ყმაწვილი კაცი უნდა მიეცა სახელმწიფოსათვის „თავისის პურით ხუთს წელიწადს“. ასე უნდა შექმნილიყო ჯარი „ვიდრე ორი ათას კაცამდე“. არმიიდან დათხოვნის შემდეგ ჯარისკაცებს ეძლეოდათ ქორწინების ნებართვა, ცალკე უნდა შექმნილიყო ცხენოსანი ჯარი. მდევარი არ უნდა მოშლილიყო. უნდა გაუმჯობესებულიყო არმიის შეიარაღება, შექმნილიყო არტილერია.
ძეგლში შენარჩუნებულია სახელოების მემკვიდრეობითობის პრინციპი, ამასთან საჭიროდაა მიჩნეული სამოხელეო აპარატის გარკვეული რეფორმა, ახალი სახელოების შემოღება. სჯულდება ითვალისწინებს მამულების, ქვრივოხერთა და ელჩების უფროსების, განათლების მოხელის თანამდებობებს. პროექტის ავტორი მეფეს ურჩევს ხელი შეუწყოს ქართველთა შორის ვაჭრობის განვითარებას.
აუცილებლადაა მიჩნეული ქვეყანაში ხელოსნობის განვითარება, გათვალისწინებულია თბილისში, გორსა და თელავში სასწავლებლების გახსნის, წერილების საცავის ანუ დავთარხანის და „ბიბლიოთეკის“ სახლის აშენება.
სჯულდების თანახმად უნდა განვითარებულიყო საჯარო სასჯელთა სისტემა. სამშობლოს მოღალატე — „მამულის მუხანათი“ მკაცრად უნდა დასჯილიყო, მიუხედავად მისი პიროვნებისა. ძეგლის ავტორი კაცისმკვლელთა მიმართ ვახტანგის სჯულით გათვალისწინებულ “სისხლს“ მსუბუქად მიიჩნევს და სასჯელად აწესებს მარჯვენა ხელის მოჭრას. ვინც მესამედ მოჰკლავდა კაცს, სიკვდილით უნდა დასჯილიყო.
სჯულდება მნიშვნელოვანი ძეგლია გვიანდელი შუა საუკუნეების საქართველოს პოლიტიკური და იურიდიული აზროვნების, ქართული სამართლის, საქართველოს სახალხო მეურნეობის, სამხედრო წყობილებისა და განათლების სისტემის ისტორიის შესასწავლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნადარეიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 188.