იმიტირებული ქრონიკა

იმიტირებული ქრონიკის სახელით ცნობილია სიუჟეტი, რომელიც 2010 წლის 13 მარტს 20:00 საათზე, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „სპეციალურ რეპორტაჟში“ გავიდა.

გადაცემა

რედაქტირება

საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკის“ წამყვანი ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში მომხდარი ფაქტების დამონტაჟებული კადრების საფუძველზე აცხადებდა რომ, თითქოს „სამხრეთ ოსეთის“ ლიდერის, ედუარდ კოკოითის წინააღმდეგ განხორციელდა ტერაქტი, ქართულმა ოპოზიციამ შექმნა სახალხო ხელისუფლება, რომელთა ლიდერებმაც რუსეთთან კავშირი დაამყარეს, რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს სრული ანექსიის ბრძანება გასცა, დაიბომბა აეროპორტები და საზღვაო პორტები. მოხდა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაცია და სხვ.

მცირე გაფრთხილებაში, რომელიც ტელეკომპანიამ გადაცემის დაწყებამდე გააკეთა, აღინიშნა, რომ გადაცემა „მოდელირებული“ იყო, ანალოგიური განცხადება გაკეთდა გადაცემის ბოლოშიც, თუმცა გადაცემის მსვლელობისას არანაირი წარწერა არ მიანიშნებდა იმაზე, რომ ეს იყო სპეციალური რეპორტაჟი მოვლენათა შესაძლო განვითარების შესახებ.[1][2]

საქართველო

რედაქტირება

იმიტირებულ ქრონიკას მალევე მოჰყვა მძაფრი რეაქცია.

დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, იმიტირებული „ქრონიკის“ შემდეგ გარდაიცვალა ქალი, რომლის შვილიც ჯარში მსახურობს,[3] თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

საინფორმაციო სააგენტო, ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ახალგორისა და გორის მოსახლეობის ნაწილმა სახლები დატოვა და ტყეებში გაიხიზნა. თბილისსა და ფოთში კი ბევრის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებები მნიშვნელოვნად გაიზარდა.[1]

თბილისის რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილმა მოსახლეობამ ინსცენირებული გადაცემის დამკვეთად ხელისუფლება დაასახელა. იგივე აზრის იყო ოპოზიციის ნაწილიც.[4]

ქ. თელავში ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. მათმა აქტივისტებმა იმ ჟურნალისტების პასუხისგებაში მიცემა მოითხოვეს, რომლებმაც აღნიშნული გადაცემის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს.[5]

„სპეციალურ რეპორტაჟში“ გასული ინფორმაციების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ და აღნიშნა, რომ გადაცემამ პრეზიდენტის გულისწყრომა დაიმსახურა და რომ მსგავსი გადაცემა მედია სტანდარტების დარღვევა იყო.[1]

2010 წლის 15 მარტს, ტელეკომპანია იმედის ხელმძღვანელმა გიორგი არველაძემ ეთერში გასული „იმიტაციის“ გამო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. მისი განცხადებით „საბოლოო ჯამში მიღებული შედეგი, ეთიკური თვალსაზრისით, მძიმე აღმოჩნდა. თუმცა, ეს არ წარმოადგენდა ამ გადაცემის გეგმასა და მიზანს. მთავარი პრინციპი იყო, რომ საზოგადოება გაფრთხილებული ყოფილიყო და გადაცემის დასაწყისში ეს ასეც გაკეთდა.“[6]

საერთაშორისო

რედაქტირება

13 მარტის „ქრონიკამ“ დიდი რეზონანსი გამოიწვია საქართველოს ფარგლებს გარეთაც. გარდა იმისა, რომ ის ნეგატიურად შეფასდა რუსეთში, მას მკვეთრი რეაქცია მოჰყვა დასავლეთშიც. დასავლეთის წამყვანმა არხებმა 13 მარტის იმიტირებული „ქრონიკა“ 1991 წლის 19 დეკემბრის “ვრემიას” და 1938 წლის ნიუ-იორკის ერთ-ერთ რადიოსადგურს შეადარეს. ამ უკანასკნელმა მოულოდნელად შეწყვიტა მუსიკალური რადიოგადაცემა და გამოაცხადა, რომ დედამიწას თავს უცხოპლანეტელები დაესხნენ და ისინი ხალხს ხოცავდნენ. ნიუ-იორკში პანიკა დაიწყო, რასაც მასობრივი თავშეყრის ადგილებში ჭყლეტა და 20-მდე ამერიკელის დაღუპვა მოჰყვა.[7]

  1. 1.0 1.1 1.2 "იმედის" იმიტაციებს პანიკა მოჰყვა საქართველოში. რადიო თავისუფლება. 13 მარტი, 2010.
  2. ”იმედის” დადგმული ”ქრონიკა”. დაარქივებული 2011-05-25 საიტზე Wayback Machine. სივილ ჯორჯია. 14 მარტი, 2010.
  3. “033”-ში ხუთი დეკემბრის ქუჩაზე ქალბატონის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.[მკვდარი ბმული] ინტერპრესნიუსი. 14 მარტი, 2010.
  4. რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი მოსახლეობა ქრონიკის ინსცენირებული გადაცემის დამკვეთად ხელისუფლებას ასახელებს. ექსპრესნიუსი. 14 მარტი, 2010.
  5. იმედის „იმიტირებული ქრონიკა“ კახეთშიც გააპროტესტეს. სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი. 15 მარტი, 2010.
  6. იმიტირებული “ქრონიკის” გამო გიორგი არველაძე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. ექსპრესნიუსი. 15 მარტი. 2010
  7. იმიტირებული ქრონიკა ამერიკის ელჩმაც დაგმო.[მკვდარი ბმული] ახალი თაობა. 16 მარტი. 2010.