ილორობა
ილორობა — წმინდა გიორგის სახელობის დღესასწაული. იმართებოდა 20 ნოემბერს (დ. ბაქრაძის მიხედვით 10 ნოემბერს[1]) სოფ. ილორში (ოჩამჩირის რაიონი) წმინდა გიორგის ეკლესიაში (XI ს.). XVII-XVIII საუკუნეების მონაცემებით, დღესასწაულის წინა საღამოს სამეგრელოს მთავარი სამღვდელოებისა და დიდებულების თანხლებით, შემოუვლიდა ეკლესიის გალავანს, მის შემოგარენს და შესასვლელს საკუთარი ბეჭდით დაბეჭდავდა. მეორე დილით, ისევ მხლებლების თანხლებით, მთავარი თვითონვე ხსნიდა საბეჭდავს. მლოცველებს ეშოში ხვდებოდა ხარი (ხალხური წარმოდგენით წმ. გიორგის სახელობის ცხოველი), რომელიც თითქოს ღამით სასწაულებრივად შეჰყავდა წმინდანს. ხარს კლავდნენ და ხორცის ნაჭრებს მლოცველებს ურიგებდნენ. მორწმუნეები მას დიდი სასოებით ინახავდნენ როგორც ბოროტისა და ავი სენისაგან დამცველი. გადმოცემით, ძველად ხარის მაგივრად ტაძარში შემოდიოდა სამსხვერპლო ირემი. ილორის წმ. გიორგისა და მისი დღეობის ძალა აღიარებული ყოფილა მთელს დასავლეთ საქართველოში და რიგ მეზობელ ხალხებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- სურგულაძე ირ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 108-109.
- Джанашиа Н. С., Статья по этнографии Абхазии, Сух., 1960.