ილიურთის ციხე-სახლი
ილიურთის ციხე-სახლი — ციხე-სახლი თუშეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სოფლ ილიურთის ტერიტორიაზე, სოფლის შუაში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკუთვნოდა ილიკო ბახტურიძეს.
ციხე-სახლი (5,6 X 4,5 მ; სიმაღლე 6,6 მ) სამსართულიანია, ნაგებია ფიქალი ქვით. წყობა მშრალია. I სართულზე შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა, II-ზე - დასავლეთიდან. II სართულზე აღმოსავლეთ კედელში ორი, ხოლო სამხრეთისაში ერთი სარკმელია, ჩრდილოეთ კედელში კი ერთი სათოფური. III სართული ოთხივე მხარეს გახსნილია. ამ სართულზე, შუაში, ქვის ბაზისიანი ხის საყრდენი სვეტი დგას. სართულშუა გადახურვა მოწყობილია ხის კოჭებზე. სართულები ერთმანეთს საძრომებით (ამოქოლილია) უკავშირდებოდნენ. პირველ სართულს საქონლის სადგომად იყენებდნენ, მეორეს - საცხოვრებლად, მესამე - სამეურნეო დანიშნულების იყო. შენობა გადახურულია ფიქლის ორფერდა სახურავით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქალდანი ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 94-95.