ილია (ილო) პატაშური (დ. 9 მაისი, 1939, სოფ. ხევშა, ახლანდ. დუშეთის მუნიციპალიტეტი — გ. 5 ივნისი, 2024,[1] იქვე) — ქართველი მხატვარი, ფერმწერი. პროფესორი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1982).

ილია პატაშური

ბიოგრაფია

რედაქტირება

ილია პატაშური დაიბადა 1939 წლის 9 მაისს დუშეთის რაიონის სოფელ ხევშაში. მისი მშობლები იყვნენ: მამა — ვასილ პატაშური, დედა — სოფიო ქავთარაძე. ილია პატაშურის წინაპრები იყვნენ XVII-XVIII საუკუნეებში თეთრი არაგვის ხეობაში ხევის თავი ბაგრატინების სამეფო კარის მცველნი, მსახურნი დუშეთსა და ანანურში დიდი რუხა ივანე და გივი პატაშურები. ლომისის წმინდა გიორგის და ხევშის მთავარანგელოზის დეკანოზები.

1946 წელს შევიდა ხევშის დაწყებით სკოლაში. 1956 წელს დაამთავრა ფასანაურის საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, რომელიც 1960 წელს წარჩინებით დაამთავრა. 1960 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ფერწერის სპეციალობით, რომელიც დაამთავრა წარჩინებით (სადიპლომო თემა: „დავით აღმაშენებელი დიდგორზე ბრძოლის წინ“), ნაშრომში მიიღო უმაღლესი შეფასება. ხელმძღვანელი სამხატვრო აკადემიის რექტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი — პროფესორი ა. ქუთათელაძე; ლექტორები: შ. მამალაძე, ჟ. ჯაში, კ. მახარაძე, ზ. ნიჟარაძე, ე. კალანდაძე; მხატვრულ დაოსტატებაში პროფესორები: საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი ლ. გუდიაშვილი და საქართველოს სახალხო მხატვარი ფ. ლაპიაშვილი.

1967 წელს დატოვეს სამხატვრო აკადემიაში ფერწერის კათედრაზე ლაბორანტად, ხოლო 1968 წელს მიიწვიეს ფერწერის კათედრაზე ფერწერის პედაგოგად. იმავე წლიდან გახდა საბჭოთა კავშირის მხატვართა კავშირის წევრი. 1970 წლიდან სწავლობდა სსრკ სამხატვრო აკადემიის ფერწერის შემოქმედებით სახელოსნოში. ხელმძღვანელი საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი უ. ჯაფარიძე. 1982 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება. 1990 წელს მოსკოვში მიენიჭა დოცენტის წოდება. 1995 წელს აირჩიეს თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორად და დანიშნეს ფერწერის კათედრაზე პეიზაჟის სახელოსნოს ხელმძღვანელად.

1966 წლიდან მონაწილეობს საქართველოსა და უცხოეთის სამხატვრო გამოფენებზე: საბერძნეთი, ბელგია, იუგოსლავია, პოლონეთი, აშშ, ინგლისი, იაპონია, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები.

ი. პატაშურს არაერთი პერსონალური გამოფენა აქვს მოწყობილი საქართველოში.

ილია პატაშური გარდაიცვალა 2024 წლის 5 ივნისს, დაკრძალულია მშობლიურ ხევშაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება