ილია ზარაფიშვილი
ილია აბრამის ძე ზარაფიშვილი (დ. 1856, სოფ. ქვემო მაჩხაანი, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, — გ. 1909, თელავი) — ქართველი პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე.
1878 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. შემდეგ ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, მათემატიკას — წმ. ნინოს ქალთა სასწავლებელში. „ნადიკვარელის” ფსევდონიმით აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს ქართულ პრესაში („დროება“, „ივერია“, „ცნობის ფურცელი“). 1895 წელს მისი ხელმძღვანელობით თელავში დაარსდა ქალთა ამხანაგობა, რომელშიც გაერთიანდა ორმოცდაათამდე ქალი. ამხანაგობა ატარებდა ლექცია-მოხსენებებს, ჩამოაყალიბა სცენის მოყვარეთა წრე. ზარაფიშვილი იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ აქტიური წევრი. რუსეთის 1905 წლის რევოლუციის დროს მონაწილეობდა საპროტესტო მოძრაობაში, დააარსა თელავის მაზრის მასწავლებელთა კავშირი. რუსეთის მთავრობამ ზარაფიშვილი დააპატიმრა და შორეულ ჩრდილოეთში გადასახლება მიუსაჯა, რაც შემდეგ ხანდაზმულობის გამო სამშობლოდან წასვლით შეუცვალეს. თავი შეაფარა თავრიზს, საიდანაც ჯანმრთელობაშერყეული დაბრუნდა სამშობლოში.
ლიტერატურა
რედაქტირება- სამადაშვილი ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
- კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.271.
- ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.131.