ითხვისის არქეოლოგიური ძეგლები
ითხვისის არქეოლოგიური ძეგლები — არქეოლოგიური ძეგლი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისთან, ადგილ ჩილათაზე.
გათხრები ჩატარდა 1962–1963 წლებში (ხელმძღვანელი რ. აბრამიშვილი). ნამოსახლარის უძველესი ფენა ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა. მასში აღმოჩნდა მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი მასალა. გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის ფენებში (ძვ. წ. II–I ათასწლეული) ნაპოვნია დიდი რაოდენობით შავად გამომწვარი კოლხური კერამიკა, ბრინჯაოსა და რკინის იარაღი, ბრინჯაოს ნივთების ჩამოსასხმელი ყალიბები, წიდა და ა. შ. ადრინდელი ანტიკური ხანის კულტურულ ფენებში ადგილობრივ მასალასთან ერთად აღმოჩნდა უცხოური ნივთებიც (ბერძნული შავლაქიანი კერამიკა, აღმოსავლეთ საქართველოდან შემოტანილი მოხატული ჭურჭელი და სხვ.). გაითხარა 12 სამარხი, რომელთაგან სიმდიდრით გამოირჩევა ძვ. წ. IV საუკუნის ერთ-ერთი სამარხი. ხის სარკოფაგში დაკრძალული იყო წარჩინებული ქალი მოახლითურთ, რომელსაც ჩატანებული ჰქონდა მრავალი ნივთი. ძვ. წ. V საუკუნის მდიდრულ სამარხში სხვა ნივთებთან ერთად აღმოჩნდა ძვ. წ. V საუკუნის II მეოთხედის ანტიკური შავფიგურებიანი კილიკი და შავლაქიანი ჯამი. ჯამზე და ერთ ადგილობრივ თიხის დოქზე ბერძნული ასოებით ამოკაწრულია მფლობელის სახელი – „მეტოს“. ეს წარწერა ბერძნული დამწერლობის გამოყენების უძველესი მაგალითია საქართველოში. ჩილათის სამოსახლომ ადრინდელ ფეოდალურ ხანამდე იარსება.
ლიტერატურა
რედაქტირება- გაგოშიძე ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 225.
- გაგოშიძე ი., ითხვისის სამარხი, „ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე“, 1967, ტ. 25 B