ივლიტას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია

ივლიტას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია — სოფელ ივლიტაში მდებარე უჩვეულო გეგმის და იერის ტაძარი. ეკლესია მდებარეობს სოფლის ცენტრში, ნაგებია არეული წყობით, ასაშენებლად გამოყენებულია სწორკუთხა კვადრები, ნატეხი და რიყის ქვა, საფლავის ქვები. ტაძარში ჩართულია ორნამენტიანი ქვებიც (განსხვავებული ნახატისა და კვეთის ქვები, სავარაუდოდ მოტანილია სხვადასხვა ტაძრიდან) და საცხოვრებელი სახლის მსგავსად გადახურულია სამქანობიანი სახურავით.

გიორგი ბოჭორიძემ სამცხე-ჯავახეთი 1932-1933 წლებში შეისწავლა და ივლიტას ეკლესიაც მოინახულა

ვიკიციტატა
„სოფელ ივლიტეს ეკლესია ბანიანი შენობაა, დამყარებულია 6 ხის სვეტზე, ზემოთ არის 15X8,8 მ. იგი განახლებულია 1912 წელს. კედელს ბევრ ადგილას დატანებული აქვს ძველი ქვები. დასავლეთის მხარეს ბანის კიდურებზე გამწკრივებულია ვერძის თავები... 1646 წელს აშენებულია ღამეობით, ამ დროსაა აშენებული აღმოსავლეთი კედელი, 1782 წელს დასავლეთის და ჩრდილო კედლები განახლებულია. 1912 წელში სამხრეთი კედელი...“

ძეგლის აღწერა

რედაქტირება

ტაძარში ერთი შესასვლელია დასავლეთიდან, სწორკუთხა კარი კედელზე გაწეულია სამხრეთით. ტაძრის გადახურვა კვადრატული კვეთის (26X26 სმ) ბოძების სამ წყვილს ეყრდნობა, კონსტრუქციულად ეს ხალხური ხუროთმოძღვრებიდან აღებული საცხოვრისის ელემენტებია. კვადრაული კვეთის სვეტი, მოკლე ბუღაური, სვეტების წყვილად დაყენება დამახასიათებელია მესხური ხალხური ხუროთმოძღვრებისათვის. თუ მართლაც ტაძარი აიგო თურქობის დროს 1646 წელს, საქართველოსათვის მძიმე პერიოდში, მისი შენიღბვა საცხოვრისის არქიტექტურით სავსებით გამართლებულია და ტაძრის ისტორიას სხვა ასპექტიც ემატება. შეკეთების თარიღი 1782 წელი კარის არქიტრავზეა ამოკვეთილი. 1962 წლის ხანძრის შემდეგ ტაძარი კვლავ მეხსიერებაში შემორჩენილი ძველი სახით აღადგინეს.

უჩვეულოა ტაძრის ელემენტებიც: აღმოსავლეთით ტაძარი სწორი ყრუ კედლით მთავრდება, არ არის არც კონქი და არც აფსიდი, არც საკურთხევლის სარკმელი. დარბაზი ექვსი, საცხოვრებელი სახლისათვის დამახასიათებელი ორფრთიანი, საკმაოდ განიერი ფანჯრით ნათდება. მათგან თითი-თითო ფანჯარა დასავლეთის კედელში და ჩრდილოეთის კედლის აღმოსავლეთ ნაწილშია გაჭრილი. სამხრეთის კედელში ოთხი სიმეტრიულად განლაგებული ღიობია.

საკურთხევლის დარბაზის სივრციდან ნალესობით გამოყვანილი კანკელით გამოიყოფა. საკურთხევლის იატაკი აწეულია.

როგორც აღინიშნა, ტაძარი იერსახით ჩვეულებრივ სახლს წააგავს. 1930-იან წლებში ბანით ყოფილა გადახურული. ტაძართან მთავარი მისასვლელი დასავლეთიდანაა. ფასადებიდან მეტი ყურადღება დასავლეთის ფასადებისათვის მიუქცევიათ. ფასადის ზედა რეგისტრში ვერძის, ქვისგან გამოკვეთილი, რვა თავია გამწკრივებული. ამავე ფასადზე მშენებლობისას რამდენიმე ორნამენტული ქვა და საფლავის ქვებია ჩატანებული. ისინი შემთხვევით ადგილებზეა მოხვედრილი და რაიმე მხატვრული ეფექტის დატვირთვა არა აქვთ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გ. მარსაგიშვილი, „ივლიტას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია“, // „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია“, (რედ. ვალერი ასათიანი), თბ. 2013, გვ. 508-509
  • ბრაგანტინი გ., პაპუაშვილი ნ., „სიმართლისა და სამართლისათვის ივლიტის ეკლესიაზე“, თბილისი, 2006
  • თ. იველაშვილი, „სოფელ ივლიტის ღვთისმშობლის სახელობის ეკელსია, თბ., 2005
  • ბოჭორიძე გ., „მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში“, თბ., 1992, გვ. 45-55

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5303