ივანე შუბითიძე
ივანე გიორგის ძე შუბითიძე (დ. 23 ნოემბერი, 1906, სოფ. ყელეთი, ახლანდ. ხაშურის მუნიციპალიტეტი, — გ. 13 იანვარი, 1978, თბილისი) — ქართველი სამხედრო პირი, საბჭოთა არმიის პოლკოვნიკი.
წითელ არმიაში მსახურობდა 1928 წლიდან. დაამთავრა თბილისის სამხედრო სასწავლებლის საარტილერიო განყოფილება (1934). II მსოფლიო ომის დროს, 1941 წლის ივნისიდან ლეიტენანტი შუბითიძე მეთაურობდა 127-ე დივიზიის 457-ე მსროლელი პოლკის არტილერიას. დაიჭრა ბრძოლაში სმოლენსკთან და ტყვედ ჩავარდა, თუმცა გაქცევა მოახერხა და შეუერთდა პარტიზანულ მოძრაობას ბელორუსიის სსრ-ის ტერიტორიაზე. ჩამოაყალიბა და სათავეში ჩაუდგა ერთ-ერთ მსხვილ პარტიზანულ ჯგუფს, რაზმს, 1943 წლის აგვისტოდან კი მეთაურობდა პინსკის პარტიზანულ ბრიგადას, რომელიც 1944 წლის მარტში წითელ არმიას შეუერთდა. ომის შემდეგ მუშაობდა პინსკის, შემდეგ ვიტებსკის საოლქო აღმასრულებელი კომიტეტის კვების მრეწველობის სამმართველოს უფროსად. 1971 წლიდან ცხოვრობდა თბილისში. ავტორია მოგონებების პარტიზანული მოძრაობის შესახებ. დაჯილდოებული იყო წითელი დროშის და წითელი ვარსკვლავის (ორგზის) ორდენებით, მედლებით, პოლონური გრიუნვალდის ჯვრით. ჰქონდა ქ. პინსკის საპატიო მოქალაქის წოდება (1974).
ლიტერატურა
რედაქტირება- Шубитыдзе И. Г. Полесские были. Минск, 1969.
- Закавказье в партизанской войне 1941-1945 гг. / К.В. Цкитишвили. - Тбилиси : Изд-во и тип. ЦК КП Грузии, 1973. — с. 151.