ივანე პატარიძე (მოქანდაკე)

ივანე (ვანო) კონსტანტინეს ძე პატარიძე (დ. 1903, ქუთაისი, — გ. 1952, თბილისი) — ქართველი მოქანდაკე.

ვეფხვის ქანდაკება ვაკის პარკში (მოქანდაკე ი. პატარიძე)

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1928) და სამშენებლო ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი (1931). აკადემიაში ინტენსიურად მუშაობდა შიშველ ნატურაზე, ითვლებოდა იაკობ ნიკოლაძის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მოწაფედ. მძიმე ცხოვრებამ შემოქმედებითი პოტენციალის სრულყოფილი გამოვლენის საშუალება არ მისცა — 1937 წელს დასმენის საფუძველზე მრავალი წლით გადასახლებული იყო, რამაც ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად შეურყია.

პატარიძის ნამუშევრების უმეტესობამ ჩვენამდე ვერ მოაღწია; 1924 წლის ქართველ მხატვართა გამოფენაზე წარმოდგენილი მისი „მუშა“ და ვაჟა-ფშაველას სკულპტურული პორტრეტი ცნობილია იმავე წლის ჟურნალ „დროშაში“ (№№23-24) დაბეჭდილი ფოტორეპროდუქციებით. შემორჩენილია პატარიძის რამდენიმე ქვაში გამოკვეთილი და თბილისში დადგმული ანიმალისტური ქანდაკება: ფასკუნჯების წყვილი ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ალაყაფის კართან, ვეფხვების წყვილი თბილისის ზოოპარკის შესასვლელთან და იმავე კომპოზიციის სახეცვლილი ვარიანტი ვაკის პარკის მთავარი ხეივნის დასაწყისში.

ლიტერატურა

რედაქტირება