ივანე ვაშაყმაძე
ივანე ალექსის ძე ვაშაყმაძე (დ. 1901, ახალსაყდარი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, — გ. 29 ივნისი, 1937) — ქართველი ფილოსოფოსი, ბოლშევიკი რევოლუციონერი. 1930-31 წლებში იყო საქართველოს პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი.
ივანე ვაშაყმაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1901 ახალსაყდარი, ოზურგეთის მაზრა |
ეროვნება | ქართველი |
განათლება | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
საქმიანობა | საქართველოს პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი 1930-1931 |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ ახალსაყდარში. დაამთავრა ჯერ სოფლის ორკლასიანი, შემდეგ ოზურგეთის დაწყებითი სასწავლებელი და ჰუმანიტარული ტექნიკუმი. 1917 წლიდან იყო ბოლშევიკური პარტიის წევრი. 1919 წელს ხელმძღვანელ როლს ასრულებდა გურიის კომკავშირის ორგანიზაციის დაარსებაში.
საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ვაშაყმაძე პარტიულ-კომკავშირულ მუშაობას ეწეოდა: იყო დუშეთისა და ახალსენაკის კომკავშირის სამაზრო კომიტეტების მდივანი. 1923 წელს მოსკოვში გაგზავნეს სწავლის გასაგრძელებლად. 1926 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კომუნისტური აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურა. მუშაობდა იმავე ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად და ისტორიული მატერიალიზმის სექციის სწავლულ მდივნად. პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა მოსკოვის უმაღლეს სასწავლებლებში, კითხულობდა დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის კურსს.
1930 წელს ვაშაყმაძე დანიშნეს საქართველოს პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორად. ამ თანამდებობაზე ის 1931 წლის სექტემბრამდე იმყოფებოდა. სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისრის მოადგილედ, კიროვის სახელობის ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის დირექტორად; 1934 წელს აირჩიეს საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის პრეზიდიუმის წევრად. მისი რედაქტორობით ქართულ ენაზე დასტამბულია მარქსის, ენგელსისა და ლენინის შრომები; არაერთი გამოკვლევა აქვს გამოქვეყნებული დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის საკითხებზე. იყო ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1937 წელს დააპატიმრეს „ტროცკისტული კონტრრევოლუციური და ტერორისტული ორგანიზაციის“ წევრობის ბრალდებით და დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1957 წელს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 200.