იახსარი
იახსარი — აღმოსავლეთ საქართველოს მთიელების (ფშავ-ხევსურეთი) მითოლოგიაში ღვთაება ხვთისშვილთა (ღმერთის შვილთა) რიგიდან.
სხვა ხვთისშვილებისგან განსხვავებით, იახსარი ზეციურ მოციქულად ითვლებოდა, რომელიც სვეტის ან ჯვრის სახით წარმოსდგებოდა. იახსარს თაყვანს სცემდნენ, როგორც ბოროტ ძალებთან - დევებთან, ქაჯებთან, ეშმაკებთან და სხვ. მებრძოლ ღვთაებას, რომელიც იცავს როგორც მისი მფარველობის ქვეშ მყოფ ადგილს, ისე ყველა ადამიანს, ვინც შველას ითხოვს. ხალხური რწმენის მიხედვით, იახსარი განდევნის ბოროტ სულებს სულიერად დაავადებული ადამიანისგან და უბედური შემთხვევით (მეხის დაცემა, ზვავში მოყოლა და ა. შ.) გარდაცვლილთაგან. ამ ფუნქციების გამო და ასევე მოსახლეობის მიგრაციის შედეგად იახსარის კულტმა ფართო გავრცელება ჰპოვა აგრეთვე თუშეთში, მთიულეთში, გუდამაყარში, ერწო-თიანეთში და სხვა რაიონებში.
იახსარს უკავშირდება გამარჯვება დევებზე, რომლებიც ავიწროებდნენ ფშავ-ხევსურეთის მოსახლეობას, ბილწავდნენ მათ სალოცავებს, პატივს ჰყრიდნენ მათ ქალებს, კლავდნენ ბავშვებს. ამით შეწუხებულმა მთიელებმა თავიანთ ღვთაებებს მიმართეს და სთხოვეს დახმარება დევების განდევნაში. ღმერთის კართან სათათბიროდ შეკრებილმა ხვთისშვილებმა უზენაეს ღმერთს დევების დასჯა სთხოვეს. წინამძღოლის ასარჩევად ღმერთმა ხვთისშვილთა ძალა გამოსცადა. შეჯიბრში იახსარმა და კოპალამ გაიმარჯვეს, რომლებიც ჩაუდგნენ კიდევაც ლაშქრობას სათავეში. მათ გაანადგურეს დევების ჯარი, მოკლეს მათი გოლიათები მუზა და ბეღელა. ამის შემდეგ დევები უხილავნი გახდნენ და სამუდამოდ მიატოვეს მათი მიწები.
ლიტერატურა
რედაქტირება- კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თბილისი: ბაკმი, 2007. — გვ. 87-90, ISBN 978-99940-27-10-1.