იაკობ პაპიაშვილი (დ. 22 იანვარი, 1942, ქუთაისი) — ქართველი მწერალი, მკვლევარი და პუბლიცისტი.

იაკობ პაპიაშვილი
იაკობ პაპიაშვილი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით 1966 წელს.

1958-1966 წლებში თამაშობდა თბილისის „პოლიტექნიკის“ რაგბისტთა გუნდში; სხვადასხვა წლებში მუშაობდა ქ. ქუთაისის მე-4 სამშენებლო ტრესტის საწარმოო განყოფილების უფროსად; კომბინატ „საქნახშირის“ საპროექტო განყოფილების უფროსად; სსრკ მშენბანკის ქუთაისის განყოფილების უფროს ინჟინრად; დასავლეთ საქართველოში არის რაგბის პიონერი; 1967 წელს ტრესტის ბაზაზე შექმნა რაგბისტთა პირველი გუნდი — ქუთაისის „მშენებელი“, რომელიც რამდენიმეჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი.

1967-1969 წლებში იყო „იუჟსტალკონსტრუქციის“ სამმართველოს ჯერ ოსტატი, შემდეგ უბნის უფროსი. ამ პერიოდში დაამონტაჟა ქუთაისში პირველი მაღლივი, 16 სართულიანი შენობის კარკასი (ჩონჩხი) რკინა-ბეტონის ანაკრები კონსტრუქციებით, დღევანდელი პარლამენტის წინ.

1990-1996 წლებში ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციების კურსს „ქართულ-ებრაული ურთიერთობები“. 1972 წლიდან იყო გაზეთ „ქუთაისის“ და „სოფლის ცხოვრების“ შტატგარეშე კორესპონდენტი. ამავე წლიდან ეწეოდა პროფესიონალურ ლიტერატურულ და მეცნიერულ კვლევით მუშაობას. მისი მეცნიერული ნაშრომი „ჰურიათა ქართველთა“ კავკასიური წარმომავლობის შესახებ ახალ ფურცელს შლის ქართველთა და ახლო აღმოსავლეთის ხალხთა ისტორიოგრაფიაში. არის პირველი მკვლევარი, რომელმაც მეცნიერულ დონეზე დაასაბუთა ქართული ასომთავრული ანბანის წარმოშობა ძვ. წ. XIV საუკუნეში.[1]. 1989 წლიდან იაკობ პაპიაშვილის რომანები („ქართული ლეგენდა“ და „ხანისწყალთან“), მოთხრობები და ლექსები იბეჭდებოდა ისრაელის ქართულენოვან გაზეთში „ალია საქართველოდან“. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია ჟურნალ-გაზეთებში „განთიადი“, „ცისკარი“, „ლიტერატურული საქართველო“, „ნობათი“, „მწერლის გაზეთი“, „ქართული სიტყვა“. ცხოვრობს და მოღვაწეობს ისრაელში.

იაკობ პაპიაშვილი არის საქართველოს და ისრაელის მწერალთა კავშირის წევრი, ისრაელის[2] და ქართულ-ებრაული საზოგადოებების წევრი.

სხვადასხვა დროს მიღებული აქვს ჯილდოები და პრემიები. 2014 წელს მიენიჭა ივანე მაჩაბლის პრემია. რუსთაველის და გალაკტიონის შესახაბ შექმნილი გამოკვლევებისათვის, ებრაულ ენაზე რევაზ მიშველაძის ნოველების წიგნის „იერუსალიმი — თბილისი“ თარგმნისა და გამოცემისათვის, 2021 წელს მიენიჭა გალაკტიონ ტაბიძის პრემია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება