იოჰან (იაგო) ლევანის ძე ვარდოსანიძე (დ. 17 ივნისი, 1928, სოფ. ობჩა, ახლანდ. ბაღდათის მუნიციპალიტეტი, — გ. 1 იანვარი, 1996, თბილისი) — ქართველი ჟურნალისტი, მთარგმნელი. საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი (1983).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1951). 1952–1961 წლებში მუშაობდა გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქციაში ლიტერატურულ მუშაკად (1952–1954), ხოლო შემდეგ აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილების გამგედ (1954–1961). 1958 წლიდან იყო საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი. 1961–1965 წლებში იყო გამომცემლობა „ნაკადულის“ საშუალო და უფროსი ასაკის ბავშვთა ლიტერატურის რედაქციის გამგე, ხოლო შემდეგ — ამავე გამომცემლობის მთავარი რედაქტორი.

1968 წელს ვარდოსანიძემ მუშაობა დაიწყო ქართული ენციკლოპედიის მთავარ სამეცნიერო რედაქციაში: იყო უფროსი სამეცნიერო რედაქტორი, ლიტერატურული კონტროლის რედაქციის გამგე (1970–1975) და პასუხისმგებელი მდივანი (1975–1995). „ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის“ 12-ტომეულის მომზადებასა და გამოცემაში შეტანილი წვლილისათვის ვარდოსანიძეს 1988 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია (სხვებთან ერთად). ვარდოსანიძე ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. თარგმნა ბორის ლავრენიოვის, ვლადიმირ იანის, რეიმონდ ჩანდლერის და სხვათა ნაწარმოებები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვარდოსანიძე, იოჰან (იაგო) // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 173.