თხინვალის სასახლე

თხინვალის სასახლე —არქიტექტურული ძეგლი თბილისში სოფელ თხინვალაში, სოფლის დასავლეთით 2 კილომეტრზე, ლისის ტბის მიდამოებში, გაბაშვილთა ნასახლარზე. თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით. 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

გაბაშვილის სასახლე

კომპლექსში შედის სასახლე და წმინდა გიორგის ეკლესია, რომელსაც ჩრდილოეთით მიშენებული აქვს ეგვტერი და ღვთისმშობლის ეკლესია. ორსართულიანი სასახლიდან შემორჩენილია მხოლოდ პირველი სართულის ფრაგმენტები; ჩანგრეულია ეკლესიების სახურავები; სანახევროდ დანგრეულია ეგვტერი. კომპლექსის შენობები ნაგებია აგურით. წმინდა გიორგის ეკლესიის გრძივ და დასავლეთ კედლებზე გასამაგრებლად მოგვიანებით ნატეხი ქვის დამატებითი კედლებია მიშენებული.

სასახლე გეგმით სწორკუთხაა, შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარის ორივე მხარეს თითო მოზრდილი ნიშია. დასავლეთის კედელში უფრო მომცრო ნიშებია. პირველი სართულის შეისრული კამარა პილასტრებზე დაბჯენილ ორ შეისრულ თაღზე ყოფილა დამყარებული. აღმოსავლეთ კედელი გამაგრებულია მძლავრი კონტრფორსებით.

წმინდა გიორგის ეკლესია

რედაქტირება

წმინდა გიორგის ეკლესია დარბაზულია, ჰქონია ორი შესასვლელი — დასავლეთით და სამხრეთით. მოგვიანებით დასავლეთის კარი სწორკუთხა სარკმლად გადაუკეთებიათ. აღმოსავლეთით ღრმააფსიდიანი საკურთხეველია, რომლის ჩრდილოეთით სამკვეთლოა, ხოლო სამხრეთით — სადიაკვნე. ამ სათავსებს აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდები აქვს.

ეკლესიის სამხრეთ ფასადზე, კედელში ჩასმულ ქვაზე მზის საათია ამოკვეთილი, ხოლო აღმოსავლეთის ფასადის ზემო ნაწილში - გოლგოთის ჯვარი. ეკლესიას შემოვლებული აქვს ქვის ლავგარდანი.

ეკლესიას დასავლეთით და სამხრეთით კარიბჭეები ჰქონია მიშენებული. შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთ კარიბჭე, რომელიც სამი მხრივ გახსნილია შეისრული თაღებით. გარედან თაღები ჩასმულია სწორკუთხა ჩარჩოში და მორთულია აგურის შვეული და თარაზული წყობით.

ღვთისმშობლის ეკლესია

რედაქტირება

წმინდა გიორგის ეკლესიას ჩრდილოეთიდან მიშენებული აქვს ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია. ეკლესია შიგნიდან შელესილი ყოფილა.

ლიტერატურა

რედაქტირება