თუთუბო[1] (ლათ. Rhus coriaria) — მცენარე თუთუბოსებრთა ოჯახისა. 1–5 მეტრის სიმაღლის ხე ან ბუჩქია. ერთწლიანი ყლორტების ქერქი მონაცრისფრო ან მოყვითალოა, შებუსული. ფოთლები კენტფრთისებურია, 9–17-ფოთოლაკიანი, სიგრძეში – 15–20 სმ. ფოთოლაკები კვერცხისებური ან ლანცეტაა, კიდეებზე უთანაბროდ დაკბილული. ზედა მხარე მცირედაა შებუსული ან შიშველი, ქვედა – შებუსული. ფოთლის ყუნწი ფრთიანია. ყვავილები ერთსქესიანია, ყვავილედი საგველაა. ყვავის ივნის-ივლისში, მსხმოიარობს სექტემბერ-ოქტომბერში. გავრცელებულია კავკასიაში, სამხრეთ ევროპაში, მცირე და შუა აზიაში, ირანში. სპორადულად გვხვდება მთელ საქართველოში. იზრდება დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე — ქვიან და კლდოვან ფერდობებზე, ქსეროფილურ ბუჩქნარებსა და არიდულ ტყეებში.[2]

თუთუბო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  საპინდუსისნაირნი
ოჯახი:  თუთუბოსებრნი
გვარი:  თუთუბო
სახეობა:  თუთუბო
ლათინური სახელი
Rhus coriaria L., 1753
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 63485

თუთუბოს ფოთლებიდან მიიღება მთრიმლავი ექსტრაქტები და ტექნიკური და სამედიცინო ტანინი (შეიცავს 33%-მდე ტანინებს). თრიმლით ღებავენ მატყლსა და ხალიჩებს. ფოთლებით შავად იღებება, ღეროს ქერქით — ყვითლად, ფესვის ქერქით — ყავისფრად, ნაყოფებით — წითლად. ნაყოფი შეიცავს დიდი რაოდენობით ღვინის მჟავას (ამის გამო მჟავე გემო აქვს). მის ფხვნილსა და მოუმწიფებელი ნაყოფის მარინადს ცხარე საკაზმად იყენებენ ხორცისა და თევზის კერძებისათვის (მწვადი, ლულა-ქაბაბი და სხვა). გარდა ამისა, თუთუბო ეროზიის საწინააღმდეგო ნარგაობის მნიშვნელოვანი კომპონენტია, იყენებენ ხევებისა და ხრამების გასამაგრებლად. მედიცინაში თუთუბოს ფოთლებისაგან მიღებული ტანინი გამოიყენება დამწვრობის, წყლულების, ჩირქოვანი ჭრილობების, ქრონიკული ეგზემის სამკურნალოდ, აგრეთვე პირის ღრუში გამოსავლებად ანთებითი პროცესების დროს. დასალევად ხმარობენ სისხლდენის, ფაღარათიანობის, კოლიტის დროს. აგრეთვე – კუჭის ამოსარეცხად ალკალოიდებით და მძიმე მეტალების მარილებით მოწამვლისას.[3]

რაჭულად ეწოდება თუნთუბო, აჭარულად – თრიმლი, ინგილოურად – სუმახ.[1]

  1. 1.0 1.1 მაყაშვილი ა., თუთუბო // ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.
  2. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 36.
  3. ხიდაშელი, შ; პაპუნიძე, ვ (13 ოქტომბერი, 2020). „თუთუბო – სამკურნალო მცენარე“. აგროკავკასია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-02. ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)