თოხლიაურის მეორე ეკლესია
თოხლიაურის მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 3 კილომეტრის მოშორებით, ნასოფლარ შავქედის სიახლოვეს. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეების ძეგლებს.
ეკლესია დარბაზულია, 3,55 × 2,5 მეტრი, ძეგლს არ გააჩნია აფსიდა, საშენ მასალად გამოყენებულია რიყის მოზრდილი ქვები და კირის ხსნარი, საშენი წყობა ქაოსურია. ეკლესია დაზიანებულია, აღმოსავლეთ კედლის მხოლოდ ნახევრაღაა შემორჩენილი, სამხრეთ და დასავლეთ კედლები 1-1,4 მეტრის სიმაღლეზე დგას, ჩრდილოეთ კედელი მთლიან სიმაღლეზეა შემორჩენილი, კამარის მცირე ნაწილთან ერთად.
შესასვლელი სამხრეთიდან ყოფილა. ეკლესიის შიდა სივრცე ერთიანია, საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში მოწყობილია განიერი, დაბალი სარკმელი რომელიც თარაზულად, რიყის მოზრდილი ქვებითაა გადახურული. საკურთხეველი გადახურულია ოდნავ შისრული კამარით, რომელიც დარბაზის კამარის შემორჩენილ ნაწილთან ერთ სიბრტყეშია.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 108.