თოხლიაურის მეოთხე ეკლესია

თოხლიაურის მეოთხე ეკლესია (ასევე ცნობილი როგორც ღამურის საყდარი) — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურის ჩრდილოეთით, 3-3,5 კილომეტრის მოშორებით. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით, სავარაუდოდ აგებულია უფრო ძველი ეკლესიის ადგილზე, რომლის აღმოსავლეთ კედლის ნაწილი ახალი ეკლესიის აღმოსავლეთ კედელშია ჩასმული.

ეკლესია დარბაზულია, 5,7 მეტრი 4,3 მეტრზე. ნაგებია დაუდევრად, რიყის ქვითა და კირის ხსნარით. წყობაშე ასევე გამოყენებულია შირიმის ქვები.

შესასვლელი სამხრეთიდანაა. ეკლესიის დარბაზი მოკლე და დაბალია, სიგრძეში 2,9 მეტრი, სიგანე 3,3 მეტრი, სიმაღლე იატაკიდან კამარის წვერამდე 3,5 მეტრი. აღმოსავლეთიდან ეკლესიას ერთვის აფსიდა, რომელსაც გეგმით გაგანიერებული ნახევარწრის ფორმა აქვს. აფსიდში მოწყობილია დაბალი სარკმელი, რომელიც აფსიდის ღერძიდან ოდნავ ჩრდილოეთითაა. სარკმლის ორივე მხარეს მცირე ზომის თითო ნიშია. სარკმლის ქვემოთ კი ოთხწახნაგა ტრაპეზია. აფსიდი ტალანქად ნაწყობი კონქითაა გადახურული.

დარბაზის დასავლეთის ორივე კუთხე ოდნავ მომრგვალებულია. დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო-თითო ოთხკუთხა სარკმელია.

გარედან აღმოსავლეთ კედლის წყობაში შესამჩნევია ძველი ეკლესიის საპირე წყობის ქვედა რიგების მცირე ნაწილი, რომელიც შირიმის ქვებითაა გამოყვანილი.

ლიტერატურა

რედაქტირება