თინათინ ბოჭორიშვილი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

თინათინ ბოჭორიშვილი (დ. 1959, თბილისი) — ქართველი ფილოსოფოსი, მეცნიერი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.

1982-1985 წლებში გაიარა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის დასწრებული სწავლების ასპირანტურა და მოამზადა საკანდიდატო დისერტაცია, რომელიც დაიცვა 1988 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1997 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშივე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 35 წლის განმავლობაში ასწავლიდა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, დიპლომატიურ აკადემიაში, პოლიტოლოგიის, ფილოსოფიური ანთროპოლოგიის და რელიგიათმცოდნეობის დამოუკიდებელ ინსტიტუტში, საქართველოს უნივერსიტეტსა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

იგი სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტებში: პოლიტოლოგიის ინსტიტუტში და ფილოსოფიის ინსტიტუტში. გამოქვეყნებული აქვს სამი მონოგრაფია და 40-დე სამეცნიერო სტატია საქართველოსა და უცხოეთში. იყო საქართველოს განათლების სამინისტროს სსიპ ქართველოლოგიის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა რუსთაველის ფონდის დირექტორი. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და გენერალური დირექტორის მოადგილე. სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოებში კურსდამთავრებულთა კოორდინატორად. ამერიკის უნივერსიტეტის ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის შესწავლის ცენტრის საზაფხულო სკოლის და საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორად. მსოფლიო ბანკის პროექტის ექსპერტად. ამერიკის განათლების განვითარების აკადემიის აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ზოგადი განათლებისა და დეცენტრალიზაციის პროექტის ექსპერტად. მუშაობდა საერთაშორისო მკვლევართა ვუდრო ვილსონის ცენტრში (Woodrow Wilson Center for International Scholars) აშშ, ვაშინგტონში, როგორც მკვლევარი.

ერთსაათიანი პირდაპირი ეთერი ჰქონდა ამერიკის ტელევიზიით — საქართველოს გეოპოლიტიკა. იყო მიწვეული კათოლიკური უნივერსიტეტის პოლიტიკის კვლევის ცენტრში. ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ ფიცჯერალდ კენედი სახელმწიფო მართვის სკოლაში. ჯორჯ მეისონის, ჯონს ჰოპკინსის და ამერიკულ უნივერსიტეტებში. არაერთი გამოსვლა ჰქონდა ამერიკის ხმის ეთერით საქართველოს გეოპოლიტიკაზე, ნავთობსადენის პერსექტივებზე და ა.შ. რამდენჯერმე მიწვეული იყო და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ინტერვიუები ჰქონდა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტში, მშვიდობის ინსტიტუტში, მსოფლიო ბანკში. მონაწილეობა მიიღო ასზე მეტ საერთაშორისო კონფერენციის, სემინარისა და კონგრესის მუშაობაში, მათგან 32-ზე იყო მომხსენებელი.

დიდი ბრიტანეთის სამეფო აკადემიის მოწვევით ორი თვე საჯარო ლექციების კურსი წაიკითხა ლონდონსა და მანჩესტერის მეტროპოლიტენ უნივერსიტეტში და სტაჟირება გაიარა საერთაშორისო უსაფრთხოების ცენტრში. 1998 წელს მან დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის მშვიდობის კვლევის ასოციაცია“, რომლის პრეზიდენტი იყო ასოციაციის დახურვამდე. ორგანიზაციამ რამდენჯერმე გრანტი მოიპოვა საფრანგეთის/შვეიცარიის ორგანიზაციისაგან „შარლ ლეოპოლდ მეიერის ფონდი კაცობრიობის პროგრესისათვის.“ არის ამერიკული სამეცნიერო ჟურნალის „მსოფლიო მშვიდობის“ საერთაშორისო სარედაქციო საბჭოს წევრი, ხოლო 3 წლის მანძილზე იყო რედაქტორის მოადგილე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „ევრაზიული კვლევანი“. მიღებული აქვს ჯილდოები და გრანტები.

1997 წელს დაიცვა სადოქტორი დისერტაციის თემა — „სიცოცხლის საზრისი, როგორც ტრანსცენდენცია.“

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • საზრისის ძიებაში - თბილისი, ინტელექტი, 2015 გვ. 200 ISBN: 9789941440250
  • სოციალური კვლევის პროექტირება : სამეცნიერო დასკვნები თვისებრივ კვლევებში - თბილისი, საქ. უნ-ტის გამ-ბა, 2014 გვ. 390 - ISBN: 9789994050994
  • პიროვნება, ღირებულება, შემოქმედება - თბილისი, მეცნიერება, 1991. - გვ. 95

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი-ბათუმი, 2004 გვ. 38-39

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება