თიმსარიანი — XVIII საუკუნის ინდური წარმოშობის არაკების კრებული ბრძენი სინდბადისა და შვიდი ვეზირის შესახებ, ანუ „სინდბადი და ქალთა მზაკვრობა“ (იგივე „შვიდვეზირიანი“). ძეგლი ფაჰლაური და არაბული გზით შემოვიდა ახალ სპარსულ მწერლობაში. კლასიკურ ხანაში შეიქმნა რამდენიმე პოეტური და პროზაული ვერსია, მათ შორის — ზაჰირი სამარყანდელის (XII ს.) ლექსნარევი პროზით დაწერილი „სინდბად-ნამე“. არაკებს ჰყვებიან ვეზირები, რათა უდანაშაულო უფლისწული სიკვდილისგან იხსნან. ამ ე.წ. „დიდ სინდბადს“ (არსებობს შემოკლებული ვერსიაც) უკავშირდება ქართული „თიმსარიანი“ (არაბულ-სპარსული „თამსილ“ ნიშნავს არაკს). თხზულების მთარგმნელი არის თეიმურაზ II. თარგმანი საკმაოდ თავისუფალია, შემოკლებულია უმთავრესად გაჭიანურებული მრავალსიტყვაობა, ამოღებულია უამრავი ჩანართი ლექსი. დაცულია არაკების რაოდენობა (32) და თანმიმდევრობა. ზოგი განსხვავებული დეტალი საინტერესოა სპარსული ტექსტის შესასწავლად. „თიმსარიანი“ ოთხჯერ არის გამოცემული: 1903 წელს ექვთიმე თაყაიშვილის რედაქტორობით; 1935 წელს აკაკი გაწერელიამ გაიმეორა ეს გამოცემა; 1939 წელს გიორგი ჯაკობიას რედაქტორობით; 1965 წელს თ. გორელიშვილის რედაქტორობით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თეიმურაზ მეორე, თხზულებანი, 1939;
  • თ. გორელიშვილი, „სინდბად-ნამესა“ და „თიმსარიანის“ ურთიერთობისათვის, თსუ შრომები, 1962.