თვალთავის წმინდა გიორგის ეკლესია
თვალთავის წმინდა გიორგის ეკლესია, თვალწმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოში. მდებარეობს ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე თვალთხევის მარცხენა ნაპირზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია, დგას კლდოვან ფერდობზე, ხელოვნურ, მცირე ფართობის ბაქანზე და სამხრეთ ფასადით ფერდობისკენაა მიმართული. ერთადერთი შესასვლელი სწორედ სამხრეთიდან აქვს. შესასვლელში შესვლა მოსახერხებელია მრავალსაფეხურიანი კიბით. შენობა ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვის ირეგულარული წყობით. კუთხეებში შედარებით მოზრდილი ქვებია გამოყენებული.
ეკლესიის აფსიდი გადახურულია არაწესიერი ფორმის, დადაბლებული პროპორციების მქონე კონქით. კანკელი ახალია, მოწყობილია 2009 წელს.
2004 წელს ადგილობრივმა მოსახლეობამ თვითნებურად ჩაუტარა რესტავრაცია, რის შედეგადაც დაირღვა ძეგლის ავთენტურობა. მომდევნო, ასევე თვითნებური რესტავრაციისას (2011-2012 წწ.), ეკლესიის ფასადს მოაშორეს ნალესობა.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 55-57.