თელავის საცხოვრებელი სახლი (26 მაისის 8)
თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექურული ძეგლი თელავში, მდებარეობს 26 მაისის ქუჩაზე (№ 8). თარიღდება XIX საუკუნის პირველი ნახევრით.
შენობა ორსართულიანია. ნაგებია აგურით. პირველ სართულზე ერთი ოთახი და ღია, სამეურნეო სათავსია. შესასვლელი აღმოსავლეთითაა. ოთახში გაჭრილია ორი სარკმელი, მოწყობილია ერთი მოგრძო ნიშა. სართულს სამხრეთით და აღმოსავლეთით, ფასადის მთელ სიგრძეზე, ღია, სვეტებიანი გალერეა შემოუყვება. აგურის წყობით ამოყვანილი სვეტები მრგვალია, რომლებაც მარტივი, თაროსებრი კაპიტელები ასრულებს.
პირველი სართული მეორეს მთავარი ფასადის გალერეის ფარგლებში მოქცეული, რიკულებიანი კიბით უკავშირდება. კიბის საშუალებით ვხვდებით ხის ღია აივანზე, რომელიც მეორე სართულს სამივე მხრიდან შემოუყვება. აივნის მოაჯირი ხის დიაგონალურად გადამკვეთი ძვლებისგან შედგება. აივანი, აქაც, კიბის მოაჯირის მსგავსი რიკულებით უნდა ყოფილიყო შემკული (არ შემორჩენილა). მეორე სართულზეც ერთი ოთახია. შესასვლელი იქაც აღმოსავლეთითაა. ოთახის კედლებში გაჭრილია ხუთი სარკმელი (ერთი აღმოსავლეთით, ხოლო ორ-ორი სამხრეთით და დასავლეთით, რომელიც შიგნიდან გარეთ ვიწროვდება და საფასადო მხარეს, ფრონტისებური თავსართებით არის დასრულებული. ოთახის დასავლეთ კედელში, სარკმლებს შორის ბუხარია, ჩრდილოეთ კედელში კი — ორი ნიშა.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 106-107.