თელავის საცხოვრებელი სახლი (ზ. კიკვიძის 8)
თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ზაირა კიკვიძის ქუჩაზე (№ 8). აგებულია XIX საუკუნის მეორე ნახევარში. თავდაპირველი სახე ძირითადად შენარჩუნებული აქვს.
სახლი ორსართულიანია. ნაშენია აგურით. შენობის გეგმის სწორკუთხედი (12,3 X 9,1 მეტრი), რამდენადმე, მის წინ მდებარე ეზოს გასწვრივაა დაგრძელებული, ქუჩისკენ კი ვიწრო ფასადით გამოდის. ეზოს მხარეს, ორივე სართულის წინ, აივანია. პირველი სართულის აივანი მოგვიანებით წინიდან ამოუშენებიათ და ორი, დამხმარე სადგომი მოუწყვიათ, რომლებიც ერთმანეთისგან ტიხრით არის გამიჯნული. შესასვლელი ორივე სართულზე ეზოს მხრიდანაა. პირველი სართული მიწიდან დაახლოებით 1 მეტრზეა, რის გამოც კარის წინ მოწყობილია ხუთსაფეხურიანი, ვიწრო კიბე (გვიანდელია). გვიანდელია მეორე სართულზე ასასვლელი კიბეც. ორივე სართულზე, ერთმანეთთან თითო კარით დაკავშირებული, ორ-ორი ოთახია. თითოეულ ოთახს დამოუკიდებელი შესვლელი აივნიდან აქვს. პირველი სართულის ოთახები სხვადასხვა ფართობისაა, მეორე სართულის ოთახები კი თანაბარია. პირველი სართულის მცირე ოთახში სამი განჯინაა. მათ შორის ერთი — ოთახების გამმიჯნავ კედელშია, ხოლო ორი — მოპირდაპირე კედელში. ეს კედელი გარედან ყრუა. ერთი განჯინა მცირე ზომის ოთახის წინ არსებულ დამხმარე სადგომშიცაა. მცირე ოთახი ორი სარკმლითაა განათებული, მოზრდილი ოთახი კი — შვიდით. მათგან ორი სარკმელი აივანზე გამოდის.
მეორე სართულის ოთახები ერთმანეთისგან ტიხრით არის გამიჯნული. ქუჩის მხარეს მდებარე ოთახის თითოეულ კედელში ორ-ორი სარკმელია. მეორე ოთახი კი სამი სარკმლითაა განათებული. მათ შორის ორი — ეზოს მხარეს მდებარე კედელშია გაჭრილი, ერთი — მის მოპირდაპირე კედელში. სარკმლების გარდა, ამ ოთახში ორი განჯინიცაა. კარ-სარკმლები ბრტყელი თაღითაა დასრულებული. შენობის ფასადებიდან გაფორმებულია ქუჩისპირა ორივე ფასადი. დამუშავების ძირთადი საშუალებებია: ერთიანი, საფეხურით შეღრმავებული, სწორკუთხა არეები, რომლებიც დანაწევრებულია სადა საპირეში ჩასმული სარკმლებით. განივ ფასადზე ორი სარკმელი გამოდის, გრძივ ფასადზე კი — სამი. სარკმლებს შორის გამოყვანილია თითო, ცრუ სარკმელი. შენობის მეოთხე ფასადი ყრუა. განივი ფასადი დაგვირგვინებულია საფეხუროვანი ლავგარდნით შემოფარგლული, სამკუთხა ფრონტონით, რომლის არე აგურის ფიგურული წყობითაა დეკორირებული და ფასადს საზეიმო იერს ანიჭებს. ფრონტონში, სხვენის ვენტილაციისათვის, ორი მრგვალი ხვრელია. ფრონტონის ქვემოთ დაბალი, საფეხურით შეღრმავებული, ოთხკუთხა არეებით დანაწევრებული ზოლია. ამ უკანასკნელის ქვემოთ კი, იგივე სიმაღლის, საფეხურით შეღრმავებული არე, რომლის ცენტრში წრიული რგოლია გამოყვანილი. მეორე სართულს, ეზოს მხარეს, ხის სვეტებზე დაყრდნობილი, გადახურული აივანი გასდევს — ფიცრული მოაჯირით და აჟურული დეკორით შემკული თაღებით.
სახლი გადახურულია ღარისებრი კრამიტით.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 102-103.