თეკლას მონასტერი
თეკლას მონასტერი — იერუსალიმში, ქართველთა მონასტერი პალესტინაში. დგას იერულასიმში ქრისტეს საფლავის მახლობლად. აშენებულია XV საუკუნის შუა ხანებში იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვრის (ჯვრის მამის) ქრისტეფორე ზედგენიძისა და მისი ნათესავების მიერ. თეკლას მონასტერი იხსენიება იერუსალიმის № 161 ხელნაწერის მინაწერში. XVI საუკუნის II ნახევარსა და XVII საუკუნის დასაწყისს შორის ჯვრის მამას ქაიხოსრო ზედგენიძეს მონასტერში აუშენებია ზღუდე და სენაკი. იერუსალიმის პატრიარქის დოსითეოსის († 1707) ცნობით, XVII საუკუნის დასაწყისში ქართველებმა თეკლას მონასტერი იერუსალიმის პატრიარქს თეოფანეს († 1646) დაუთმეს, ხოლო მონასტრის მეორე ნახევარი (სამხრეთი) კოპტებისაგან უყიდია პატრიარქ პაისიოსს († 1660) და აღუდგენია ეკლესია, ეზო და ბაღი. 1965 წელს მიაკვლიეს მონასტრის შენობას, რომელზეც ასომთავრულით ამოკვეთილია სამშენებლო წარწერა.
ქ. მე, ზედგენისძემან, ჯუარის მამამან ქაიხოსრო, აღვაშენე ზღუდე ესე და სენაკი. წმიდაო და მხევალ ქალწულ მოწამეო თეკლა, მეოხ და მცველ ექმენ ქაიხოსროს და მისთა დედა-მამათა შეუნდვნეს ღმერთმან, ამინ!
ლიტერატურა
რედაქტირება- მიქაძე გ., „იერუსალიმის უცნობი ქართული საამშენებლო წარწერა“. «ქართული წყაროთმცოდნეობა», 1971, ტ. 3;
- მიქაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 643-644.